არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებები აკრედიტაციის პროცესს გადიან, რომელიც 2025 წლის 1-ელ იანვარს სრულდება. როგორც ცნობილია, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში ამერიკის აკრედიტაციის კომისიაზე (AACI) გააკეთა არჩევანი. როგორ მიმდინარეობს აკრედიტაციის პროცესი, რა ეტაპების გავლა უწევთ კლინიკებს და როგორია მათი მზაობა აკრედიტაციის მისაღებად, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელს არჩილ მორჩილაძეს ესაუბრა.

- როგორ მიმდინარეობს აკრედიტაციის პროცესი და მოასწრებენ თუ არა კლინიკები 2025 წლამდე აკრედიტაციის მიღებას?

- AACI-ის აკრედიტაციის პროცესი 50 კლინიკაში მიმდინარეობს, პრაქტიკულად ყველა კლინიკაში ჩატარდა წინასწარი შეფასება. ახლა გადასული ვართ დამატებითი ტრენინგების ეტაპზე. ვინაიდან სამედიცინო დაწესებულებებმა აკრედიტაცია 2025 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა გაიარონ, ვინც მზად არის დაუყოვნებლივ ვიწყებთ ძირითადი შეფასების პროცესს. ჩვენი გეგმით 15 სექტემბრამდე ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს შეფასების (აუდიტის) პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად. რაც მთავარია, ჩვენ უკვე გვყავს ქართველი აუდიტები და კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი 2024 წლიდან ქართველი აუდიტების თანამონაწილეობით მიმდინარეობს, თუმცა აუდიტთა გუნდში ასევე გვეყოლება ერთი უცხოელი ექსპერტიც.

- რამდენად მომზადებული დახვდნენ სამედიცინო დაწესებულებები აკრედიტაციის პროცესს, რა შედეგები იყო წინასწარი შეფასების დროს?

- როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, აკრედიტაციის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა კლინიკების წინასწარ შეფასებას. ეს იყო აკრედიტაციის ერთგვარი სიმულაცია, რაც დაეხმარა კლინიკებს შეეფასებინათ აკრედიტაციისთვის მათი მზაობის დონე. უნდა აღინიშნოს, რომ იყო რამდენიმე კლინიკა, რომელმაც საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღეს წინასწარი აუდიტის დროს, თუმცა უმრავლესობას დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, რათა მიიღონ აკრედიტაცია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ძირითად შეფასებამდე კლინიკებს ეძლევათ საშუალება, სხვადასხვა ტრენინგების მეშვეობით გაიგონ AACI-ის სტანდარტების არსი და მათი დანერგვის გზები, სტანდარტებში არსებულ სამივე მიმართულებაზე: ზოგადი, კლინიკური მენეჯმენტი და ინფრასტრუქტურული გარემო. საჭირო იქნება კონკრეტული წერილობითი პროცედურების გაწერა. მონდომების შემთხვევაში, აკრედიტაციის მიღება ყველას შეუძლია. ფიზიკური გარემოს კუთხით გადაულახავი შეუსაბამობები პრაქტიკულად აღარ არსებობს. მთავარია, მართვის პროცესები გაიწეროს და გახდეს ჩვენი - AACI-ის სტანდარტების შესაბამისი და რაც მთავარია, პროცესში ჩართული უნდა იყოს კლინიკის ყველა თანამშრომელი, ვინაიდან მხოლოდ ფურცელზე დაწერილი პროცედურა არაფერს შეცვლის. ამასთანავე, ყველა კლინიკამ უნდა გაითვალისწინოს, რომ აკრედიტაციის საფასურის გადახდა არ ნიშნავს, რომ ისინი აკრედიტაციას მიიღებენ. ჩვენ ყველას დავეხმარებით, მაგრამ მხოლოდ იმ ფარგლებში, რის საშუალებასაც ISQua-ს (ხარისხის საერთაშორისო საზოგადოება), გაიდლაინი იძლევა.

- 2024 წელს (ისევე როგორც 2013-2018 წლებში), სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებულ რეცენზირებას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განახორციელებს, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? ასევე, რა გავლენა ექნება პაციენტებისთვის კლინიკების მიერ საერთაშორისო აკრედიტაციების გავლის პროცესს? როგორ აისახება ეს პაციენტების მომსახურებაზე?

- დარგობრივი ასოციაციების ჩართულობა რეცენზიის დაწერის დროს კრიტიკულ აუცილებლობას წარმოადგენს. გაერთიანებამ რეცენზირების პროცესში ჩართვა ახალი გარემოებების გათვალისწინებით გადაწყვიტა. კერძოდ, კლინიკების სავალდებულო აკრედიტაციის პროცესმა, ახალი გამოწვევები გააჩინა ექიმებისა და კლინიკების წინაშე. AACI-ის სტანდარტები ისეა შედგენილი, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფს პაციენტებზე ზრუნვას. კლინიკა ვალდებულია გაწერილი ჰქონდეს, როგორც პაციენტების მომსახურების ეტაპები, ასევე საჩივრების მიღების და განხილვის პროცედურები. სტანდარტების მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ამ საკითხებს. ასევე, საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტით ყველა დაწესებულებამ რეალურად უნდა შექმნას ეთიკური კომიტეტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ პაციენტების საჩივრების კლინიკაშივე დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ განხილვის პროცესში. საერთაშორისო პრაქტიკით, საჩივრების მინიმუმ 50% კლინიკებში განიხილება და მომხმარებელი აღარ აგრძელებს დავას სხვა ინსტანციებში.

ქართული კანონმდებლობითაც, ყველა კლინიკაში უნდა არსებობდეს ეთიკური კომიტეტი, რომელიც დამოუკიდებელი იქნება, ხოლო მის შემადგენლობაში იქნება ის ექსპერტი ვინც უშუალოდ არ იყო იმ სერვისის მონაწილე, რომელსაც პაციენტი ასაჩივრებს. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში ოპერირებს ეთიკური კომიტეტი, რომელიც მის საჩივარს განიხილავს. საკითხის განხილვა ხდება ექსპერტების მიერ, ისინი შეაფასებენ და გამოიტანენ დასკვნას. თუ დადგინდება სამედიცინო შეცდომა, აღნიშნულის შესახებ პაციენტს მიეწოდება ინფორმაცია. თუ პაციენტი კომიტეტის დასკვნას არ ეთანხმება და არ არის საკმარისი, დავა შესაძლოა გააგრძელოს სხვა ინსტანციაში.

- რამდენად გაზრდილია საჩივრების ოდენობა?

- შეიძლება ითქვას, რომ საჩივრების რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მათი რაოდენობა სულ უფრო მეტად იზრდება, ამიტომაც სასწრაფოდ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ ეს პროცესი ცივილურ ჩარჩოში გადავიდეს. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და მომავალში კიდევ ერთხელ გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს ჯანდაცვის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას.

თეონა ციხიშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა