საქართველო დღეიდან; თავიდან იხსნის დსთ-ში წევრობასთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტს ნოტით აცნობა საქართველოს ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ.
როგორც საგარეო პოლიტიკური უწყება აცხადებს, ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ, საქართველო თავიდან იხსნის დსთ-ში წევრობასთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებას. საქართველოს დსთ-დან გამოსვლის მიუხედავად, სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის 1969 წლის კონვენციის თანახმად, საქართველოსათვის ძალაში რჩება დსთ-ს ფარგლებში დადებული ყველა საერთაშორისო მრავალმხრივი ხელშეკრულება და დსთ-ს შესაბამის ორგანოთა მიერ მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომელთა სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა საქართველომ გამოხატა.
14 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილებები, რომელთა თანახმად საქართველოს მიმართ შეწყვიტა მოქმედება "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ” 1991 წლის 8 დეკემბრის შეთანხმებამ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს 1993 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით დამტკიცებულმა "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წესდებამ” და "ეკონომიკური კავშირის შექმნის შესახებ” 1993 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულებამ.