სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, სახალხო დამცველის ანგარიში მისთვის საინტერესო და ყურადსაღებია. როგორც ხათუნა კალმახელიძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, ის გულდასმით გაეცნო ანგარიშს და დიალოგის რეჟიმში იმყოფება სახალხო დამცველთან.
"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სახალხო დამცველის ანგარიში ჩვენი სამინისტროსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რადგან ბოლო წლების განმავლობაში რეფორმები მიმდინარეობს და ამ რეფორმების სწორად წარმართვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინება", - აცხადებს კალმახელიძე.
მისივე თქმით, სახალხო დამცველმა თავად აღნიშნა, რომ არაერთი რეკომენდაცია იყო გათვალისწინებული და გიორგი ტუღუში საკმაოდ დადებითად აფასებს გარკვეულ რეფორმებს.
ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, რეფორმები უნდა გაგრძელდეს და მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე.