"ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობისთვის რეგისტრაცია 1109-მა დელეგატმა გაიარა. პარტიის ყრილობა საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.
კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ყრილობაზე მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად მივიდა. ყრილობას ესწრება ასევე ბიძინა ივანიშვილის შვილი, უტა ივანიშვილი.
ყრილობას ესწრებიან კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიის ლიდერებიც - ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ზვიად ძიძიგური, გოგი თოფაძე, რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ყრილობა მეცნიერმა ივანე კიღურაძემ გახსნა. როგორც კიღურაძემ აღნიშნა, პარტიის დასაფუძნებლად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის უხუცესი წევრია და ამიტომ, ყრილობის გახსნა მას ხვდა წილად.
ყრილობაზე სიტყვით პირველი გამომსვლელი მოჭადრაკე ზურაბ აზმაიფარაშვილი იყო. როგორც აზმაიფარაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო ურთულესი გადაწყვეტილება, მოსულიყო ქართულ პოლიტიკაში და შებმოდა სიცრუის მანქანას.
"ეს ხელისუფლება შავზე გვიმტკიცებს, რომ თეთრია, დამარცხებას გამარჯვებად გვაჩვენებს და სულ არ აინტერესებს მოსახლეობის აზრი. ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუცია ერთი კაცის ახირების მიხედვით იცვლება. ეს ხელისუფლება მოქმედებს ლოზუნგით: ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია. "ქართული ოცნება" ცდილობს, არჩევნების გზით შეცვალოს ქვეყნის მომავალი და ახალ პოლიტიკურ ძალას ქართველი მოსახლეობა იმედის თვალით შეჰყურებს", - განაცხადა ზურაბ აზმაიფარაშვილმა.