გიორგი ანთაძე - თუ თბილისიც დაეთანხმება მინსკის ფორმატით ჟენევის ჩანაცვლებას, ბრიუსელში, ვაშინგტონში, ლონდონში, პარიზსა და რომში ამას უკვე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ არჩევანად წაიკითხავენ

გიორგი ანთაძე - თუ თბილისიც დაეთანხმება მინსკის ფორმატით ჟენევის ჩანაცვლებას, ბრიუსელში, ვაშინგტონში, ლონდონში, პარიზსა და რომში ამას უკვე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ არჩევანად წაიკითხავენ

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, იმაზე სავარაუდოდ, რა კავშირში შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან მინსკში გამართული რუსულ-ქართული შეხვედრა, მინსკში დაწყებულ პროცესზე რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს და რა გზავნილი შეიძლება აღმოჩნდეს იგი ევროპული სტრუქტურებისთვის, ასევე ჩინეთში გამართული სამიტის შედეგებზე, მიაღებინებს თუ არა ევროპა რუსეთს მონაწილეობას ევროპის უსაფრთხოების ახალ სტრუქტურის შექმნაში და რა პირობებით, „ინტერპრესნიუსი“ „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელსა და „ჯეოქეისის“ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარს, გიორგი ანთაძეს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ბევრი საკმაოდ მძიმე და ტრაგიკული რამ ხდება, ქართულ საინფორმაციო სივრცეში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ყველაზე განხილვადი თემაა და საუბარი სწორედ ამით უნდა დავიწყოთ.

ამ თემაზე ბევრი მოსაზრება მოვისმინეთ, პროსახელისუფლებო და ოპოზიციურიც, მაგრამ, თქვენ როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საკითხზე მიმდინარე პროცესს და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე განხილვას?

- ჩემი შეფასებით, ეს პროცესი განსაზღვრავს, რამდენად ღია დარჩება საქართველოში პოლიტიკური კონკურენცია. “ქართული ოცნება” ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. თუ სასამართლო ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, შედეგი შეეხება ამ პარტიების ამომრჩევლებსაც. მათ შეეზღუდებათ შესაძლებლობა, პოლიტიკურ პროცესში იმ ძალების მეშვეობით მიიღონ მონაწილეობა, რომლებსაც თავად უჭერენ მხარს. ამიტომ პარტიის აკრძალვა უკიდურესი ზომაა და მისი გამოყენება თითოეული პარტიის შემთხვევაში ცალ-ცალკე უნდა დასაბუთდეს.

თუ სასამართლო ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, შედეგი შეეხება ამ პარტიების ამომრჩევლებსაც. მათ შეეზღუდებათ შესაძლებლობა, პოლიტიკურ პროცესში იმ ძალების მეშვეობით მიიღონ მონაწილეობა, რომლებსაც თავად უჭერენ მხარს

რაც შეეხება კითხვა-პასუხს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რამდენად ეხმარება დასმული კითხვები სასამართლოს სარჩელის მთავარი მტკიცების შემოწმებაში. მაგალითად, 19 ნოემბრის სხდომაზე კამათი ტელეკომპანია „იმედის“ დასანქცირების საკითხსაც შეეხო.

ასეთ ეპიზოდში სასამართლოსთვის მთავარი კითხვებია, კონკრეტულად რა ქმედებას ედავებიან პარტიას, რა მტკიცებულებით უკავშირებენ ამ ქმედებას თავად პარტიას და რა საფრთხეს ხედავენ ამაში კონსტიტუციური წყობისთვის. სწორედ ამ კითხვებზე პასუხებით უნდა შეფასდეს მოსარჩელეთა არგუმენტების წონა.

შეიძლება გულუბრყვილო მოლოდინია ბევრისთვის, მაგრამ სასამართლოსგან აუცილებელია მკაფიო პასუხები თითოეულ პარტიაზე. რა საფრთხე დაადგინა, რა მტკიცებულებებს დაეყრდნო და რატომ ვერ პასუხობს ამ საფრთხეს ნაკლებად მკაცრი ზომა? თუ ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხი ვერ მივიღეთ, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა საქართველოში პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვად აღიქმება და სასამართლოს მიმართ ნდობასაც საბოლოოდ დააზიანებს.

სასამართლოსგან აუცილებელია მკაფიო პასუხები თითოეულ პარტიაზე. რა საფრთხე დაადგინა, რა მტკიცებულებებს დაეყრდნო და რატომ ვერ პასუხობს ამ საფრთხეს ნაკლებად მკაცრი ზომა? თუ ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხი ვერ მივიღეთ, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა საქართველოში პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვად აღიქმება და სასამართლოს მიმართ ნდობასაც საბოლოოდ დააზიანებს

გარდა ამისა, სარჩელში გამოყენებული არგუმენტაცია იგივე 2008 წლის მოვლენებთან და რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, შეიძლება მომავალში გამოყენებულ იქნას საქართველოს საწინააღმდეგოდ და ეს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. ამრიგად ვფიქრობ პროცესი დამაზიანებელია არა მარტო დემოკრატიული პროცესისთვის ქვეყანაში, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვისაც.

პროცესი დამაზიანებელია არა მარტო დემოკრატიული პროცესისთვის ქვეყანაში, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვისაც

- ბევრი დარწმუნებულიც კია რომ საკონსტიტუციო სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც ეს მმართველ „ქართულ ოცნებას“ უნდა. შესაძლოა, ბუნებაში სასამართლოს გადაწყვეტილების რამდენიმე ვარიანტზე არსებობდეს, რაზეც საჯარო სივრცეში მსჯელობენ.

შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება რომ პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლო იმგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე კიდევ უფრო მეტ უთანხმოებას, გაუგებრობას და ოპოზიციური ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირებას გამოიწვევს.

ამის მისაღწევად და გასაკეთებლად სასამართლოს, ოპოზიციისთვის რამდენიმე ვარიანტი აქვს. თქვენი ვარაუდით, ოპოზიციურ ფლანგზე მეტი უთანხმოების შესატანად, სასამართლო „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო რა გზას აირჩევს?

- ჩემი ვარაუდით, ყველაზე მოსალოდნელი სცენარი სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილებაა. თუ საკითხს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინტერესის თვალით შევხედავთ, მისთვის ხელსაყრელი შეიძლება იყოს რამდენიმე პარტიის აკრძალვა და დანარჩენების დატოვება. ეს ოპოზიციას რთული არჩევანის წინაშე დააყენებს. დარჩენილმა პარტიებმა დამოუკიდებლად უნდა გააგრძელონ პოლიტიკური ბრძოლა თუ აკრძალულ ძალებთან საერთო პოზიცია შეიმუშაონ? სწორედ ამ საკითხზე შეიძლება გამწვავდეს უთანხმოება.

ხუთივე პარტიის ერთდროულმა აკრძალვამ შეიძლება საერთო საფრთხის განცდა გააძლიეროს და მათ თანამშრომლობისკენ უბიძგოს. ნაწილობრივი აკრძალვის შემთხვევაში კი ერთი ნაწილი დარჩენილ პარტიებს სოლიდარობას მოსთხოვს, მეორე ნაწილი იტყვის, რომ მოქმედების შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.

თუ საკითხს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინტერესის თვალით შევხედავთ, მისთვის ხელსაყრელი შეიძლება იყოს რამდენიმე პარტიის აკრძალვა და დანარჩენების დატოვება. ეს ოპოზიციას რთული არჩევანის წინაშე დააყენებს. დარჩენილმა პარტიებმა დამოუკიდებლად უნდა გააგრძელონ პოლიტიკური ბრძოლა თუ აკრძალულ ძალებთან საერთო პოზიცია შეიმუშაონ? სწორედ ამ საკითხზე შეიძლება გამწვავდეს უთანხმოება

ამას მოჰყვება დავაც იმაზე, ვინ და როგორ უნდა წარმოადგინოს იმ მოქალაქეების ინტერესები, რომელთა პარტიებიც აიკრძალება. ასევე, თუ ყველა პარტიაზე დაკმაყოფილდა აკრძალვის მოთხოვა, ცალკე საკთხი იქნება სხვა დარჩენილი ოპოზიციური პარტიების და ახალი მოთამაშეების პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორ მოიქცნენ ასეთ დროს, როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება ქვეყანაში დამდგარ ახალ რეალობასთან.

კიდევ ერთხელ, თუ სარჩელს ნაწილობრივ დააკმაყოფილებს, სასამართლოს მოუწევს ახსნას, რა მტკიცებულებები ამართლებს ერთი პარტიის აკრძალვას და რატომ მიიჩნია მეორე პარტიის შემთხვევაში ეს ზომა გაუმართლებლად.

თუ ეს განსხვავება დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა, სწორედ ნაწილობრივი გადაწყვეტილება გააძლიერებს ეჭვს, რომ სასამართლომ პოლიტიკური კონკურენციის პირობები მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეცვალა.

ცხადია ემოციურ დონეზე, მიმდინარე განხილვა, უკვე მნიშვნელოვან ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის ჩემშიც და საზოგადოების დიდი ნაწილისთვისაც.

- მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გალუზინსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბიშვილს შორის შეხვედრა შედგა.

საინტერესო იქნებოდა იმაზე გვემსჯელა თუ რა კავშირია ამ შეხვედრასა და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს შორის.

ასე კითხვა იმიტომ შეიძლება დაისვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა მხოლოდ პარტიების გაუქმების საკითხი განიხილება, არამედ ის, რომ როგორც „ქართული ოცნების“ სარჩელში წერია - 2008 წლის აგვისტოს ომის წინ საქართველოს შექმნა წინაპირობა იმისთვის რომ რუსეთი საქართველოში შეჭრილიყო და ამის შემდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა.

რა კავშირია ამ შეხვედრასა და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს შორის?

პარტიების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება სამართლებრივად და პოლიტიკურად რა უარყოფითი შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოსთვის?

- საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მინსკში მხარეებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები, რეგიონული უსაფრთხოება და ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობა.

პოლიტიკური კავშირი კი შეიძლება გაჩნდეს იმის მიხედვით, თუ როგორ დაასაბუთებს სასამართლო თავის გადაწყვეტილებას და როგორ გამოიყენებს ამ დასაბუთებას მოსკოვი.

თუ სასამართლო გაიზიარებს სარჩელში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთის შემოჭრისა და შემდგომი აღიარებისთვის წინაპირობები შექმნა, მოსკოვს შესაძლებლობა ექნება, ეს საკუთარი ვერსიის დასადასტურებლად წარმოაჩინოს.

თუ სასამართლო გაიზიარებს სარჩელში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთის შემოჭრისა და შემდგომი აღიარებისთვის წინაპირობები შექმნა, მოსკოვს შესაძლებლობა ექნება, ეს საკუთარი ვერსიის დასადასტურებლად წარმოაჩინოს

რუსულ დიპლომატიას შეეძლება თქვას, რომ მის შეფასებას თავად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც იზიარებს. ეს თბილისს გაურთულებს როგორც რუსეთთან დიალოგს, ისე პარტნიორებთან მუშაობას ოკუპაციისა და არაღიარების საკითხებზე.

საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებები შეიძლება კრიტიკულად შევაფასოთ, რა თქმა უნდა დღემდე ბევრი კითხვაა. რუსეთის სამხედრო მოქმედებების მასშტაბი და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება კი მოსკოვის გადაწყვეტილებები იყო.

სამართლებრივად, პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება თავისთავად ვერ შეცვლის საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და ვერ გააუქმებს სტრასბურგის სასამართლოს დასკვნებს.

სტრასბურგმა დაადგინა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთი აფხაზეთზე, ცხინვალის რეგიონსა და ე.წ. ბუფერულ ზონაზე ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა.

ამ მხრივ მთავარი რისკი დიპლომატიურია. გადაწყვეტილების დასაბუთებამ შეიძლება მოსკოვს მისცეს არგუმენტი, რომ ოკუპაციაზე საუბარი ისევ ომის დაწყების შესახებ დავისკენ გადაიტანოს.

სამართლებრივად, პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება თავისთავად ვერ შეცვლის საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და ვერ გააუქმებს სტრასბურგის სასამართლოს დასკვნებს... გადაწყვეტილების დასაბუთებამ შეიძლება მოსკოვს მისცეს არგუმენტი, რომ ოკუპაციაზე საუბარი ისევ ომის დაწყების შესახებ დავისკენ გადაიტანოს

ქვეყნის შიგნით კი შედეგი უშუალოდ პოლიტიკურ კონკურენციას შეეხება. როგორც აღვნიშნე უკვე, აკრძალვის შემთხვევაში ამომრჩეველთა ნაწილი დაკარგავს იმ პარტიების მეშვეობით მოქმედების შესაძლებლობას, რომლებსაც მხარს უჭერს.

