"აქა მშვიდობა" - როგორ დააკავეს "ოქრუაშვილის ხალხი"... სოფო ხორგუანი - "აწამებენ, რომ ხელი მოაწერინონ და მერე აღიარებითი ჩვენებები მოვისმინოთ სახელისუფლებო არხებზე"
"8 ივლისს უნდა გაირკვეს სამოქალაქო მოძრაობის გეგმა..." - რა სამუშაო ჯგუფებს ქმნის "ექვსიანი"
"რეფერენდუმის უარმყოფელებს" გიორგი ცაგარეიშვილი 2005 წლის სტენოგრამით ებრძვის...
* * *
"აქა მშვიდობა" - როგორ დააკავეს "ოქრუაშვილის ხალხი"... სოფო ხორგუანი - "აწამებენ, რომ ხელი მოაწერინონ და მერე აღიარებითი ჩვენებები მოვისმინოთ სახელისუფლებო არხებზე"
"გუშინ შს სამინისტრომ ქართული პარტიის წევრები, ირაკლი ოქრუაშვილის ბიძა და პარტიის ლიდერების მძღოლები დააკავა. თუმცა მოგვიანებით ოქრუაშვილის დედის ძმა გაათავისუფლეს. ქართული პარტიის წევრ სოფო ხორგუანის განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული არიან ასევე პარტიის წევრები გოჩა ლიჩელი, ბესიკ ბერიტაშვილი და გოჩა ჩიხლაძე. დაკავებულების ადგილსამყოფელი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა - ისინი მოდულის შენობაში არიან. ქართული პარტიის წევრების დაკავება თბილისში მოხდა, ხოლო ირაკლი ოქრუაშვილის ნათესავებისა და მეგობრებისა - სოფელ ტყვიავში. შსს-ს ამ საკითხზე გუშინ არც ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია და არც "რეზონანსის" ზარებისთვის უპასუხია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოქრუაშვილის ხალხის" დაკავების კიდევ ერთი ტალღა / "ისეთი სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომ ტყვიავში სოფელს ეგონა რუსის ჯარი შევიდა მათთან".
"პარტიის პოლიტიკურ მდივან ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, ეს იმ პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა, რაც პარტიის მიმართ დიდი ხანია ხორციელდება. მისი თქმით, სპეცოპერაცია დაკავებული პირების მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ მოეწყო, ყველა დაკავებული ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები ჩადეს, რაც ოჯახის წევრებმა - ქალებმა და ბავშვებმა, საკუთარი თვალით ნახეს. დაკავებულებიდან ორი ქართული პარტიის წევრია, თეიმურაზ ელყანიშვილი კი კიწმარიშვილის პირადი მძღოლია და პარტიაში სულ რაღაც ორი კვირაა მუშაობს. პარტიის მძღოლია ბესიკ ბერიტაშვილიც, გოჩა ჩიხლაძე კი ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი მძღოლია. ქართულ პარტიაში გამართულ პრესკონფერენციას თემურ ელყანიშვილის მამიდა ნორა ელყანიშვილი და ბესიკ ბერიტაშვილის მეუღლე ესწრებოდნენ", - აღნიშნავს გამოცემა.
"ოთხ საათზე შემოცვივდნენ ფანჯრებიდან, კარებიდან. ბავშვებს ხმაურზე გაეღვიძათ, მაგრამ იმის საშუალებაც არ მოგვცეს, გარეთ გამომეყვანა. არ ვიცი, რა ბრალდება წაუყენეს ჩემს ქმარს. დაიწყეს ჩხრეკა და თავისივე დადებული იარაღი აღმოაჩინეს. თითქოს აბაზანაში იარაღი და რაღაც ასაფეთქებელი მოწყობილობა გვედო. სახლში შვილებთან ერთად ვცხოვრობ, რომელ იარაღზეა საუბარი? ჩემი მეუღლე, ხუთი შვილის მამა, წლებია უმუშევარია, ერთი თვეა გავიდა სამსახურში, ვიფიქრეთ, პურის ფული გვექნებოდა-მეთქი. ეს ყველაფერი მოხდა ბავშვების თვალწინ, არაფერს არ მორიდებიან. არ ვიცი, რა გვეშველება მე და ჩემს ხუთ შვილს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დაკავებული ბერიტაშვილის მეუღლე თამუნა ხაჭაპურიძე.
"პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველო-სომხეთის საზღვარზე ირაკლი ოქრუაშვილი ბიძა ზურაბ გიგუაშვილი დააკავეს, რომელიც სომხეთში გადასვლას საქმის გამო აპირებდა და უკან დაბრუნებას დღეისთვის გეგმავდა, რათა პარტიის შეხვედრაში მიეღო მონაწილეობა, თუმცა მოგვიანებით იგი გაათავისუფლეს სამხილის არარსებობის გამო. სოფო ხორგუანის თქმით, "ისეთი სპეცოპერაცია მოაწყვეს, რომ ტყვიავში სოფელს ეგონა, რუსის ჯარი შევიდა მათთან. იმ მეზობლებს, რომლებიც ხმაურზე გარეთ გამოვიდნენ, სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. იარაღის ჩადება მოხდა ყველგან. იარაღს დებენ ისეთ ადგილებზე, სადაც მთელი დროის განმავლობაში ქალები და ბავშვები მოძრაობენ. ამას აკეთებენ ოჯახის წევრებისა და ბავშვების თანდასწრებით. ასევე ხდებოდა ოჯახის წევრებსა და დაკავებულებზე ზეწოლა, რათა ჩხრეკის ოქმზე ხელი მოეწერათ". ხორგუანის განმარტებით, ყველა დაკავებულს ირაკლი ოქრუაშვილთან ნათესაობა ან ქართული პარტიის წევრობა აკავშირებს", - დასძენს გამოცემა.
"საკმარისია ირაკლი ოქრუაშვილის თანასოფლელი იყო, რომ გადმოვიდნენ და დაგიჭირონ. ეს ადამიანები არ მოქმედებენ როგორც სამართალდამცავები, ეს არის ბანდიტური დაჯგუფების მოქმედება. ეს არის პოლიტიკური რეპრესია. ხელისუფლების პანიკური შიში ოქრუაშვილის მიმართ ფსიქიატრებმა უნდა შეისწავლონ. დაკავებული ადამიანების პოვნა ძნელდება იმიტომ, რომ სადღაც ჰყავთ და აწამებენ იმისთვის, რათა ხელი მოაწერინონ და აღიარებითი ჩვენები მოვისმინოთ მერე სახელისუფლებო არხებზე", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოფო ხორგუანი.
"ღამით შეცვივდნენ ლიჩელების ოჯახში ტყვიავში. შინ იმყოფებოდა ოჯახის უფროსი, მისი შვილიშვილები, მეუღლე, რძალი და უფროსი ვაჟი. შევიდნენ, დაარბიეს და დაანგრიეს იქაურობა, გაანადგურეს რემონტი, რომელსაც ოჯახი გამოტანილი კრედიტით აკეთებდა, ფანჯრიდან გადაიტანეს იარაღები და დააწყვეს ოთახებში. თან სცემეს ამ ადამიანებს და მერე წაიყვანეს სახლიდან. ეს იყო კლასიკური ტერორი მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით. ეს არის რეჟიმის მცდელობა, რამე ფორმით გაანადგურონ ქართული პარტია და ირაკლი ოქრუაშვილი. აქ ახალი არაფერია. მათ ჩვენ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვთ და ახლა ისტერიკაში არიან, რომ წამებით მოიპოვონ ამ დაკავებული ადამიანებისგან აღიარებითი ჩვენებები. ვაპირებთ, ეს ადამიანები დავიცვათ და რაც შეიძლება მალე დავამთავროთ ეს რეჟიმი და ხალხის ტერორი ამ ქვეყანაში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეროსი კიწმარიშვილი.
