შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ე.წ. "კანონიერ ქურდი" ვალერი ჯანაშია, მეტსახელად "ვალტერი" დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წლების განმავლობაში რუსეთში მცხოვრები ჯანაშია საქართველოში ოკუპირებული აფხაზეთის გავლით შემოვიდა, მისი აყვანა კი, თბილისში, 8 ნოემბერს განხორციელდა.
"პოლიციაში მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ 2012 წლის 26 ოქტომბერს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდა ვალერი ჯანაშია, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში. ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2012 წლის 8 ნოემბერს ქ. თბილისში მოხდა მისი დაკავება", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
ოფიციალური ინფორმაციით, ვალერი ჯანაშიას წინააღმდეგ აღიძრა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. ვალერი ჯანაშია ექვსჯერაა ნასამართლევი.