გადაწყვეტილების გავლენა შეიძლება სხვა გაერთიანებებზეც გავრცელდეს, რადგან კანონი გარკვეულ პირობებში იმ პარტიის აკრძალვასაც უშვებს, რომელიც აკრძალული პარტიის მიზნებს ან საქმიანობას არსებითად იმეორებს. ამიტომ კიდევ ერთხელ -სასამართლომ თითოეულ პარტიაზე ცალ-ცალკე უნდა დაასაბუთოს, რა საფრთხეს ქმნის დღეს მისი საქმიანობა და რატომ არის აუცილებელი სწორედ აკრძალვა.

სასამართლომ თითოეულ პარტიაზე ცალ-ცალკე უნდა დაასაბუთოს, რა საფრთხეს ქმნის დღეს მისი საქმიანობა და რატომ არის აუცილებელი სწორედ აკრძალვა

დანარჩენს რაც შეეხება, მინსკში გამართული მოლპარაკებები, შეიძლება უფრო ფართო სურათის ნაწილად განვიხილოთ, რაც “ქართული ოცნების” ანტიდასავლურ რიტორიკას და შეცვლილ საგარეო პოლიტიკურ ვექტორებს უკავშირდება. მომავალი გვიჩვენებს, მინსკში დაწყებული ეს პროცესი რამდენად შეიძლება საგარეო პოლიტიკური კურსის ფუნდამენტური ცვლილების წინა პირობა გახდეს. დაბეჯითებით ამის მტკიცება ჯერ ანალიტიკური თვალსაზრისით კიდევ ნაადრევია.

მომავალი გვიჩვენებს, მინსკში დაწყებული ეს პროცესი რამდენად შეიძლება საგარეო პოლიტიკური კურსის ფუნდამენტური ცვლილების წინა პირობა გახდეს. დაბეჯითებით ამის მტკიცება ჯერ ანალიტიკური თვალსაზრისით კიდევ ნაადრევია

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის რომ მინსკში გამართული შეხვედრის შემდეგ მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დე ფაქტო აღდგენილია.

უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე რომ ეს შეხვედრა რუსეთს სჭირდებოდა, თან ძალიან, აქაოდა მეზობლებთან პრობლემები არ ვაქვს, იმპერიალისტურ ომებს არ ვაწარმოებო. ახლა როცა ევროპა უკრაინის საკითხში უკან დახევას არ აპირებს, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ რუსებთან დიალოგი დავიწყეთ?

რაც შეეხება შეხვედრის გამართვის ადგილს, ბელორუსი დამოუკიდებელი ქვეყანა კია, მაგრამ, მას რომ სრულად რუსეთი აკონტროლებს, ეს გარემოებაც ბევრ პასუხგაუცემელ კითხვა აჩენს.

ამ თემაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა - „ჩვენ არაფერი გვქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში, რომ თუნდაც, ეს ყოფილიყო მინსკში - უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები“.

რუსულ-ქართული შეხვედრის გამართვას მოსკოვი და იგივე ბატონი მიხილ გალუზინი საქართველოსგან 2021 წლიდან ითხოვდა, თან საქართველოს პარტნიორების გარეშე.

მინსკის შეხვედრის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ დე-ფაქტო დიპლომატიური ურთიერთობა აღდგენილია?

- ჩემი აზრით, მინსკის შეხვედრას დიპლომატიური ურთიერთობების დე-ფაქტო აღდგენას ჯერ ვერ დავარქმევდი. ამჯერად ერთმანეთს საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები შეხვდნენ, თუმცა გიორგი ზურაბაშვილი პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატითაც მონაწილეობდა. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ რუსული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სპეციალური წარმომადგენლის სტატუსი ნახსენები, არ იყო რაც მიანიშნებს მოსკოვის განზღახვებზეც სწორედ ისე წარმოაჩინოს, თითქოს მხოლოდ ორი უწყების წარმომადგენლები იყვნენ მანდატით.

მოსკოვისთვის კი შეხვედრა ხელსაყრელია, რადგან შეუძლია საქართველოსთან პირდაპირი კონტაქტი მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზების მაგალითად წარმოაჩინოს მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხში არაფერი შეცვლილა

რაც ცნობილია, სავაჭრო და ჰუმანიტარულ საკითხებთან ერთად რეგიონულ უსაფრთხოებაზეც ისაუბრეს და შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ეს პოლიტიკური კონტაქტის გაღრმავებაა..

რაც შეეხება იმას, რატომ დათანხმდა თბილისი ახლა, მე სამ შესაძლო ძირითად მოტივს ვხედავ. ხელისუფლებას შეიძლება სურდეს, უკრაინის ომის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე მოსკოვთან ჰქონდეს არხი, რომლითაც უშუალოდ გაარკვევს რუსეთის განზრახვებს და კონკრეტულ საკითხებზე დაელაპარაკება.

ამავე დროს, ბრიუსელთან დაძაბული ურთიერთობის პირობებში, ეს შეიძლება იყოს მცდელობა, აჩვენოს, რომ საგარეო პოლიტიკაში მოქმედების სხვა შესაძლებლობებიც აქვს. მითუმეტეს აქტიურობას ვხედავთ ჩინურ მიმართულებაზეც.

მოსკოვისთვის კი შეხვედრა ხელსაყრელია, რადგან შეუძლია საქართველოსთან პირდაპირი კონტაქტი მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზების მაგალითად წარმოაჩინოს მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხში არაფერი შეცვლილა. ასევე შეიძლება “ქართულმა ოცნებამ” მოსინჯოს მოსკოვის პოზიციები “ქართული ოცნების” ძალაუფლების შენარჩუნებისასთვის მომავალში მნიშვნელოვან შიდა პოლიტიკურ ნაბიჯებთან მიმართებაში. ესეც საყურადღებო საკითხია.

ჩემთვის მთავარი საზომი იქნება, დარჩება თუ არა ოკუპაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები ჟენევის დღის წესრიგში, სადაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც მონაწილეობენ

ქალბატონ ბოჭორიშვილს იმაში ვეთანხმები, რომ რუსეთთან საუბრის არ უნდა გვეშინოდეს. მაგრამ იმისთვის, რომ შიშის საფუძველი არ იყოს მტკიცედ უნდა იყო წარმოდგენილი, შენი პარტნიორებით და გულშემატკივრებით ზურგგამაგრებული. ამ მხრივ მოსკოვთან მარტოობა სერიოზულ რისკებსა და საფრთხეებს შეიცავს. არაა მოსკოვი მარტივი მომლაპარაკებელი, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია ეს.

ასევე, შეხვედრის ადგილსაც აქვს მნიშვნელობა. პრაღიდან მინსკში გადასვლა პოლიტიკური არჩევანია და მაინტერესებს, რა მიიღო საქართველომ ამ არჩევანის სანაცვლოდ.

მინსკი მოსკოვის ახლო მოკავშირეა და მისთვის ხელსაყრელი გარემოა ორმხრივი შეხვედრის გასამართად. თბილისმა უკეთ უნდა განმარტოს, რა მანდატი აქვს ამ ფორმატს და სად გადის მისი ზღვარი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან მიმართებაში. ჩემთვის მთავარი საზომი იქნება, დარჩება თუ არა ოკუპაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები ჟენევის დღის წესრიგში, სადაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც მონაწილეობენ.

მე უფრო რეალურად მიმაჩნია, რომ მოსკოვი ეტაპობრივად შეეცდება ისეთი შეთანხმებების მიღწევას, რომლებშიც სტატუსი პირდაპირ ნახსენები არ იქნება, მაგრამ ხელმომწერი მხარეების ფორმითა და ვალდებულებების განაწილებით მისთვის სასურველი შედეგი დადგება

თუ ამ საკითხებზე არსებითი მოლაპარაკება თანდათან მინსკში გადავა, თბილისი დაკარგავს იმ მხარდაჭერას, რომელსაც მრავალმხრივი ფორმატი აძლევს. სწორედ ეს იქნება გაცილებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილება, ვიდრე მხოლოდ ის, თუ რა სახელს დავარქმევთ 19 ნოემბრის შეხვედრას.

- ამ შეხვედრის შემდეგ რუსული პროპაგანდა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები საუბრობენ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე.

მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეგნებულად და მკაფიოდ, სულ ცოტა ხნის წინ პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებდა - „რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მანამდე არ მოხდება ვიდრე არ მოხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დეოკუპაცია,“

ამ დროს, ვხედავთ, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად რეალური ნაბიჯები იდგმება. თუმცა, ცხადია, საქართველოსა და რუსეთს შორის დილომატიურ აღდგენაზე ოფიციალური თბილისი, ამ ეტაპზე ვერ წავა თუნდაც იმიტომ რომ სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საელჩოებია.

2008 წლის სექტემბრის შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მოსკოვი ოფიციალური თბილისისაგან „ახალი რეალობის“ აღიარებისკენ მოუწოდებს. მოსკოვი ამ აღიარებების უკან წაღებას რომ არ აპირებს ვიცით.

მეტიც, კულუარებში კარგა ხანია საუბრობენ თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე რომელიც მისაღები იქნება მოსკოვისთვის, მაგრამ, არა საქართველოსთვის. ამ თემაზე აქამდე, რაც მოსმენილი მაქვს, აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ერთიანობას და ასე შემდეგ.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ოფიციალურმა თბილისმა მიიღოს თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის ურთიერთობების ის მოდელი, რომელსაც მას მოსკოვი კარგა ხანია სთავაზობს?

- ჩემი შეფასებით, ამ ეტაპზე დაბალია ალბათობა, რომ თბილისი ღიად მიიღებს მოდელს, რომელიც სოხუმსა და ცხინვალს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიაზრებს. პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინაც თქვა, რომ ოკუპაცია და რუსეთის მიერ ორი რეგიონის აღიარება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ბარიერებია.

მინსკში შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, თუმცა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, სტატუსზე რაიმე შეთანხმება არ ჩანს. ამიტომ მხოლოდ ამ შეხვედრიდან ვერ დავასკვნიდი, რომ თბილისი მოსკოვის პირობების მისაღებად ემზადება.

მე უფრო რეალურად მიმაჩნია, რომ მოსკოვი ეტაპობრივად შეეცდება ისეთი შეთანხმებების მიღწევას, რომლებშიც სტატუსი პირდაპირ ნახსენები არ იქნება, მაგრამ ხელმომწერი მხარეების ფორმითა და ვალდებულებების განაწილებით მისთვის სასურველი შედეგი დადგება.

სიფრთხილეა საჭირო, თუ დღის წესრიგში აფხაზეთის გავლით ტვირთების მოძრაობა დადგება. წინასწარ უნდა ვიცოდეთ, ვინ გააკონტროლებს და შეამოწმებს ტვირთს და სად, ვისი საბაჟო დოკუმენტები გამოიყენება და რა სტატუსით ჩაერთვება თითოეული მხარე

ამის მაგალითია ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება, რომლის დადების აუცილებლობაზეც გალუზინი სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბრობდა.

აქ გადამწყვეტია, ვინ ვის წინაშე იღებს ვალდებულებას და პრინციპის დონეზე რატომ უნდა აიღოს ეს ვალდებულება საქართველოს სახელმწიფომ საერთოდ. ძალის გამოყენებას თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ლეგიტიმური პრინციპები გააჩნია, ისეთი ქვეყნებისთვის, რომელთა ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. თუ თბილისი სოხუმსა და ცხინვალთან ცალ-ცალკე მოაწერს ხელს, რუსეთი კი თავად ვალდებულებას არ აიღებს, მოსკოვი შეეცდება, საკუთარი თავი კონფლიქტის მხარის ნაცვლად შუამავლად წარმოაჩინოს.

იგივე სიფრთხილეა საჭირო, თუ დღის წესრიგში აფხაზეთის გავლით ტვირთების მოძრაობა დადგება. წინასწარ უნდა ვიცოდეთ, ვინ გააკონტროლებს და შეამოწმებს ტვირთს და სად, ვისი საბაჟო დოკუმენტები გამოიყენება და რა სტატუსით ჩაერთვება თითოეული მხარე.

