გორის საჯარო ბიბლიოთეკას დღეს ლიტვის ქალაქ შილუტეს ბიბლიოთეკის დელეგაცია სტუმრობდა.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ გორის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სტუმრებს გორელ ბიბლიოთეკარებთან ერთად ქალაქის საზოგადო მოღვაწეები შეხვდნენ. ლიტველმა და ქართველმა კოლეგებმა ერთმანეთს საბიბლიოთეკო სფეროში მუშაობის გამოცდილება გაუზიარეს.
"გორისა და შილუტეს ბიბლიოთეკებს 1974 წლიდან აკავშირებთ მეგობრული ურთიერთობა. წლების განმავლობაში ორივე ქალაქის ბიბლიოთეკარებს შორის აქტიურად იმართებოდა პროფესიული, კულტურული და გაცვლითი კონფერენციები. მას შემდეგ, რაც საქართველომ და ლიტვამ დამოუკიდებლობა მიიღეს, გორელი და შილუტელი კოლეგები ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, ძველი მეგობრული კავშირების განახლება წარმოადგენს",-განაცხადეს ლიტველმა ბიბლიოთეკარებმა.
შეხვედრაზე მოეწყო აღნიშნული ისტორიული მეგობრობის ამსახველი მასალების პრეზენტაციაც. გარდა ამისა, ქართველმა და ლიტველმა ბიბლიოთეკარებმა სამომავლო ურთიერთობის გეგმების შესახებაც ისაუბრეს.
შეხვედრა ხაშურის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინიციატივითა და საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.