საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დღეს აკადემიკოს აკაკი შანიძის დაბადებიდან 125 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო სხდომა გაიმართება .
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიიდან აცნობეს, საიუბილეო სხდომას აკადემია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მართავს. სხდომა აკაკი შანიძის შესახებ ფილმით გაიხსნება. მოხსენებით გამოვა აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე და აკადემიის სხვა წევრები.
აკაკი შანიძე (1887-1987) გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი, შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ინგლისის "ფილოლოგთა საზოგადოების" საპატიო წევრი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. ასევე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზ. მეცნიერების განყოფილების თავმჯდომარე და ვიცე-პრეზიდენტი. მან გიორგი ახვლედიანთან ერთად საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს.
აკაკი შანიძის ნაშრომები შეეხება ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის, ქართული დიალექტოლოგიის, ქართული ლექსიკოლოგიის, ქართული ტექსტოლოგიის, ქართული ეპიგრაფიკის, ქართული ფოლკლორისტიკის, რუსთველოლოგიის, არმენისტიკის, ალბანოლოგიისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემატიკას. მისმა მონოგრაფიამ "სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში" საფუძველი ჩაუყარა ქართული ზმნის ბუნებისა და აგებულების ახალი თვალსაზრისით შესწავლას. მის მიერ შედგენილი "ქართული ენის გრამატიკა" ფასდაუდებელი ნაშრომია. აკაკი შანიძე ასევე ეწეოდა სხვა ქართველური ენების კვლავა-ძიებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფუძემდებლური ნაშრომი "უმლაუტი სვანურში" და სვანური მეტყველების ტექსტების პუბლიკაცია.
აკაკი შანიძემ ახალ ნიადაგზე დააფუძნა ძველი ქართული ენის წერილობითი ძეგლების მეცნიერულ-ფილოლოგიური პუბლიკაციის საქმე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება, ქართული ბიბლიური ტექსტების, ქართული ოთხთავის რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვა. დიდია შანიძის ღვაწლი "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დადგენაში, რუსთაველის პოემის ენობრივი თავისებურებებისა და ლექსიკის კვლევა-ძიებაში. აკაკი შანიძის გამოკვლევები ქართული დიალექტიკის (უმთავრესად ე. წ. მთის კილოების) შესწავლის დარგში ახალი ეტაპია ქართულ დიალექტოლოგიაში. მისმა კაპიტალურმა წიგნმა "ქართული ხალხური პოეზია" სათავე დაუდო ქართულ მეცნიერულ ფოლკლორისტიკას.
აკაკი შანიძის სახელთანაა დაკავშირებული ახალი სამეცნიერო დისციპლინის ალბანოლოგიის (აწ გადაშენებული კავკასიური წარმოშობის ხალხის - ალბანელების - ენისა და დამწერლობის შესწავლა) დაფუძნება. აკაკი შანიძე წლების განმავლობაში იყო თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.