დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული პარტიის" ორი წევრი, პარტიისა და ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი მძღოლები, ეროსი კიწმარიშვილის პირადი მძღოლი დააკავა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ხორგუანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები არიან პარტიის წევრის, გოჩა ლიჩელის მამა და ძმა, გაიოზ და ზურაბ ლიჩელები; თეიმურაზ ელყანიშვილი, ბესიკ ბერიტაშვილი, ლერი ბერიტაშვილი და გოჩა ჩიხლაძე. ამასთან, როგორც ხორგუანმა აღნინშა, დაკავების დროს გოჩა ლიჩელი სახლში არ იმყოფებოდა.
მისივე განცხადებით, დაკავებულებიდან ორი "ქართული პარტიის" წევრია, თეიმურაზ ელყანიშვილი პარტიის პოლიტიკური მდივნის, ეროსი კიწმარიშვილის პირადი მძღოლია და "ქართულ პარტიაში" ორი კვირაა, მუშაობს. პარტიის მძღოლია ბესიკ ბერიტაშვილიც, გოჩა ჩიხლაძე კი ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი მძღოლია.
სოფო ხორგუანმა აღნიშნა, რომ სპეცოპერაცია ჩატარდა გორის რაიონის სოფელ ტყვიავშიც, სადაც ასევე დაკავებულია ორი პირი - გიგა გიგუაშვილი და თამაზ ოდიაშვილი.
ხორგუანის თქმით, მათი დაკავების მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ "ქართული პარტიის" წევრები არიან ან ნაცნობობა აკავშირებთ ირაკლი ოქრუაშვილთან.
დღევანდელ პრესკონფერენციას ესწრებოდნენ დაკავებული თემურ ელყანიშვილის მამიდა ნორა ელყანიშვილი და ბესიკ ბერიტაშვილის მეუღლე თამარ ბერიტაშვილი, რომელთაც სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენეს.
ნორა ელყანაშვილის თქმით, სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა ის გარეთ გაიყვანეს, სახლის კარი ჩაუკეტეს. როდესაც ელყანაშვილმა სახლში დაბრუნება მოახერხა, სამარათალდამცველებმა ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები აჩვენეს.