საია და "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" პოლიტპატიმრების საკითხების შემსწავლელ ჯგუფს ტოვებენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს ტოვებენ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მუშაობისას გამოვლინდა არაერთი პრობლემა, რომლებიც ხელის შემშლელი აღმოჩნდა ჯგუფის ეფექტიანად მუშაობისთვის და აქედან გამომდინარე საია და "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ამ ჯგუფში მუშაობას წყვეტენ.

"მივესალმებით საქართველოს პარლამენტის ინიციატივას პოლიტპატიმრების საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით და მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროცესის წამოწყება და სწორად წარმართვა უმნიშვნელოვანესია სამართლიანობის აღსადგენად, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მონაწილეობა მიგვეღო სამუშაო ჯგუფის მუშაობაში და ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ მნიშვნელოვან პროცესში. თუმცა, სამუშაო ჯგუფის მუშაობისას გამოვლინდა არაერთი პრობლემა, რომლებიც ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა ჯგუფის ეფექტიანად მუშაობისათვის.

სამუშაო ფორმატი და ვადები არ იძლევა საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას. ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და `კონსტიტუციის 42-ე მუხლი~ მივიჩნევთ, რომ ჯგუფმა უნდა მოამზადოს დასაბუთებული, ობიექტური და სამართლიანი რეკომენდაციები თითოეული საქმის შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ ზედაპირული შეფასებები, უზუსტობები და უსამართლო მიდგომები.

მიგვაჩნია, რომ დადგენილი ორკვირიანი ვადის ფარგლებში და ჯგუფის მიერ განსაზღვრული ფორმატით შეუძლებელია 185 პოლიტიკური პატიმრისა და 13 პოლიტიკური დევნილი პირის საქმეებზე სრულყოფილი დასკვნების მომზადება. ჩვენთვის ცნობილია, რომ სამუშაო ჯგუფის მანდატის ვადის გაგრძელება არ იგეგმება, რაც საკითხის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობას არ იძლევა. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ჯგუფის მუშაობის ფორმატის შეცვლა ვერ მოხერხდა და ჯგუფში აღნიშნულის თაობაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და `კონსტიტუციის 42-ე მუხლი~ ვერ კისრულობს ამ ფორმატით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის ვალდებულებას და მუშაობას წყვეტს.", - განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ამასთან, საია და "კონსტიტუციის 42-ე" მუხლი გამოხატავენ მზადყოფნას, რომ მათ მიერ წარმოებული საქმეები და მომზადებული დასკვნები წარადგინონ ჯგუფში და ამ მხრივ დაეხმარნონ მას მუშაობაში.

"სამუშაო ჯგუფის შექმნა მიუთითებს, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, აუცილებელია პარლამენტი საკითხს სიღრმისეულად მიუდგეს, უზრუნველყოს სამართლიანი და ობიექტური პროცედურები, რათა საზოგადოებას უსამართლობის განცდა არ გაუჩნდეს. ამასთან, უცნობია, თუ რა პროცედურით აპირებს პარლამენტი სამუშაო ჯგუფის მიერ პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პირების გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტმა უნდა მიაწოდოს საზოგადოებას. ამასთან, ამ პროცესში გამოყენებულ უნდა იქნეს სხვა ქვეყნების გამოცდილებაც ამ მიმართულებით. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ უკვე წლებია ვმუშაობთ პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე, ვუწევთ მათ საადვოკატო დახმარებას საქართველოში და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. შესწავლილი გვაქვს არაერთი პოლიტიკური პატიმრის საქმე, გამოცემული გვაქვს ანგარიშები და კვლევები. ჯგუფის დატოვების მიუხედავად, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და ჩვენი საქმიანობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით", - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა