მიხეილ სააკაშვილმა დონალდ ტრამპი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში, მიხეილ სააკაშვილისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ორდენით ი უცხოელებს იშვიათად აჯილდოვებს. მისი თქმით, ტრამპისთვის ბრწყინვალების ორდენის გადაცემა დიდი პატივია, რადგან იგი არასდროს უშინდებოდა დაბრკოლებებს და რისკზე მიდიოდა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე დასძინა, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში ბევრი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოდის, თუმცა დღეს სტუმრად მყოფი პიროვნება მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

"დონალდ ტრამპის ჩამოსვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ანალიტიკური ცენტრის ან პოლიტოლოგის გამოკვლევა, რომ საქართველო ადგას წარმატების გზას. 80-მილიონიანი თურქეთი გარდა, კონტინენტურ ევროპაში საქართველო ერთერთია, სადაც ტრამპი თავის პარტნიორებთან ერთად ავითარებს თავის კომერციულ, საცხოვრებელ და სასტუმრო ცენტრს. ტრამპი მსოფლიო მასშტაბით წარმატებისა და ბრწყინვალების მართლაც განსაკუთრებული ნიმუშია. ამიტომ ჩემთვის დიდი პატივია ამ ორდენის თქვენთვის გადმოცემა ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დონალდ ტრამპი საქართველოს ვიზიტით დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დონალდ ტრამპი მონაწილეობას მიიღებს პროექტ - "ტრამპ თაუერის" პრეზენტაციაში, რომელიც ბათუმში გაიმართება. "ტრამპ თაუერის" პროექტი არქიტექტურული ფირმა "John Fotiadis Architect"-ის მიერ არის შემუშავებული. თანამედროვე 47 სართულიან შენობაში 80-დან 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინები განთავსდება, რომლებსაც ხედები შავი ზღვის სანაპიროსკენ ექნება.

22 აპრილს დაგეგმილია ამერიკელი მილიარდერის პრესკონფერენცია ბათუმში. ტრამპის ვიზიტი საქართველოში ორ დღეს გაგრძელდება.

დონალდ ტრამპის კომპანიასა და "სილქ როუდ ჯგუფს" შორის თანამშრომლობის შეთანხმება 2011 წლის მარტში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს