იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროში სამუშაო შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი თანაშემწე დავით ჯანდიერი ტელეფონით ესაუბრა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანს და გადაწყდა, რომ ხვალ წულუკიანი ჯანდიერთან ერთად, 10:00-დან 11:00 საათამდე მივა იუსტიციის სამინისტროში.
ამასთან, თეა წულუკიანმა პრიორიტეტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, შესრულდება "ქართული ოცნების" დანაპირები და უკანონო პატიმრებს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იმყოფებიან საპატიმროებში, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც დანაშაული არ დაუმტკიცდა და მაინც დაკავებულები არიან, ხვედრი შეუმსუბუქდებათ. ასევე, მისი თქმით, სისხლის სამართლებრივი რეფორმაა განსახორციელებელი და სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლი გადაიხედება.
ასევე, მისი თქმით, გადასახედია საპროცესო შეთანხმების მუხლი და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმირება აუცილებელია.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო ასევე დაიწყებს თაროზე შემოდებული საქმეების გადახედვას და შეუდგება სასამართლო სისტემის რეფორმას.