ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026

26 მაისის აქცია - “რატომ მთავაზობ გამოსვლას, ბოიკოტს, არშესვლას, რა მიზანი აქვს?”

ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა

* * *

26 მაისის აქცია - “რატომ მთავაზობ გამოსვლას, ბოიკოტს, არშესვლას, რა მიზანი აქვს?”

“ოპოზიციურ ალიანსში” დარწმუნებულები არიან, რომ “ეროვნული მობილიზაციის” ფარგლებში დაანონსებული 26 მაისის აქცია მასშტაბური იქნება, მმართველ პარტიაში კი, ოპოზიციური მხარდამჭერების სიმცირეზე მიუთითებენ. ალიანსმა ორი დღის წინ “კარდაკარის” კამპანია უკვე დაიწყო თბილისში, რომლის ფარგლებში 11 მაისიდან თბილისის სხვადასხვა უბნის მოსახლეობას ხვდებიან და დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. “დარწმუნებული ვარ, რომ 26 მაისს ბევრნი ვიქნებით. ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას... ვაგრძელებთ კამპანიას, განწყობა პოზიტიურია. დღეს “დიდუბეში” ვართ, ხვალ გლდანში გადავინაცვლებთ და მთელ თბილისს მოვივლით”, - განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რადგან ხალხს კრებენ, ოპტიმიზმიც იქნება, თუმცა, მთავარია რა იქნება მომდევნო დღეებში. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "თვლის, რომ რთულია თქმა, რას ეფუძნება ოპოზიციის ოპტიმიზმი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით გამოვა თუ არა ხალხი “ოპოზიციური ალიანსის” 26 მაისის აქციაზე - “რატომ მთავაზობ გამოსვლას, ბოიკოტს, არშესვლას, რა მიზანი აქვს?”

“რაკი ხალხს კრებენ, ბუნებრივია, ოპტიმიზმიც უნდა ჰქონდეთ, სხვანაირად მათი მოტივაცია არადამაჯერებელი იქნება. ოპტიმიზმი და 26 მაისი გასაგებია, ეს ყველასთვის წმინდა დღეა და ნებისმიერ შემთხვევაში ბევრი ხალხი გამოვა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია 27-28-ში რა იქნება, თორემ იმ დღით რომ ხალხი გამოვა, ამაში არავის ეჭვი არ ეპარება. კარგი იქნება, თუ ოპოზიცია ხალხის გამოყვანას არამნიშვნელოვან დღეებში მოახერხებს. თუმცა, არც ხალხის გამოყვანაა მთავარი - ამ ოპოზიციამ ხალხი ადგილობრივ არჩევნებზე არ მიიყვანა ბოიკოტის გამო, ხალხის ხმებს უარი უთხრა და პარლამენტში არ შევიდა, აქციები და მსგავსი ღონისძიებები კარგი და ეფექტისმომტანია, მაგრამ რას იძლევა და რაზეა გათვლილი. რაც შეეხება აქციის მიზანს, დღემდე არ ვიცი რა მიზნებზე იყო გათვლილი პარლამენტში არშესვლა და ადგილობრივ არჩევნებზე ბოიკოტიც - ამაზე ანგარიში არავის არ გაუკეთებია. ახლა უნდა თქვან რა მიზნებს ემსახურება 26 მაისის აქცია. თუ რაიმე გეგმა აქვთ, კი ბატონო, გამოაცხადონ - რაღაცით უნდა ახსნან, რომ ეს ხალხი ბოიკოტს ტყუილად არ აცხადებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ლაპარაკი უნდა იყოს, რისთვის სჭირდებათ 26 მაისს ხალხის გამოყვანა, რა მიზნებს ემსახურება, რატომ და რისთვის მოუწოდებენ, თორემ ხალხი ამ დღით ისედაც გამოვა. მეც კი გავალ, პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მერე სახლში დავბრუნდები და დავფიქრდები ამ ხალხმა რატომ გამომიყვანა? მგონი, აქცია ერთჯერადი იქნება და მხოლოდ იმის ჩვენება - ჩვენც ვარსებობთ. მე გრძელვადიან პროექტებს ველოდები, რომ მომავალში წამოგყვე, ანუ რატომ მთავაზობ, გამოსვლას, ბოიკოტს, არშესვლას, ამას რისთვის აკეთებ და რა მიზანი აქვს? “ოცნება” თავს მშვენივრად გრძნობს და არ ჩამოშლილა, ყველგან და ყველაფერში უმრავლესობა აქვთ. ამიტომ რა პრობლემას ვუქმნით “ქართულ ოცნებას”? რაც უფრო მეტი ხალხი გამოვა და ხშირად, ეს კარგია, მაგრამ ამ დროს არჩევნებს რას უშვრებიან? კარგი იქნება, თუ 26 მაისს იტყვიან, რომ ჩვენ ბოიკოტით ვერაფერს ვერ მივაღწიეთ, დიდი შეცდომა დავუშვით, რითიც “ოცნება” მეტად გაძლიერდა, რაც სამწუხარო ფაქტია და იტყვიან, რომ ნებისმიერ არჩევნებში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, როგორც არ უნდა გააყალბონ, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრიო”, - განაგრძობს კონფლიქტოლოგი.

