კულტურის ცენტრ "მუზაში" ხვალ გივი სიხარულიძის საიუბილეო-შემოქმედებითი საღამო გაიმართება .
შემოქმედებით საღამოზე მწერალი რამდენიმე ახალი წიგნის, "არაბულა", "ის+მე", "იამური-წვიმის წვეთი" პრეზენტაციასაც მოაწყობს.
წიგნში "არაბულა" შესულია გივი სიხარულიძის მოთხრობები და ლექსები. წიგნი "ის+მე" და რომანი "იამური" მწერალმა ორ ენაზე გამოსცა და მკითხველს ნაწარმოების გაცნობა როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენებზე შეეძლება.
გივი სიხარულიძე თოთხმეტი წიგნის ავტორია. მიღებული აქვს სხვადასხვა სახის ჯილდოები და საერთაშორისო პრემიები. არის ნიკო ლორთქიფანიძის პრემიის ლაურეატი. იყო რუსეთის მწერალთა კავშირის სარევიზიო კომისიისა და საქართველოს მწერალთა კავშირის უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების გამგე და მწერალთა კავშირის წევრი.
გივი სიხარულიძე არაერთი კინოფესტივალის პრიზიორი და გრან-პრის მფლობელია. ფილმებმა "ქუჩის დედოფალი" და "გათოშილი ბეღურები", რომლის სცენარისტი და კინორეჟისორი თავად გახლავთ, ბათუმის მესამე და მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზები დაიმსახურა.
გივი სიხარულიძე არის საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი. 2006 წელს დასახელდა წლის საუკეთესო ქართველ მსახიობ მამაკაცად.
ცნობილ საზოგადო მოღვაწეს 28 თებერვალს 68 წელი უსრულდება.