ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კალანდაძეოზურგეთში ჯორჯიაშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
როგორც კალანდაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქუჩა ქალაქის ტერიტორიას წარმოადგენს, ამ ქუჩის მცხოვრებთ დღემდე სასმელი წყალი არ აქვთ.
"ოცდამეერთე საუკუნეში თითქოს უხერხულიც უნდა იყოს საუბარი ქალაქში სასმელი წყლის პრობლემებზე. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჯორჯიაშვილის ქუჩას, სადაც 200-მდე ადამიანი ცხოვრობს, არც გზა და არც გარე განათება არ აქვს. თითქოს უხერხულია და სირცხვილია ამაზე საუბარი, მაგრამ ფაქტია - ეს ადამიანები და ეს ოჯახები ადგილობრივ ხელისუფლებას მოძულებული და საერთოდ მივიწყებული ჰყავს," - განაცხადა ლევან კალანდაძემ.
მისივე თქმით, ჯორჯიაშვილის ქუჩის მოსახლეობამ კოლექტიური წერილით არაერთხელ მიმართა ოზურგეთის ადგილობრივ ხელისუფლებას მათი საყოფაცხოვრებო და კომუნალური პირობების მოგვარების თხოვნით. მიუხედავად ამისა, ადგილობრივ ხელისუფლებას შესაბამისი ზომები დღემდე არ მიუღია.
"ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოყოფილი საბიუჯეტო ხარჯები ადამიანებისთვის სწორედ ამ ტიპის საყოფაცხოვრებო და კომუნალური პრობლემების მოგვარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტი, გუბერნატორი და მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამ ქუჩაზე ყოველღიურად არ დადიან, ეს ადამიანები ასე უყურადღებოდ არ უნდა იყვნენ მიტოვებულნი," - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.