საქართველოს მთავარი ტოქსიკოლოგი თემურ კობიძე მოსახლეობას გველისგან დაგესვლის შემთხვევაში სპეციალურ წესების გაცნობას სთავაზობს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ქვეყნის მთავარმა ტოქსიკოლოგმა თემურ კობიძემ განუცხადა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად შხამიანი გველების ნაკბენით საშუალოდ 500000 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია ხდება. მათ შორის, ყოველ წელს 50 000 ადამიანი იღუპება.
დსთ-ს ტერიტორიაზე შხამიანი გველების 58 სახეობაა. ამათგან 10 სახეობა ადამიანისათვის საშიშია.
საქართველოში გავრცელებულია 4 ოჯახის 10 გვარის 20 სახეობის გველი-ველის გველგესლა (Vipera urrsini), ცხვირრქოსანი გველგესლა(Vipera Ammodytes), კავკასიური გველგესლა (Vipera Kaznakovi) და გიურზა.
გველის ნაკბენის დიაგნოზით, საქართველოს სტაციონარებში ყოველწლიურად საშუალოდ 30-40 ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია ხდება.
გველის დაკბენა ყველაზე ხშირია 20-59 წლის ასაკში (57%) და ბავშვებში (30%).
თემურ კობიძის თქმით, გველები ადამიანს თავს არ ესხმიან - ისინი იკბინებიან თავდაცვის მიზნით.
დაგესვლის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ადამიანმა ჩაიცვას მაღალი ჩექმა ან მაღალყელიანი ფეხსაცმელი და დამცავი შარვალი. თან იქონიოს გრძელი ჯოხი. ადამიანმა თავი უნდა მოარიდოს თივის ზვინებთან, მინდორში, ტყეში და ქვიან ადგილებში ყოფნას.
თემურ კობიძის თქმით, კბენის დროს შხამი გამოდის ჯირკვლების სადინრებიდან ან კბილების არხებიდან. კბილები 1-1.5 სანტიმეტრის სიგრძისაა. შხამიანი კბილები მოძრავია. გველის დახურულ პირში კბილები ჰორიზონტალურადაა განლაგებული. პირის გაღებისა და/ან კბენის დროს კბილები ვერტიკალურ მდგომარეობაში გადადიან
სიმპტომები კბენის ადგილას: მომენტალური ძლიერი ტკივილი. კიდურის ჰემორაგიული შეშუპება, რომელიც რამდენიმე წუთში მთელ სხეულზეც გადადის. კიდურისა და სხეულის კანი მოლურჯო ან რუხი ფერის ჩირქგროვა ან ჩირქიანი მუწუკი (რომელიც შემდეგ დაწყლულდება და ძალიან ძნელად ხორცდება).
თუ კბენით დაზიანდა ვენის ან ვარიკოზული გაგანიერების ადგილი (შხამი დიდი რაოდენობით მოხვდა პირდაპირ სისხლში) ზოგადი მოვლენები ისე სწრაფად ვრცელდება, რომ ადამიანი ადგილობრივი მოვლენების განვითარებამდე კვდება.
გველით დაკბენის სიმპტომებია: ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულის წასვლა. ზოგჯერ ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნების სიმპტომები.: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ცხელება, შემდეგ კი შემცივნება, ცივი ოფლი, ტაქიკარდია, ქოშინი, ციანოზი, პირის სიმშრალე და სიმწარის შეგრძნება, იშვიათად - ქუთუთოების ფტოზი, მხედველობის შესუსტება ან სიბრმავე, სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, თვალების "ჭრა". კოლაპტოიდური მდგომარეობა, სუნთქვის დათრგუნვა, გულის უკმარისობა მძიმე შემთხვევებში-სიკვდილი.
გართულების შემთხვევაში ადამიანს უვიტარდება სეფსისი, რბილი ქსოვილების ნეკროზი ან კიდურის განგრენა.
გველისგან დაკბენის შერმთხვევაში ადამიანმა არ უნდა გაკეთოს: კანის გრძელი "ლამპასისებური" განაკვეთები, ჯვარედინი განაკვეთი, ცირკულარული განაკვეთი, არ ამოწოვოს შხამი ჭრილობიდან პირით, არ დაიდოს ლახტი, არ დალიოს ალკოჰოლიანი სასმელები, კბენის ადგილი არ ამოიშანთოს. არ შეიყვანოს ნაკბენის ირგვლივ კალიუმის პერმანგანატის ხსნარი.
თემურ კობიძის თქმით, დაგესვლის შემტხვევაში პაციენტი უნდა დაწვეს ჰორიზონტალურად.
”ნაკბენის ადგილზე ხელით აიღეთ კანი ფართოდ, ნაოჭებით და ხელის მოძრობით "გამოწველეთ" კანი. ჭრილობა "პირს დააღებს" და დაიწყებს გამოსვლას სისხლნარევი სითხე - ლიმფა დაამუშავეთ კბენის ადგილი სპირტით ან იოდით. დაიწყეთ კიდურის იმობილიზაცია: დააფიქსირეთ ნაკბენი კიდური არტაშანის მსგავსი სახელდახელო საშუალებით (ხის ტოტი, ღობის ფიცარი და სხვ) ორი სახსარის დონეზე. ავადმყოფი სასწრაფოდ მიიყვანეთ უახლოეს საავადმყოფოში”, - აღნიშნა თემურ კობიძემ.
მისივე თქმით, დაკბენილმა ადამიანმა უნდა მიიღოს ბევრი სითხე, გაუკეთდეს შრატის ინექცია.
შრატი კეთდება მხოლოდ შხამის სისტემური მოქმედების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში.