მთაწმინდის პარკში ხვალ ზღაპრის გმირის დევი "ბომბორას" იუბილეს ღონისძიებებით აღნიშნავენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამასთან დაკავშირებით, ბომბორა და ზღაპრის სხვა გმირები ვარდების მოედნიდან ღია ავტობუსით თბილისის ქუჩებში იმგზავრებენ (კოსტავას გამზირი, გამსახურდიას გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, თამარაშვილის გამზირი, ჭავაჭავაძის გამზირი, მელიქიშვილის გამზირი, რუსთაველის გამზირი, მთაწმინდის პარკი) და სტუმრებს დაბადების დღეზე მაწმინდის პარკში მიიწვევენ.
"ბომბორა და მისი მეგობრები დაბრუნდებიან მთაწმინდის პარკში და ქართული ქუჩის ეზოში სადღესასწაულო ტორტი გაიჭრება და ზღაპრის გმირები ტკბილეულობით პარკის სტუმრებს გაუმასპინძლდებიან. ბომბორა თავის სტუმრებთან ერთად მთაწმინდის პარკის ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც ბავშვებს "მულტი-პულტის სამყაროს" გმირები გაართობენ. მთაწმინდის პარკის ცენტრალურ მოედანზე კი ბომბორას დაბადების დღისთვის საბავშვო ანსამბლი "ბზიკების სტუდია" კონცერტს გამართავს. ღონისძიებების დასასრულს, ასევე პარკის ცენტრალურ მოედანზე საბავშვო ანსამბლ "1, 2, 3" კონცერტს გამართავს", _ აცხადებენ მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციაში.