პარლამენტის წევრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, სამი ცარიელი მჭიდი და ჯავშანჟილეტი, რომელიც მამამისის მევლუდ ხაჩიძის სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს, 1990-იანი წლების ცხინვალის კონფლიქტის დროიდან მორჩენილი ნივთებია. ხაჩიძის განცხადებით, ის პირადად არ იცნობს მამა-შვილ ზურაბ და თენგიზ ციცქიშვილებს, რომელთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია საუბარი, თუმცა ადასტურებს, რომ მამამისი მევლუდ ხაჩიძე და ზურაბ ციცქიშვილი 1990 წლის კონფლიქტის დროს ერთ რაზმში იყვნენ გაერთიანებული და ერთად პატრულირებდნენ ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებში.
გოგა ხაჩიძის ვერსიით, მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა ციცქიშვილების სახლში აღმოაჩინეს ტყვიები და დაინტერესდნენ იმით, თუ საიდან ჰქონდათ მათ საბრძოლო მასალა, ციცქიშვილებმა, სავარაუდოდ, ახსენეს, რომ მევლუდ ხაჩიძე მათი თანამებრძოლი იყო და სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა გამოძიება ხაჩიძეების სახლის ჩხრეკით.
როგორც უმცირესობის ლიდერი აცხადებს, მისი მამის სახლში აღმოჩენილი ცარიელი მჭიდები და ჯავშანჟილეტი მხოლოდ და მხოლოდ 22 წლის წინანდელი ისტორიის ნაწილია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სურამში ყოფილი გარემოს დაცვის მინისტრისა და დეპუტატის, გოგა ხაჩიძის მშობლების ბინის ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შსს-ს ხაშურის რაიონული სამმართველოს სურამის განყოფილებაში 2012 წლის 29 ნოემბერს შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე.
"ამ საქმეზე, 2012 წლის 29 ნოემბერს, შსს ხაშურის რაიონული სამმართველოს სურამის განყოფილების თანამშრომლების მიერ, გაჩხრეკილი იქნა ხაშურის რაიონ დაბა სურამში მოქალაქე ზურაბ ციცქიშვილის საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ერთი მჭიდი, 17 ცალი ვაზნა და ავტომატის საწმენდი. ზურაბ ციცქიშვილისა და მისი მამის, თენგიზ ციცქიშვილის მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ გამოძიებამ მიიღო ინფორმაცია, რომ შესაძლებელი იყო მევლუდ ხაჩიძეს მართლსაწინააღმდეგოდ ჰქონოდა შენახული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2012 წლის 01 დეკემბერს დილის 07:00 საათზე, გაჩხრეკილი იქნა ხაშურის რაიონ სოფელ ურთხვაში მცხოვრები მევლუდ ხაჩიძის საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც ამოღებული იქნა სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სამი ცალი ცარიელი მჭიდი და ერთი ცალი ჯავშანჟლეტი. მევლუდ ხაჩიძე დაკითხული იქნა მოწმის სახით",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იხილეთ ვიდეო: "ჩემი მშობლების სახლში ავტომატს ეძებდნენ" - სურამში გოგა ხაჩიძის სახლი გაჩხრიკეს