“რაც შეეხება მოსალოდნელ ინციდენტებს, 26 მაისი ყველასთვისაა, ოპოზიციას უფლება აქვს ხალხი გამოიყვანოს. “ქართულ ოცნებას” ამ შემთხვევაში რა უნდა არ ვიცი, არ გამოხვიდეთო? ის არის ხელისუფლება და წესრიგის დამყარება მისი ვალდებულებაა, ის უნდა ამბობდეს, რომ ყველას მივესალმებით, ყველას დღეა, ამიტომ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ პროვოკაციები არ დავუშვათ და პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე იქნება, რომ ყველამ თავისი გეგმის მიხედვით მშვიდობიანი ფორმით ჩაატაროს თავისი ღონისძიებები, გარანტიას ვიძლევით, რომ ყველაფერი წესრიგში იქნება და არანაირ ესკალაციას არ დავუშვებთ. მაგრამ წინასწარ ამბობდე, რომ დაძაბულობა იქნებაო, მაშინ აღიარებენ, რომ ისინი ხელისუფლება არ არიან და სიტუაციის გაკონტროლების უნარი არ შესწევთ”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

“რთულია იმის თქმა, ეს ოპტიმიზმი რას ეფუძნება. თუ ისინი მათი ტრადიციული მომხრეებს რაოდენობას გულისხმობენ, მაშინ რაღაც გარკვეული რაოდენობა მოგროვდება - ვიღაცას პარტიული აქტივის ვალდებულებით მოიყვანენ, ვიღაცას ფულს გადაუხდიან, მაგრამ მათ წარმოდგენაში რამდენია ეს “ძალიან ბევრი”, ეს ცოტა არ იყოს რთული განსასაზღვრია, რას გულისხმობენ - 50 ათასს, 100 ათასს, 2 ათასს, თუ რამდენს? მათი წინა მიტინგებიდან გამომდინარე, მოლოდინი მაქვს, რომ დაახლოებით ის რაოდენობა შეიკრიბება, რაც აქამდე იკრიბებოდა, საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილ მათ აქციებზე, გვახსოვს ხალხი 31 მარტსაც შეკრიბეს და კიდევ სხვა ღირსშესანიშნავი თარიღების დროს და ალბათ დაახლოებით იმდენივე რაოდენობა იქნება, რაც ადრე იყო და რაც ხელისუფლებისთვის დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, მით უმეტეს, ბოლო წლების მანძილზე მიტინგების მართვა ისწავლეს, წინა გაკვეთილების გათვალისწინებითაც”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“აქცია ერთჯერადი იქნება, თუ არა, ეს ალბათ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ აქციის დინამიკა როგორ წარიმართება, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით მათ ეს ჩაფიქრებული აქვთ, როგორც ერთჯერადი აქცია, თუ როგორც განგრძობადი, მაგრამ ერთჯერადი აქციებით თავად ოპოზიციური ამომრჩეველიც უკვე გარკვეულწილად იმედგაცრუებულია და არ გამოვრიცხავ, რომ ეს რაღაც პერმანენტულ აქციად აქციონ. თუმცა, პერმანენტული გამოსვლები რუსთაველზე ისედაც მიდის და შეიძლება ეს მომიტინგეები მათ შეუერთდნენ. ჯერჯერობით მათი მხრიდან არანაირი რეალური გეგმის მსგავსი არ მომისმენია და არ წამიკითხავს გარდა მყვირალა და გვარიანად მოყირჭებული ფრაზებისა, რომ სამშობლოს გვართმევენ, უნდა დავიბრუნოთ, რუსეთისკენ მივდივართ, ევროპასთან უნდა დავბრუნდეთ და ა.შ. ეს ფრაზები ხალხმა უკვე მოისმინა, მაგრამ ხალხი ამ ოპოზიციურ კონგლომერატისგან ვერ ხედავს და ვერ ისმენს, თუ დავუშვათ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, უკეთესობისკენ რა შეიცვლება ქვეყნისთვის და რიგითი მოქალაქეებისთვის, არაფერი მსგავსი ბოლო პერიოდის მანძილზე მათგან არ მომისმენია”, - მიიჩნევს ანჯაფარიძე.

“გარკვეული დაპირისპირებები მოსალოდნელია. არ ვიცი ხელისუფლება საზეიმო ღონისძიებებს გადაიტანს თუ არა რუსთაველიდან სხვა ადგილზე, თუ იქ დატოვებს. თუ იქ იქნება გამართული საზეიმო ღინისძიებებისადმი მიძღვნილი გამოფენები და ა.შ. ჩვეულებრივ ხალხთან, ვინც ოპოზიციის მომხრეები არ არიან შეიძლება შეხლა-შემოხლა მოხდეს. არ გამოვრიცხავ, რომ მათ შეიძლება სწორედ ხალხთან შეტაკების ინიცირება ჰქონდეთ ჩაფიქრებული. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი რადიკალურ განცხადებებს აკეთებენ, მათი მოქმედების სტილს და მათ პოლიტიკურ ფილოსოფიას ვინც იცნობს, არაფერი არაა გამორიცხული”, - დასძენს ზაალ ანჯაფარიძე.

ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

“პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკული დელეგაციით ჩინეთს ესტუმრა. ვიზიტი ორ სახელმწიფოს შორის რთული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის ფონზე მიმდინარეობს და მოსალოდნელია, რომ მხარეები მნიშვნელოვან საკითხებზე და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ. ანალიტიკოსთა შეფასებით, დიდი ალბათობით, მთავარი თემები ეკონომიკური ურთიერთობის გარდა იქნება, აშშ-ირანის, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი და ასევე შეიძლება წამოიჭრას კავკასიისა და შუა დერეფნის საკითხი და ამ კონტექსტში შეიძლება საქართველოც. ტრამპთან ერთად ჩინეთში ჩავიდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი. მაღალჩინოსნების გარდა, ტრამპის გუნდში შედიან ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები, მათ შორის - ილონ მასკი. ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების პირისპირ შეხვედრა 14 მაისს არის დაგეგმილი. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ საკითხების მთელი ჩამონათვალია, რასაც ელოდებიან, რომ ამ შეხვედრაზე მეტ-ნაკლებად უნდა გაირკვეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აშშ-ს პრეზიდენტი პეკინშია - რას გადაწყვეტს ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის.

“საკითხების მთელი სპექტრია, რის გადაწყვეტასაც მსოფლიოში ელოდებიან, ჩვენთვისაც უამრავი მნიშვნელოვანი საკითხია. მაგალითად, თავის დროზე ითქვა, რომ ჩინეთსა და გერმანიას შორის ეკონომიკური კავშირები უფრო ინტენსიური გახდა, მათ შორის მანქანათმშენებლობაში. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჩინეთმა საქართველოს მიმართა, რომ თუ შეიძლება ევროკავშირის მიმართ ძალიან აგრესიულები ნუ იქნებითო. ჩინეთის მხრიდან ლოგიკა გასაგები იყო, სულ რომ ამ ორმა ლიდერმა ლაპარაკში საქართველო არ ახსენოს, ეს დეტალი მიუთითებს იმაზე, რომ მათი საუბრის შედეგები საქართველოს ინტერესებთან კავშირშია. ბოლო დღეებში გერმანიის ელჩის კრიტიკა ძალიან მძაფრი იყო და პრაქტიკულად გამოდის, რომ სასწორზე იდება ერთის მხრივ ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან და მეორეს მხრივ კრიტიკულობა ევროკავშირის მიმართ, აი ეს ალტერნატივა ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრამ უნდა გადაწყვიტოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“მთავარი რაც შეიძლება შეხვედრისას განიხილონ იქნება ირანის, უკრაინის, რუსეთის საკითხები. ეს ის თემებია, რომელზედაც ყველა ლაპარაკობს და მათ რომ არ ილაპარაკონ გაუგებარიც იქნება. ერთ-ერთი უმთავრესი ალბათ ირანის საკითხი იქნება, როგორც ჩინეთის ერთ-ერთი პარტნიორი და მეტოქე ამერიკისთვის. უკრაინა-რუსეთის თემა არ მგონია წინა პლანზე იყოს, მაგრამ უდაოდ სალაპარაკო იქნება. სასაუბრო თემა ასევე იქნება ევროპისადმი დამოკიდებულება, ჩინეთს ეგ დამოკიდებულება მხოლოდ გერმანიასთან არ აქვს, მისთვის მთელი ევროპა პარტნიორობისთვის ხელსაყრელია, თუნდაც, როგორც ბაზარი საქონლის გატანისთვის, ასეთი პარტნიორობა კი ევროპულ ქვეყნებს აძლიერებს, არადა, ტრამპს ევროპის გაძლიერება არ უნდა, აგერ ვხედავთ ნატოს კრიტიკულად უყურებს და შეიძლება ალიანსიდან გამოსვლის საკითხიც დააყენოს. ევროპულ ქვეყნებზე ხომ ყოველ დღე თითო-თითო კურთხევას აგზავნის”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.

“ალბათ ლაპარაკი შედგება იმაზე, თუ ევროსივრცეში ჩინური საქონელი როგორ ჩავიდეს, აი ეს საკითხი, რომ რა გზით შემოვიდეს, უფრო ახლოსაა იმასთან, რაც უშუალოდ საქართველოს ეხება. საუბრის თემა ასევე შეიძლება იყოს შუა დერეფანი, კავკასია, ალბათ ამ საკითხებზე იქნება მსჯელობა და გადაწყდება ორი ზესახელმწიფოს ინტერესებში რა არის ოპტიმალური. თუკი კომუნიკაციის (შუა დერეფნის) თემამ ამოიწია, იქ რა თქმა უნდა ჩვენი საკითხიც იქნება, მაგრამ მეეჭვება, რომ უშუალოდ ანაკლიის პორტი ახლა წამოიჭრას. ანაკლია უდაოდ ამერიკის ინტერესებშია, მაგრამ შეიძლება ჩინეთთან დიალოგში აშშ-მა ამ საკითხის განხილვას თავი აარიდოს, მაგრამ გამორიცხული არაფერია”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძის მიიჩნევს, რომ ნაკლებსავარაუდოა ჩინეთში შეხვედრისას საუბარი უშუალოდ საქართველოს შეეხოს. “შეიძლება პირველ რიგში განიხილონ ის სხვადასხვა საკითხები, რომელიც უკავშირდება ჩინეთსა და აშშ-ს ვაჭრობას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური მოწინააღმდეგეები არიან, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვის მოცულობა 600 მლრდ დოლარს აღემატება. არაა გამორიცხული საუბრები იყოს ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე ორ ქვეყანას შორის. ამავე დროს, შეიძლება ტრამპს ჰქონდეს მცდელობა ჩინეთი დაარწმუნოს, რომ პეკინმა ირანული ნავთობი არ შეიძინოს. ირანი ნავთობის ნახევარზე მეტის რეალიზაციას ჩინეთში ახდენს. არ მგონია, რომ უშუალოდ საქართველოზე გაკეთდეს აქცენტი, თუმცა, შუა დერეფანი და კავკასია შეიძლება განხილვის თემა იყოს. საერთოდ, ალბათ იმაზე იქნება მცდელობა, რომ ჩინეთმა ირანთან თანამშრომლობაზე როგორმე უარი თქვას, ასევე თანამშრომლობა რუსეთთანაც შეამციროს”, ამბობს ჩიტაძე, რომლის აზრით, “თუმცა, უშუალოდ საქართველოზე აქცენტი ნაკლებსავარაუდოა, არაა გამორიცხული ანაკლიის პორტსაც შეეხონ”, - წერს სტატიის ავტორი.

კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა

“ვულოცავ რუსეთის ყველა დასავლელ “მეგობარს” “სარმატის” სტრატეგიული სარაკეტო სისტემის წარმატებით გამოცდას, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს. “ახლა ჩვენ ყველანი ბევრად უფრო ახლოს ვართ!” - აცხადებს მედვედევი. ცნობისთვის, რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალების მეთაურმა სერგეი კარაკაევმა განაცხადა, რომ რუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა “სარმატი” წარმატებით გამოსცადა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა “სარმატის” სისტემას მსოფლიოში ყველაზე მძლავრი უწოდა და სტრატეგიულ სარაკეტო ძალებს უახლესი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის წარმატებით გაშვება მიულოცა. მისი თქმით, რაკეტის მოქმედების რადიუსი 35 000 კილომეტრია. “ღშ-28 სარმატი” არის რუსეთის მძიმე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც დასავლეთში ხშირად “შატან 2”-საც ეძახიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს სტრატეგიული რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა.

“სარმატი" შექმნილია ძველი საბჭოთა ღ-36M ტიპის რაკეტების ჩასანაცვლებლად, ის ბირთვული იარაღის მატარებელი რაკეტაა, რომელიც გათვლილია რამდენიმე ბირთვული ქობინის გადასატანად და შექმნილია ანტისარაკეტო სისტემების გვერდის ავლისთვის. დასავლელი უსაფრთხოების ანალიტიკოსების თქმით, პუტინმა გაზვიადებული განცხადებები გააკეთა რუსეთის ახალი თაობის ბირთვული იარაღის ზოგიერთი შესაძლებლობის შესახებ. დასავლელი ექსპერტების თქმით, “სარმატს” წარსულშიც ჰქონდა წარუმატებლობები. მაგალითად 2024 წლის სექტემბერში ჩატარებულმა ერთ-ერთმა ცდამ გაშვებისას ღრმა კრატერი დატოვა. ასევე, ექსპერტების თქმოთ, რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ მისი ბირთვული შეკავების ძალა კვლავ ძლიერია და ასეთი განცხადებები მიმართულია როგორც დასავლეთის, ისე შიდა რუსული აუდიტორიისკენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პრეზიდენტ პუტინის განცხადებას, რომ “სარმატის” რაკეტას 35 000 კილომეტრზე მეტი მოქმედების დიაპაზონი აქვს, ექსპერტები სკეპტიკურად შეხვდნენ. არაერთი დამოუკიდებელი შეფასების თანახმად, “სარმატის” მოქმედების რადიუსი, დატვირთვის კონფიგურაციიდან გამომდინარე, 11 000-დან 18 000 კილომეტრამდეა შეფასებული. “არ არსებობს სანდო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს 35 000 კმ-ის დიაპაზონს, რაც დაახლოებით დედამიწის გარშემოწერილობაზე მეტია და ტექნიკურად დაუჯერებელია მსგავს საწვავზე დაფუძნებული რაკეტისთვის. ასეთი ციფრი თითქმის დანამდვილებით გაზვიადებული ან არასწორი ინტერპრეტაციაა”, - განაცხადა დასავლელმა თავდაცვის ანალიტიკოსმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა”, - დასძენს გამოცემა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს