სამედიცინო უნივერსიტეტში, დღეს მოდელირებული ობიექტური სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდა (ოსკი) ტარდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, გამოცდაში მონაწილეობას მედიცინის ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტები (ქართული და ინგლისურენოვანი ჯგუფები) მიიღებენ.
ოსკის გამოცდა ორგანიზებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის მიერ, USAID-SUSTAIN და JSI -ის მხარდაჭერით, ხოლო მეთოდური დახმარება ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორმა ბაბილ პედერსონმა გაწია.
"ოსკი პირველად შემოთავაზებული იყო 1960 წელს, ხოლო 1970 წლიდან ფართოდ დაინერგა მედიცინაში. ოსკი არის ინტეგრირებული მეთოდი, რომელიც კარგად ავლენს სტუდენტის კომუნიკაციურ უნარებს და კლინიკურ ცოდნას, უზრუნველყოფს პაციენტების უსაფრთხოებას, გამოიყენება სტანდარტიზირებული შეფასება. ოსკი _ ერთადერთი მეთოდია, რომელიც რეალობაზე დაფუძნებულ სიმულირებულ გარემოში სტუდენტის კლინიკურ უნარ–ჩვევებს ავლენს", _ აცხადებენ სამედიცინო უნივერსიტეტში.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, ოსკის გამოცდა ტარდება სხვდასხვა ოთახებში, ე.წ. 12 "სადგურში", აქედან ორი არის შესვენების სადგური. თითოეული სადგურში არის განსხვავებული დავალება და დავალების განსხვავებული ფორმატი, რომელიც აფასებს კანდიდატის კლინიკურ უნარებს. თითოეულ სადგურში შეიძლება იყოს ინტერაქტიული ან არაინტერაქტიული დავალებები. თითოეული დავალების შესასრულებლად ეძლევათ შვიდი წუთი, ხოლო გადაადგილებაზე ერთი წუთი თითოეულ სადგურში შესვლა და გამოსვლა ხდება ზარის დარეკვისთანავე. სტუდენტების შეასაფასებლად გამოიყენება თანამედროვე პროტოკოლებზე დაფუძნებული ობიექტური შეფასების სისტემა.