თელავის თეატრის მმართველი დუტა სხირტლაძე თეატრიდან დასის იმ წევრების გაშვებას აპირებს, რომლებიც დაუპირისპირდნენ.
როგორც "ინტეპრესნიუსს" სხირტლაძემ განუცხადა, ხვალ დასთან საგანგებო შეხვედრას გამართავს.
"პირდაპირ ვამბობ, რომ თეატრის მთავარ რეჟისორს გოგი ჩაკვეტაძეს და მსახიობ ნინო კურტანიძეს გავათავისუფლებ, თუ დასი მე დამიჭერს მხარს. დასმა თუ მე არ დამიჭირა მხარი, მაშინ ქუდს დავიხურავ და წამოვალ. მერე ნახავს ჩაკვეტაძე, როგორ განითარდება თეატრი", _ აღნიშნა სხირტლაძემ.
მისივე თქმით, თეატრის მთავარი რეჟისორი გოგი ჩაკვეტაძე ვერ შეეგუა იმას, რომ 10 თვის წინ მმართველად დაინიშნა.
"ხომ ამბობენ ჩემზე, რომ ჩვენი გამოზრდილიაო. გამოდის, რომ ცუდად გავუზრდივარ. ყველაზე მეტად ვისგანაც ველოდი მხარდაჭერას, ისინი არიან ჩემს წინააღმდეგ, არ ვიცი, რა უნდათ. იმაში მადანაშაულებენ, რომ შოუმენი ხარ და თეატრის მართვა არ იციო, მაგრამ მე მაქვს იდეა და ვიცი, რომ ეს იდეა ნორმალურ პირობებში ამ თეატრს წინ წასწევს", _ აღნიშნა სხირტლაძემ.
დასის ნაწილი დუტა სხირტლაძეს თანამდებობებზე საკუთარი ნათესავების დანიშვნაში, მოვალეობების შეუსრულებლობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს.