თბილისის წიგნის ფესტივალზე გამომცემლობა "პალიტრა L"-ი, ტრადიციულად, განსაკუთრებული ფასდაკლებებითა და ახალი პროექტით - "მაკულიტერატურა" წარსდგება. როგორც გამომცემლობაში აცხადებენ, "მაკულიტერატურა" საზოგადოებას მოუწოდებს, გადაარჩინონ ტყეები, რომ შეინარჩუნონ გარემო.
"ფესტივალზე ყველას აქვს შესაძლებლობა, მოიტანოს მინიმუმ 5 კილოგრამი მაკულატურა, რომელსაც გამომცემლობა "პალიტრა L" ახალ წიგნებში გაუცვლის. მიიღება ძველი წიგნები, პრესა, ბლანკები, რვეულები და სხვა ქაღალდები. არ მიიღება მხოლოდ მუყაო, ყუთები და შესაფუთი მასალები. ჩასაბარებელი მაკულატურის მაქსიმალური რაოდენობა შეუზღუდავია. წიგნების ჩამონათვალი კი, რომელშიც მაკულატურა იცვლება, საკმაოდ დიდია", - აცხადებენ "პალიტრა L"-ში.
გარდა ამისა, გამომცემლობა "პალიტრა L"-ი მკითხველს წელსაც აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, წიგნების სერიები, რომლებიც პრესასთან ერთად განსაკუთრებულ ფასად იყიდება, აქციის ფასებში შეიძინონ.
ფესტივალზე გამომცემლობა "პალიტრა L"-ი მკითხველს ახალი წიგნების პრეზენტაციასა და საინტერესო სურპრიზებს უმზადებს.
ფესტივალი საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" 24 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით გაიმართება. "პალიტრა L"-ის სტენდი მომხმარებელს მე-6 და მე-11 პავილიონებში უმასპინძლებს.