სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ წარმოების დაწყების შეტყობინებით არაფერი შეიცვლებოდა. როგორც დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი გაბრიელაშვილმა განაცხადა, მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების შესახებ როგორც წესი მოქალაქეებს არ ატყობინებენ. მისი თქმით, ათასობით ადამიანს უწყვეტენ მოქალაქეობას და ბოლო 2-3 წლის განმავლობაში არ ახსენდება პრეცედენტი, როდესაც პირისთვის შეეტყობინებინათ.
ივანიშვილისა და ხვედელიძის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ შეტყობინებას კანონი ითვალისწინებს. შესაბამისად, მათ მიაჩნიათ, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ პროცედურები დაარღვია, რის გამოც კანონდარღვევით ჩატარებული წარმოება დაუშვებლად უნდა გამოცხადდეს.
ამასთან, მოსარჩელეთა წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ შეტყობინებით სურათი ნამდვილად შეიცვლებოდა. კერძოდ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ივანიშვილი და ხვედელიძე საქმის კურსში რომ ჩაეყენებინათ და პოზიცია ეკითხათ, რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს განაცხადებდნენ.
სასამართლო პროცესი 22 დეკემბერს განახლდება. ივანიშვილი და ხვედელიძე პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებულების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც მათ საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ.
საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლე შოთა გეწაძე იხილავს.