ასეთი პირობები გვაჩვენებს, გვაქვს საქმე პრაქტიკული პრობლემის მოგვარებასთან თუ მოსკოვის მიერ შექმნილი წესების დამკვიდრებასთან.ამიტომ მე დღეს უფრო ეტაპობრივი დათმობების რისკს ვხედავ.

ჩემი შეფასება შეიცვლება, თუ დავინახავთ, რომ უსაფრთხოების საკითხებზე არსებითი მოლაპარაკება ჟენევიდან მინსკში გადადის, ან თბილისი თანხმდება ფორმულაზე, რომელიც რუსეთის პასუხისმგებლობას გვერდს უვლის

ჩემი შეფასება შეიცვლება, თუ დავინახავთ, რომ უსაფრთხოების საკითხებზე არსებითი მოლაპარაკება ჟენევიდან მინსკში გადადის, ან თბილისი თანხმდება ფორმულაზე, რომელიც რუსეთის პასუხისმგებლობას გვერდს უვლის.

სწორედ ასეთ ნაბიჯებს უნდა დავაკვირდეთ. ამასთან ერთად, ამ დათობების რისკი და ალბათობა შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთანაც იქნება კავშირში. არაფერს, ვამბობ, იმაზე რომ რეგიონალურ პროცესებზე გადამწყვეტ გავლენას უკრაინის ომის შედეგები იქონიებს.

ბრიუსელში, პარიზსა და რომში გაცილებით მეტი კითხვა გაჩნდება, თუ მინსკში გადავა მსჯელობა ოკუპაციაზე, ძალის გამოუყენებლობასა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში ევროპელ პარტნიორებს გაუჩნდებათ კითხვა, რატომ დათანხმდა თბილისი უსაფრთხოების საკითხების განხილვას ფორმატში, სადაც თავად ისინი აღარ მონაწილეობენ

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის რომ მინსკში გამართული შეხვედრა და საქართველოსთან ურთიერთობების საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე აღდგენა „არის რუსეთის მხრიდან სიმბოლური დემონსტრაცია იმისა რომ რუსეთს კავკასიაში ისეთივე გავლენები აქვს, როგორც სსრკ-ს დროს ჰქონდა“.

მეტიც, მათივე მტკიცებით, „გაუგებარია, რატომ არის საქართველო საერთაშორისო პოლიტიკაში რუსეთის პოლიტიკის ნებაყოფილობითი მსხვერპლი და რატომ არის ახლა საქართველო რუსული თამაშის ნაწილი“.

გარდა ამისა, დღის წესრიგში დადგება „ჟენევის ფორმატის“ არსებობა-არასებობის საკითხი. „ჟენევის ფორმატის არსებობა მთელ მსოფლიოს ახსენებდა რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის არსებობის შესახებ“.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება ლამის ყოველ დღე ლანძღავდა და აგინებდა ევროკავშირს, მას სსრკ-ს ადარებდა და ასე შემდეგ. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა პრაქტიკულად მინიმუმამდე დაყვანილი. მეტიც, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, დღეს ევროკომისიისვე შეფასებით, „მხოლოდ ქაღალდია“.

ბევრი ვარაუდობს, რომ „ჟენევის ფორმატი“ მალე დასრულდება, რადგან მასში მონაწილეობაზე რუსები, აფხაზები და სამხრეთელი ოსები სინქრონულად იტყვიან უარს.

მინსკში გამართული რუსულ-ქართული შეხვედრის შემდეგ, რა პოზიცია შეიძლება ჰქონდეს ბრიუსელს, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს საქართველოს მიმართ?

რადგან „ჟენევის ფორმატი“ შესაძლოა მალე დასრულდეს, ეს რა გზავნილი იქნება ბრიუსელთვის, ვაშინგტონისთვის, ლონდონისთვის, ან თუნდაც პარიზისა და რომისთვის?

- ჩემი აზრით, ბრიუსელი მინსკის შეხვედრას იმის მიხედვით შეაფასებს, რა საკითხებზე გაგრძელდება იქ საუბარი. სავაჭრო და ჰუმანიტარულ საკითხებზე რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი საქართველოს ადრეც ჰქონდა.

ბრიუსელში, პარიზსა და რომში გაცილებით მეტი კითხვა გაჩნდება, თუ მინსკში გადავა მსჯელობა ოკუპაციაზე, ძალის გამოუყენებლობასა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში ევროპელ პარტნიორებს გაუჩნდებათ კითხვა, რატომ დათანხმდა თბილისი უსაფრთხოების საკითხების განხილვას ფორმატში, სადაც თავად ისინი აღარ მონაწილეობენ.

პუტინის პოზიცია ამ შეხვედრამ საერთაშორისო ასპარეზზე გარკვეულწილად გააუმჯობესა. დასავლეთის პოზიციების რეალურ დასუსტებაზე კი მაშინ ვისაუბრებდი, თუ ამ კონტაქტს უკრაინისა და ევროპელების მონაწილეობის გარეშე მათი უსაფრთხოების საკითხებზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მოჰყვება

შენჟენში პუტინს არც ახალი საერთაშორისო სტატუსი მიუღია. მან მიიღო პოლიტიკური შესაძლებლობა, თავი მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე მსჯელობის აუცილებელ მონაწილედ წარმოეჩინა­

ჟენევის ფორმატის დასრულებაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევად მიმაჩნია. მისი 68-ე რაუნდი 10–11 ნოემბერს გაიმართა. 18 ნოემბერს ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის, თანათავმჯდომარის როლი გააგრძელოს და რუსეთს 2008 წლის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა. საქართველოს მთავრობის ცნობით, მინსკის შეხვედრაზეც ხაზი გაესვა ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობას. ამიტომ დღეს მთავარი კითხვაა, დარჩება თუ არა ჟენევაში ის საკითხები, რისთვისაც ეს ფორმატი შეიქმნა. ფორმატი შეიძლება არსებობდეს და პოლიტიკური მნიშვნელობა მაინც დაკარგოს, თუ არსებითი მოლაპარაკება სხვაგან გადავა.

დასავლეთისთვის გზავნილი იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ და რა პირობებში იტყვის უარს ჟენევაზე. თუ მოსკოვი და სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლები მონაწილეობას შეწყვეტენ, ამას, ჩემი აზრით, პარტნიორები რუსეთის მხრიდან მრავალმხრივ პროცესზე ზეწოლად აღიქვამენ.

თუ თბილისიც დაეთანხმება მინსკის ფორმატით ჟენევის ჩანაცვლებას, ბრიუსელში, ვაშინგტონში, ლონდონში, პარიზსა და რომში ამას უკვე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ არჩევანად წაიკითხავენ. განსაკუთრებით ხელშესახები იქნება ცვლილება ბრიუსელისა და ვაშინგტონისთვის. ევროკავშირი ჟენევის თანათავმჯდომარეა, აშშ კი დისკუსიების მონაწილე.

არ მგონია აშშ-ის ინტერესებში ევროპის აბსოლუტურად დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბება იყოს. ეს გაჭირდება კიდევაც, ევროპის ვაშინგტონზე დიდი ენერგეტიკული დამოკიდებულებების პირობებში, რაც უკრაინაში ომის შედეგად განვითარდა

ევროკომისიამ გაფართოების ბოლო ანგარიშის წარდგენისას ისედაც თქვა, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. ჟენევის დასუსტება ამ ურთიერთობას კიდევ ერთ პრობლემას დაუმატებს. ევროკავშირი შეიძლება კვლავაც მტკიცედ უჭერდეს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იმავდროულად ნაკლებად ენდობოდეს თბილისის გადაწყვეტილებებს უსაფრთხოების საკითხებში. ჩემი აზრით, საქართველოსთვის ყველაზე მძიმე შედეგი სწორედ ის იქნება, რომ პარტნიორები ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ დაიცავენ, მაგრამ იმ მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც ჩვენი უსაფრთხოების საკითხები წყდება, მათი ადგილი აღარ იქნება და კაცმა არ იცის საბოლოოდ ეს რა გავლენას იქონიებს პარტნიორების მხარდაჭერაზე მომავალში.

- საუბარი უნდა გავაგრძელოთ ჩინეთის ქალაქ შენჟენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის შედეგებით.

ჩინეთში პრეზიდენტ სი ძინ პინის-ტრამპისა და პუტინის შეხვედრების ფარგლებში პრეზიდენტ სის მხრიდან პრეზიდენტ პუტინის არა ერთი პროტოკოლური დამცირება ვიხილეთ. არც იალტა -2-ის მსგავსი რამ მომხდარა, რაზეც რუსული და ნაწილობრივ ქართული მედია საუბრობდა.

მაგრამ, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში მიღებულ იქნა ერთობრივი დეკლარაციით, რომელზეც სიტყვით პრეზიდენტი პუტინი გამოვიდა.

დამკვირვებელთა ნაწილის შეფასებით ამ ფორუმზე დასავლეთის პოზიციები, რომელსაც ებრძვის პუტინი გარკვეულ წილად დასუსტდა, მაგრამ, პუტინი პოზიციები პირიქით, გარკვეულ წილად, გაუმჯობესდა კიდეც.

ამ სამიტზე პუტინმა, როგორც უკრაინა-რუსეთს შორის ომის დამწყებმა, რომლის დაკავების შესახებ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება აქვს მიღებული „მსოფლიო მშვიდობაზე პასუხისმგებელი ლიდერის“ სტატუსიც კი მიიღო.

ეს რომ ასე მოხდა ჩინეთის პრეზიდენტის გარდა, აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის დამსახურებაა, რომელიც მას შემდეგ, რაც იგი თეთრ სახლში შევიდა ცდილობს იზოლაციაში მყოფი პუტინი და რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე დააბრუნოს და დააბრუნა კიდეც. თან, ამ სამიტმა ჰააგის სასამართლოს უთხრა რომ პუტინი სამხედრო დამნაშავე კი არა, მსოფლიოში მშვიდობაზე პასუხისმგებლობაც კი ეკისრებაო.

მე კი შევეცადე მოკლედ აღმეწერა რაც მოხდა, თქვენ როგორ შეაფასებდით ჩინეთის ქალაქ შენჟენში მომხდარს?

- ჩემი შეფასებით, შენჟენში ყველაზე მეტი პოლიტიკური სარგებელი ჩინეთმა მიიღო. სი ძინპინმა ერთ მაგიდასთან დასვა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები და აჩვენა, რომ პეკინს შეუძლია უსაფრთხოების საკითხებზე ამ დონის შეხვედრის მასპინძლობა. პუტინისთვისაც ეს დიპლომატიური წარმატება იყო. ტრამპის მონაწილეობამ შეხვედრას ის პოლიტიკური წონა მისცა, რომელსაც პუტინი მხოლოდ სისთან შეხვედრით ვერ მიიღებდა.

რაც შეეხება პროტოკოლს, ეს უფრო რუსეთის დღევანდელი მდგომარეობის გამოძახილია გლობალურ არენაზე. ის არ არის ვაშინგტონის და პეკინის თანასწორი ძალა, მიუხედავად უზარმაზარი შესაძლებლობებისა. ამიტომ თავისი ადგილი მიანიშნეს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის ფორმატი და მასპინძლის როლი ჩინეთის კიდევ უფრო მზარდ გავლენას უსვამდა ხაზს.

ასევე, „იალტა 2-ზე“ საუბრის საფუძველს ვერ ვხედავ. APEC-ის 21 წევრი ეკონომიკის დეკლარაცია ძირითადად ვაჭრობას, ინვესტიციებსა და ეკონომიკურ თანამშრომლობას ეხება. სამი ლიდერის შეხვედრაზე კი უკრაინასა და ბირთვული რისკების შემცირებაზე იმსჯელეს, თუმცა უკრაინაში ომის დასრულებაზე ან ევროპის უსაფრთხოების ახალ მოწყობაზე შეთანხმება არ გამოცხადებულა. პუტინის პოზიცია ამ შეხვედრამ საერთაშორისო ასპარეზზე გარკვეულწილად გააუმჯობესა. დასავლეთის პოზიციების რეალურ დასუსტებაზე კი მაშინ ვისაუბრებდი, თუ ამ კონტაქტს უკრაინისა და ევროპელების მონაწილეობის გარეშე მათი უსაფრთხოების საკითხებზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მოჰყვება.

ჩემი შეფასებით, უკრაინის ომის შემდგომი მშვიდობა ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი იქნება. საბოლოო ნიშნით, ვითარება მრავალ პოლუსიანი, ან უფრო კონკრეტულად ორ პოლუსიანი სამყაროს ჩამოყალიბებისკენ მიდის, თუმცა თავისი სფეციფიკური სხვაობებით, რაზეც გავლენას თანამედროვე ტექნოლოგიური და სოციო-ეკონომიკური და კულტურული ტენდენციები ახდენს

გარდა ამისა, ჩინეთის სტრატეგიული კულტურა, გნებავთ საგარეო პოლიტიკური ხედვები, არ გულისხმობს პირდაპირ ასეთ ხისტ დამოკიდებულებას საგარეო პოლიტიკისადმი, როგორიც შეიძლება ყოფილიყო “იალტა-2”-ის მსგავსი დღის წესრიგის გატარება. პეკინი ჯერჯერობით უფრო მეთოდურად და რბილად მუშაობს, არაპირიდაპირი მეთოდების აქტიური გამოყენებით. ტაივანის საკითხიც ჯერ კიდევ წინაა გადასაწყვეტად.

ჰააგის საკითხში კი, პოლიტიკური ეფექტი და სამართლებრივი შედეგი უნდა გავმიჯნოთ. სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულმა გზავნილმა საერთაშორისო სასამართლოების მიერ იურისდიქციის შესაძლო ბოროტად გამოყენებაზე კრემლს საშუალება მისცა, ეჭვქვეშ დაეყენებინა სასამართლოს ლეგიტიმაცია. სამართლებრივად პუტინის მდგომარეობა ამით არ შეცვლილა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაკავების ორდერი უკრაინელი ბავშვების სავარაუდო უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანის საქმეზე გასცა. შენჟენში პუტინს არც ახალი საერთაშორისო სტატუსი მიუღია. მან მიიღო პოლიტიკური შესაძლებლობა, თავი მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე მსჯელობის აუცილებელ მონაწილედ წარმოეჩინა.

ვვარაუდობ, რომ ევროპა რუსეთთან შეზღუდულ დიალოგზე წავა. ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე, მათი შესრულების შემოწმებაზე და მომავალში შეიარაღების კონტროლზე შეთანხმებას რუსეთის მონაწილეობაც სჭირდება. უფრო ფართო შეთანხმებისთვის კი მოსკოვმა უნდა აჩვენოს, რომ მზად არის, აიღოს და შეასრულოს შემოწმებადი ვალდებულებები

ჩემთვის მთავარი ისაა, რას მოითხოვს ვაშინგტონი მოსკოვისგან ამ დიალოგის შედეგად. თუ ამას ცეცხლის შეწყვეტისკენ რეალური ნაბიჯი და უკრაინისთვის სანდო უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმება მოჰყვება, შეხვედრას პრაქტიკული შედეგიც ექნება. ამ ეტაპზე პუტინმა უკვე მიიღო მაღალი დონის პოლიტიკური ტრიბუნა, უკრაინისთვის კი კონკრეტული შედეგი ჯერ არ ჩანს.

ისიც უნდა ითქვას, რომ იალტა 2-ზე საუბარი გლობალურ ჭრილში თუ შევაფასებთ გეოპოლიტიკურ სურათს, არა სწორი ანალოგიაა. იალტაში მეორე მსოფლიო ომში უკვე თითქმის გამარჯვებული მხარეები იჯდნენ, დღეს კი ჩვენ გეოპოლიტიკურ ჭრილში ტრანსოფრმაციულ ეტაპზე ვიმყოფებით, რომლის შედეგადაც ახალი გლობალური ძალთა ბალანსი დამკვიდრდება.

ჩემი შეფასებით, უკრაინის ომის შემდგომი მშვიდობა ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი იქნება. საბოლოო ნიშნით, ვითარება მრავალ პოლუსიანი, ან უფრო კონკრეტულად ორ პოლუსიანი სამყაროს ჩამოყალიბებისკენ მიდის, თუმცა თავისი სფეციფიკური სხვაობებით, რაზეც გავლენას თანამედროვე ტექნოლოგიური და სოციო-ეკონომიკური და კულტურული ტენდენციები ახდენს.

უკრაინას ევროპის უსაფრთხოების მოწყობაში სრულფასოვანი მონაწილის როლი ექნება. ევროპისთვის მისი თავდაცვისუნარიანობა უკვე საკუთარი უსაფრთხოების ნაწილია. რუსეთს ექნება ადგილი იმ მოლაპარაკებებში, სადაც მისგან კონკრეტული ვალდებულებების აღებაა საჭირო

ცალკეულ რეგიონებს და სუბ-რეგიონებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნებათ. გაიზრდება ასევე რეგიონალური ალიანსებისა და ახალი ფორმატების მნიშვნელობაც.

- ვხედავთ, რომ უკრაინა-რუსეთის ომში ევროპის როლი იზრდება. ევროპა არ აპირებს უარი თქვას უკრაინის დახმარებაზე. ახლა განსაკუთრებით, როცა აშშ-ი შუალედური არჩევნების შემდეგ პრეზიდენტ ტრამპის პოზიციები შესუსტებულია.

ახლა უცნაური ისაა, აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა გარემოცვამ ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე დაიწყეს საუბარი. სხვა საკითხია მათ ახლა დაუჯერებს თუ არა. კიდევ უფრო უცნაური ისაა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას მყისიერად აჰყვა პუტინის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში უშაკოვი, რომელმაც განაცხადა - „რუსეთი მზადაა უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაში მონაწილეობა მიიღოს.“

რუსეთი კია მზად, მაგრამ, ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურა ევროპას უკრაინის გარეშე არ წარმოუდგენია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თუ ამ პროცესში უნდა მონაწილეობა პუტინს და რუსეთს, ოკუპირებული დონბასიდან გამოსვლაზე უნდა იფიქროს.

ამის ნაცვლად კი ჩინეთიდან დაბრუნებულმა პუტინმა კვლავ განაცხადა რომ უკრაინული დონბასის ჯერ ვერ დაპყრობილი ტერიტორიებს მოითხოვს. ანუ, იმის დაკანონებას, რაც რუსეთმა უკრაინას საერთაშორისი სამართლის დარღვევით წაგლიჯა.

ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია რომ ოფიციალური კიევი და ყირიმელი თათრები ყირიმში ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნას აპირებენ ნახევარკუნძულის დეოკუპაციის შემდეგ. როგორც ცნობილია, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნას მხარს თურქეთი უჭერს.

სავარაუდოდ, როგორ გაგრძელდება ევროპა რუსეთის ურთიერთობები? ევროპის მხარდაჭერა უკრაინისადმი? ევროპამ რა როლი შეიძლება განუსაზღვროს ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში უკრაინას და რუსეთს, რომელსაც ცოტა ხნის წინ კრემლი ანგარიშგასაწევ ძალად არ თვლიდა?

- ჩემი შეფასებით, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და შეეცდება, ომის დასრულების პირობების განსაზღვრაშიც უფრო დიდი როლი ითამაშოს. ეს მხოლოდ ტრამპის პოზიციებზე ან ამერიკის შუალედური არჩევნების შედეგებზე არ არის დამოკიდებული. ევროპელებს საკუთარი უსაფრთხოების საკითხი უდგათ.

თუ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთს ძალების აღდგენისა და ომის განახლების შესაძლებლობა ექნება, ამ შეთანხმების შედეგებთან გამკლავება პირველ რიგში უკრაინას და ევროპას მოუწევთ.

ამიტომაც ევროპელი პარტნიორები უკვე მსჯელობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გრძელვადიან მხარდაჭერაზე, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგზე და ევროპელების ხელმძღვანელობით მრავალეროვნული ძალის შესაძლო განთავსებაზე, აშშ-ის მხარდაჭერით. თუმცა, არ მგონია აშშ-ის ინტერესებში ევროპის აბსოლუტურად დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბება იყოს. ეს გაჭირდება კიდევაც, ევროპის ვაშინგტონზე დიდი ენერგეტიკული დამოკიდებულებების პირობებში, რაც უკრაინაში ომის შედეგად განვითარდა.

რაც შეეხება მოსკოვს, უშაკოვის განცხადება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. კრემლი ვაშინგტონის ინიციატივაში ხედავს შესაძლებლობას, უკრაინის ომის თაობაზე მოლაპარაკება ევროპის უსაფრთხოების უფრო ფართო გადასინჯვას დაუკავშიროს.

შემთხვევითი არ არის, რომ მოსკოვი ისევ უბრუნდება 2021 წლის მოთხოვნებს, მათ შორის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს სამხედრო ყოფნის შემცირებას. ამას ემატება პუტინის მოთხოვნა დონბასის იმ ნაწილზეც, რომელსაც რუსეთი დღემდე ვერ აკონტროლებს. ეს გვიჩვენებს, რა პირობებით სურს კრემლს ამ პროცესში შესვლა.

მე ვვარაუდობ, რომ ევროპა რუსეთთან შეზღუდულ დიალოგზე წავა. ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე, მათი შესრულების შემოწმებაზე და მომავალში შეიარაღების კონტროლზე შეთანხმებას რუსეთის მონაწილეობაც სჭირდება. უფრო ფართო შეთანხმებისთვის კი მოსკოვმა უნდა აჩვენოს, რომ მზად არის, აიღოს და შეასრულოს შემოწმებადი ვალდებულებები.

(000000000000000000000000)

რამდენად შორს წავა ეს პროცესი, დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებენ თუ არა უკრაინა, ევროპა და აშშ საერთო პოზიციის შენარჩუნებას. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ საფუძველს ვთქვათ, რომ ევროპამ დონბასიდან რუსეთის სრული გასვლა ნებისმიერი მოლაპარაკების წინაპირობად დააყენა. მისი გაცხადებული პოზიციაა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მხარდაჭერა. ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე შეთანხმება თავისთავად ამ ხაზის სახელმწიფო საზღვრად აღიარებას არ ნიშნავს.

ყირიმის შემთხვევაში ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ ნახევარკუნძულის დეოკუპაცია და უკრაინის შემადგენლობაში მისი ავტონომიის მომავალი მოდელი. მუსტაფა ჯემილევის განცხადება აჩვენებს, რომ კიევსა და ყირიმელი თათრების წარმომადგენლებს შორის ამ მეორე საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

ავტონომიის მომავალი ფორმა უკრაინის შიდა კონსტიტუციური საკითხია, რომელსაც თავად უკრაინა ყირიმელი თათრების მონაწილეობით გადაწყვეტს თუ ამის შესაძლელობა მიეცა ოდესმე.

უკრაინას ევროპის უსაფრთხოების მოწყობაში სრულფასოვანი მონაწილის როლი ექნება. ევროპისთვის მისი თავდაცვისუნარიანობა უკვე საკუთარი უსაფრთხოების ნაწილია. რუსეთს ექნება ადგილი იმ მოლაპარაკებებში, სადაც მისგან კონკრეტული ვალდებულებების აღებაა საჭირო. ამ პროცესის შედეგს კი იმით შევაფასებდი, ექნება თუ არა უკრაინას საკუთარი საგარეო და უსაფრთხოების კურსის არჩევის თავისუფლება და მიიღებს თუ არა ისეთ გარანტიებს, რომლებიც ომის განახლების შემთხვევაში რეალურად ამოქმედდება.

კიდევ ერთი, ეგზისტენციური საკითხი იქნება, ომის შემდგომი უკრაინის პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული პროგრესი. მშვიდობის შემდგომ კიევს ბევრი შიდა და საგარეო გამოწვევა ექნება. მტერი არ მისცემს მოდუნების საშუალებას უკრაინელ ხალხს.

- რამდენადაც შესაძლებელი იყოს მეტ-ნაკლებად ვიმსჯელეთ აქტუალურ თემებზე, მაგრამ, კიდევ ერთ საკითხზე უნდა გკითხოთ.

მოძრაობა „ჯერ საქართველოს“ კარგა ხანია შეტანილი აქვს იუსტიციის სამინისტროში განცხადება პარტიის დაფუძნებაზე. როგორც ვიცით, თქვენი განცხადება რამდენჯერმე ხარვეზიანად ჩათვალეს და ამიტომ ყოვნდება თქვენი მოძრაობის პარტიად დარეგისტრირება.

ამ თვალსაზრსით ახლა რა მდგომარეობა გაქვთ?

- ამ მხრივ სიტუაცია უცვლელია. კიდევ ერთხელ მოხდა განხილვის ვადის გაგრძელების მოთხოვნა შესაბამისი უწყების მხრიდან. ისევ ველოდებით და მივყვებით ფორმალურ პროცესებს. ვნახოთ რა იქნება საბოლოოდ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი