მწერალ გოდერძი ჩოხელის მეუღლე, ნინო მელაშვილი-ჩოხელი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ფონდ "ქართუს" მიერ გოდერძი ჩოხელის ოჯახისთვის გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ნინო მელაშვილმა განუცხადა, ბიძინა ივანიშვილი გოდერძი ჩოხელის ოჯახს 2003 წლიდან ეხმარება.
"მედიაში ითქვა, რომ გოდერძი ჩოხელს არ ეხმარებოდა ბიძინა ივანიშვილი და მისი ფონდი. მინდა გავაკეთო განმარტება, რომ 2003 წლიდან, მას შემდეგ, რაც გოდერძიმ თვითმკვლელობა სცადა, გვეხმარება ბიძინა ივანიშვილის ფონდი "ქართუ", - განაცხადა ნინო მელაშვილი-ჩოხელმა.
მისივე თქმით, ფონდი დღემდე დახმარებას უწევს მას, როგორც გოდერძი ჩოხელის ქვრივს.
"2007 წლიდან, რაც გარდაიცვალა ჩემი მეუღლე, ვიღებ დახმარებას ფონდიდან, როგორც გოდერძი ჩოხელის ქვრივი. ეს არის ის თანხა, რითაც ახლა ცხოვრობს ჩვენი ოჯახი. რადგან სხვა შემოსავალი არ გაგვაჩნია. მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს და ფონდ "ქართუს" ამ სიკეთისთვის. სულ საუბარია, რომ ეს ფონდი ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს და იყო რეაქცია იმაზე, თუ რატომ იყვნენ სიაში შეყვანილი შეძლებული ადამიანები. ეს არ არის გაჭირვებული ადამიანების დახმარება. ეს ფონდი იმ ადამიანებს ეხმარება, ვისაც საქართველოს წინაშე დამსახურება აქვს", - აცხადებს ნინო მელაშვილი-ჩოხელი.
მისივე თქმით, როდესაც ბიძინა ივანიშვილი 50 წლის გახდა, 2006 წელს, გამოიცა ბროშურა "უზენაესი სიქველე", სადაც ცნობილი ადამიანები და მათ შორის გოდერძი ჩოხელიც მას იუბილეს ულოცავდა.
"ამ ბროშურაში არის გოდერძი ჩოხელის შემდეგი სიტყვები: ბატონი ბიძინა უწინარესად უფალს უკეთებს სიკეთეს, მერე - ერს და მერე ათას ჩვენთაგანს. მე ძმა არა მყავს და ძმაზე მეტად მაშინ დამიდგა გვერდით, როცა ყველაზე მეტად გამიჭირდა სულიერად, მატერიალურად, ფიზიკურად. დღეს თუ კიდევ ცოცხალი ვარ, უპირველესად, ღვთის შეწევნით და ბატონი ბიძინას თანადგომით. ამიტომ, ვლოცულობ მისთვის, ვლოცულობ მისი ოჯახისთვის, ვლოცულობ მისი დედისთვის, დედისთვის, რომელიც, ბატონი ბიძინას დედმამიშვილების გარდა, ათასობით ქართველის დედა გახდა, მათ შორის - ჩემიც", - ასეთია გოდერძის სიტყვები, ადამიანის, რომელსაც საკუთარ გაჭირვებაზე ბევრი საუბარი არ უყვარდა", - აღნიშნავს ნინო მელაშვილი-ჩოხელი.