"8 ივლისს უნდა გაირკვეს სამოქალაქო მოძრაობის გეგმა..." - რა სამუშაო ჯგუფებს ქმნის "ექვსიანი"
"ზვიად, მოდი, თორემ დაგვეშალა "ექვსიანი", - ასე დაიწყო "თბილისი-მარიოტში" პოლიტიკური ექვსიანისა და საზოგადოების შეხვედრა, რადგან ზვიად ძიძიგური ინტერვიუების მიცემით ისე გაერთო, ღონისძიება ნახევარი საათის დაგვიანებით ძლივს დაიწყო... სიახლე მხოლოდ ერთი გახლდათ და ისიც მხოლოდ თხოვნის იმ ფორმაში გამოიხატა, რომლითაც უკვე შემდგარმა ექვსეულმა სრულიად ერს მოგვმართა - უფრო მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში რომ გადავიდეთ, ხომ მართლა კარგი იქნებაო? არ ვიცი, რატომ ჰქონდათ ილუზია, რომ სამოქალაქო საზოგადოება ფეხზე წამოდგებოდა და მხარს ტაშის გრიალში დაუჭერდა. ფაქტია, ასე არ მომხდარა და არც კრიტიკა დაუშურებია ვინმეს, არც შენიშვნები, არც რეალობას აცდენილი ინიციატივები", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით "მოდი, თორემ დაგვეშალა "ექვსიანი!" / რით დაიმსახურა "ექვსიანმა" საზოგადოების კრიტიკა და რატომ არ სურს პროცესში ბურჯანაძისა და სახალხო კრების ჩართვა.
"ალასანიამ ორი მთავარი საკითხი გაახმიანა, რომლებზეც "ექვსიანი" მინიმუმ 8 ივლისამდე იმუშავებს, უფრო სწორად, სპეციალურად ამისთვის შემქნილ ჯგუფებს ამუშავებს. პირველი საკითხი მედიის თემა იყო, კერძოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მეტი საეთერო დროის დასათმობად. აქვე "რუსთავი 2"-სა და "იმედსაც" ნუ დავივიწყებთო, ჩართო ალასანიამ. მეორე მთავარი თემა კი ასევე სამუშაო ჯგუფს უკავშირდება, რომელიც უფლებათა დამცველებით დაკომპლექტდება და პროცესს გააკონტროლებს. როგორც გაირკვა, უსუფაშვილს მესამე სამუშაო ჯგუფს ჩააბარებენ, სადაც "ექვსიანისადმი" ნდობა და ერთგულება მსურველმა ხელმოწერით უნდა გამოხატოს და მერე აქტიურად ჩაერთოს სამოქმედო გეგმების მიღება-ჩაბარებასა და ხალხთან სწორად მიტანაში... ბევრჯერ გამეორებული თემების მიუხედავად, როგორებიც მედიაუთანაბრობა, ახალგაზრდების პასიურობა და ხელისუფლების დაუნდობლობაა, შეხვედრას მთავარ აქცენტად მაინც საარჩევნო ბლოკის საკითხი გასდევდა, თემას კი ყველაზე გულმხურვალედ ეროვნული საბჭოს ლიდერები შლიდნენ", - აღნიშნავს გამოცემა.
"ყველას აინტერესებს, რას იზამენ სხვა პოლიტიკური ფიგურები, მაგრამ კუკავა-ბესელია-გაჩეჩილაძის შემოერთებაზე საუბარი არ ღირს. ეს პოლიტიკაში უმადური საქმეა. როცა ფაქტის წინაშე დავდგებით, დაჯდება ექვსი პარტია, ამ საკითხს განიხილავს და შედეგსაც მოგახსენებთ. რაც შეეხება ბურჯანაძესა და სახალხო კრებას, არ მგონია, ისინი სამოქალაქო საზოგადოებაში მოისაზრებოდნენ. ჩვენთვის მისაღებია იმ ხალხსა და ძალასთან ურთიერთობა, რომლებიც ავანტიურის ნაცვლად, სწორი პოლიტიკური პროექტების მიმდევრები არიან და მხარს არჩევნებს უჭერენ. ჯერ ერთი, ბურჯანაძე არ მოვა. რომც მოვიდეს, პირადად ჩემი პოზიციაა - ის ძალა, რომელიც ჯოხებითა და შურდულებით აპირებდა ხელისუფლების დამხობას, სულაც არ არის საჭირო, რომ ამ პროცესში ჩაერთოს და აქაც ჯოხებისა და შურდულების თემის შემოტანა დაიწყოს. რაც შეეხება კრიტიკას, ეს კარგია, არც გვღლის და არც გვაღიზიანებს. ხოლო საარჩევნო ბლოკი ვიქნებით თუ სამშენებლო - როცა გადავწყვეტთ, ამას მერე განვაცხადებთ. ახლა ვმსჯელობთ ინტეგრაციის ფორმაზე და რა ტიპის ინტეგრაციაზე შევთანხმდებით, ამას 8 ივლისს განვაცხადებთ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ძიძიგური.
"ჯერ სამოქალაქო ბრძოლა გავაჩაღოთ, ის გზები დავსახოთ, რითაც შედეგის მიღწევას ვაპირებთ და მერე ვისაუბროთ ბლოკზე, თორემ კოალიცია რომ ვიქნებით, ამაზე საუბარიც აღარაა. 8 ივლისს უნდა გაირკვეს სამოქალაქო მოძრაობის გეგმა. საარჩევნო ბლოკი ვიქნებით თუ არა, ეს ჩვენი შიდა საქმეა. წინ ბევრი გეგმა გვაქვს, იქმნება სამუშაო ჯგუფები, შეიმუშავებენ წინადადებებს, ბრძოლის რა მეთოდები უნდა გამოვიყენოთ, როდის უნდა იყოს სახალხო აქტივობები, რეგიონში გასვლა, გაზეთის დაბეჭდვა და ა.შ. ფულს დავდებთ ექვსივე პარტია და თუ ჩვენი კოლეგა არასამთავრობოებიც შემოგვეხიდებიან, მაგას რა ჯობს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კობა დავითაშვილი და შეკითხვას - "გაჩეჩილაძეზე თქვენც არაფერი გსმენიათ? რამდენი დღეა პასუხს ვითხოვთ კითხვაზე - სად არის და რას აპირებს ლევან გაჩეჩილაძე", - პასუხობს:
"ჯერ ის არის გაუგებარი, როცა მის შემოერთებაზე საუბრობენ, ეს როგორ უნდა მოხდეს. გვაქვს წესდება, სადაც წერია, რომ ვინმეს დამატება კონსენსუსით ხდება, ისიც, თუ მას პარტია აქვს და რაც მთავარია, კვალიფიციური. აქტივობაში ჩართვა ყველას შეუძლია, როგორც სამოქალაქო პირს".
"რეფერენდუმის უარმყოფელებს" გიორგი ცაგარეიშვილი 2005 წლის სტენოგრამით ებრძვის...
"გუშინ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტში ბრიფინგი გამართა და უმრავლესობასა და ოპოზიციას შეახსენა, რომ ისინი, ვინც ახლა დეპუტატების რაოდენობის გაზრდაზე წარმატებით საუბრობენ, 2005 წელს სხვა რამეს ამბობდნენ და მხარს უჭერდნენ პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირებას. დეპუტატი იმ ადამიანებზეც საუბრობს, რომლებსაც დაავიწყდათ, რომ 2003 წლის 2 ნოემბერს საქართველოში რეფერენდუმი მოეწყო და სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგად გადაწყდა, რომ პარლამენტში 235-ის ნაცვლად 150 დეპუტატი ყოფილიყო", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ცაგარეიშვილმა ბოკერიასა და ჩიხრაძეს წარსული გაუხსენა / მაჭავარიანის სიტყვას ჩირის ფასი დაედო.
"მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტში, რომელიც ე.წ. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმდა, ერთ-ერთ პუნქტად დევს დეპუტატების რიცხოვნობის ზრდა რეფერენდუმის შედეგების გვერდის ავლით. ამას მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები რომ ამტკიცებდნენ, ბევრისთვის შეიძლება გასაგები იყოს... ბატონი მამუკა კაციტაძე უნისონში მიხეილ მაჭავარიანსა და პავლე კუბლაშვილთან ერთად გვიმტკიცებს, რომ 2003 წლის ნოემბერში არავითარი რეფერენდუმი არ გამართულა და 150 პარლამენტის წევრი, რომელიც დღეს სახეზეა, უკანონოდ გვყავს. სააკაშვილს არ უყვარს ჩაცუცქული ბიჭების ყურება, მაგრამ ეტყობა, ასე გადაწყდა", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა. მან ბრიფინგზე წარადგინა 2005 წლის თებერვალში პრეზიდენტ სააკაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ დეპუტატთა რაოდენობა უნდა შემცირდეს 235-დან 150-მდე და ცვლილების მომზადებისას გათვალისწინებული იქნა 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები", - აღნიშნავს გამოცემა.
