თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება "ტფილისის ჰამქარის" წარმომადგენელებმა ყოფილი "იმელის" შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
თეთრ მაისურებში გამოწყობილმა ~ჰამქრელებმა~ რუსთაველის გამზირზე ~იმელის~ შესაძლო დემონტაჟი საყვირებით გააპროტესტეს. ~ტფილისის ჰამქრის~ უსტაბაშის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, არაბულ კომპანია ~დაბი-ჯგუფს~ შენობის რეკონსტრუქცია უნდა მოეხდინა და იქ სასტუმრო ~კემპინსკი~ განთავსებულიყო, თუმცა, ელისაშვილის ინფორმაციით, ~დაბის~ წარმოამდგენლებმა შენობის დემონტაჟზე ტენდერი გამოაცხადეს.
~ჩვენ გვაინტერესებს, არის თუ არა ეს ტენდერი და შესაძლო დემონტაჟი ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს შენობა საბჭოურ ეპოქაშია აშენებული, ის უნიკალურ ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს და მსგავსი არქიტექტურული შენობა იშვიათობაა. კატეგორიულად მოვითხოვთ, შენობას დაუბრუნდეს პირვანდელი სახე~,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული შენობის ავტორი მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორი ალექსეი შუსევი იყო, რომელსაც თავის დროზე დაპროექტებული და აშენებული აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ეკლესიები, სხვადასხვა დანიშნულების შენობები და მათ შორის თბილისში მდებარე ~იმელის~ შენობა. შუსევს ეკუთვნის წითელ მოედანზე მდებარე ლენინის მავზოლეუმის არქიტექტურაც.
ელისაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შუსევს რუსეთის ბელადისთვის მავზოლეუმი აქვს დაპროექტებული, ის მსოფლიო დონის არქიტექტორი იყო და XIX-XX საუკუნეებში მის მიერ მომზადებული პროექტები თანამედროვე მოთხოვნებს ყოველთვის პასუხობდა და დროსაც უძლებს.