ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დღეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონები განთავსდება და ელექტრონულ ფორმატში ჩატარდება ვებ-გვერდზე www.eauction.ge.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და მომსახურების სააგენტოს უფროსმა გრიგოლ ბაიბურთმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ვაჟა ბოლქვაძემ.
ამიერიდან აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველებს სასურველი ნივთის შეძენა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ელექტრონულად, სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად შეუძლიათ. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მხოლოდ ელექტრონულ ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაცია.
ამ დრომდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მხოლოდ საჯარო აუქციონებს ატარებდა, მყიდველი იძულებული იყო, აუქციონის პროცესში მონაწილეობა ადგილობრივად მიეღო.
~ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა მომხმარებელს აუქციონში მონაწილეობის მიღებას გაუადვილებს. ელექტრონულ აუქციონში გაცილებით მეტი მომხმარებელი შეძლებს ჩართვას, რაც კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას და აუქციონის გამჭვირვალედ ჩატარებას ხელს შეუწყობს", - აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.