"ცაგარეიშვილი მზად არის, ფოსტით გაუგზავნოს "მემარჯვენეებს" პრეზიდენტის ხელმოწერილი ეს ცვლილება. რაც შეეხება 2005 წლის 17 თებერვლის სტენოგრამას, ცაგარეიშვილმა წაიკითხა, რას ამბობდნენ მაშინ დეპუტატების რაოდენობის შემცირებაზე მაშინდელი ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები: ზურაბ ადეიშვილის გამოსვლა, რომელიც პროექტის წარმდგენი იყო და სადაც ის ამბობს, რომ რაოდენობასთან დაკავშირებით არავის არ აქვს წინააღმდეგობა იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილია რეფერენდუმის მიერ და "რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილება ვალდებული ვართ შევასრულოთ". ცაგარეიშვილმა ასევე წაიკითხა გიგი წერეთლისა და გიგა ბოკერიას სტენოგრაფიული გამოსვლა, სადაც ისინი რეფერენდუმზე საუბრობენ. ოპოზიციონერ დეპუტატს აინტერებს, როგორია დღეს გიგა ბოკერიას პოზიცია დეპუტატთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით", - დასძენს გამოცემა.
"2005 წლის სტენოგრაფიული ჩანაწერის მიხედვით გიგა ბოკერია ამბობდა: "თუ გადავხედავთ მთელი ევროპის ქვეყნებსა და პარლამენტების რაოდენობას, აღმოვაჩენთ, რომ საქართველო არის იმათ რიცხვში, თუ პირველი არ არის, სადაც ყველაზე მეტი დეპუტატია და რა თქმა უნდა, ეს ფუფუნებაა. ამ ფუფუნების საშუალება ჩვენ არ გვაქვს და ამაზე უფრო მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ შემცირებული რაოდენობით პარლამენტში თითოეული დეპუტატის პოლიტიკური ფასი იმატებს, რაც მთავარია, იმატებს მათი ანგარიშვალდებულება ამომრჩევლების წინაშე". "ახლა მე ვეკითხები ბოკერიას: მაშინ იმატებდა და ახლა მცირდება ფასი? მაშინ ამის ფუფუნება არ გვქონდა და ახლა ისე გავმდიდრდით ცნობილი ქამრების შემოჭერის შემდეგ, რომ 40 დეპუტატი სიგიჟემდე გვწადია პარლამენტში? ეს არის ჩვენი ფუფუნება, გარდა "ფანტანებისა", გაშმაგებული კრეტინული მშენებლობებია სხვადასხვა მიმართულებით, გარდა ტაშ-ფანდურისა?" - დასვა კითხვა ბრიფინგზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა", - წერს სტატიის ავტორი.
"ცაგარეიშვიმა ასევე წაიკითხა მიხეილ მაჭავარიანის გამოსვლა, რომელიც 150-კაციან პარლამენტზე საუბრობს. "მე მესმის, რომ ადამიანისა და პოლიტიკოსის სიტყვას საქართველოში ჩირის ფასი დაედო. დღეს ერთს ამბობ, ხვალ მეორეს, ზეგ მესამეს. საერთოდ, ბოდიში და ხალხის ნება ზოგიერთს ფეხზე ჰკიდია, მაგრამ ამ დონეზე?! ამ დონეზე შეიძლება ყველაფრის გაბათილება, რასაც რამდენიმე წლის წინ ამბობდით? - კითხულობს ცაგარეიშვილი. იგი რეფერენდუმზეც საუბრობს და კანონიდან შესაბამისი მუხლიც მოჰყავს, სადაც ნათქვამია, რომ რეფერენდუმით დადგენილი მხოლოდ რეფერენდუმით შეიძლება გაუქმდეს. "თქვენ გინდათ გადააბიჯოთ ამ კანონსაც, საქართველოს კონსტიტუციასაც, თეთრზე შავი უთხრათ ადამიანებს, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა და იკითხა, თუ ვინ გაასაჩივრა რეფერენდუმის გადაწყვეტილება და თავადვე უპასუხა - "არავის არ გაუსაჩივრებია!" - დასძენს სტატიის ავტორი.