საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ი. ჭავჭავაძის გამზ. #80-ში (ყოფილი სასტუმრო "ვაკე") მდებარე შენობიდან დევნილთა გამოსახლება უკანონოდ მიმდინარეობს.
როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, 2011 წლის 12 ივლისს, ს/ს ,,პარკ პლეისი~-ს დირექტორის განცხადების საფუძველზე პოლიციამ დაიწყო აღნიშნული შენობიდან დევნილების გამოსახლება. საიას განმარტებით, საყურადღებოა, რომ აღნიშნულ შენობას აქვს კომპაქტური განსახლების ობიექტის სტატუსი, სადაც 1991 წლიდან ცხოვრობენ მასში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის #747-ე ბრძანების შესაბამისად, დევნილის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (რომელიც მართლზომიერ მფლობელობას ადასტურებს), პოლიცია ვალდებულია, შეწყვიტოს კომპაქტური განსახლების ობიექტიდან დევნილთა გამოსახლების პროცედურები. საია-ს დახმარებით, დევნილებმა მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა წარდგენილ განცხადებას.
"იურისტების" ცნობით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ პარალელურად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნულ ობიექტში ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით შენობის გამოთავისუფლების/დევნილთა სხვა საცხოვრებელში გადაყვანის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (სოპ)~ შესაბამისად განახორციელა ინდივიდუალური შეტყობინებების დარიგება, რომლის თანახმად გამოსახლება, სავარაუდოდ, 25 ივლისს განხორციელდება.
იმ პირობებში, როდესაც ს/ს ,,პარკ პლეისთან~ დევნილებს წერილობითი შეთანხმება ამ დრომდე არ აქვთ დადებული, ხოლო არსებული დავა სასამართლო განხილვის საგანი არ გამხდარა, საია თვლის, რომ პოლიცია არ არის უფლებამოსილი განახორციელოს დევნილთა გამოსახლება.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ მსგავს შემთხვევაში ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ~ საქართველოს კანონი საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე კომპაქტური განსახლების ობიექტიდან კატეგორიულად კრძალავს დევნილთა გამოსახლებას. ამასთან, კანონის თანახმად, საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავა სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს.
ამიტომ, საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და შეწყვიტოს ჭავჭავაძის გამზ. #80-ში მდებარე კომპაქტური განსახლების ობიექტიდან დევნილთა გამოსახლების პროცედურები. საია ასევე მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს დაიცვას დევნილთა ინტერესები და არ გასცეს თანხმობა მათი გამოსახლების მიზანშეწონილობის თაობაზე იმ დრომდე, სანამ არ იქნება მიღწეული ნებაყოფლობითი შეთანხმება ს.ს ,,პარკ პლეისსა~ და დევნილებს შორის.