იციკ მოშე - მე რომ საქართველოში ისრაელის ელჩი ვიყო, ჩავთვლიდი, რომ ჩემი მისია ამ ქვეყანაში ჩავარდა

მე რომ დღეს საქართველოში ისრაელის ელჩი ვიყო, თანამდებობას დავტოვებდი, - ამის შესახებ საქართველო – ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ საქართველოს მიერ პალესტინის სტატუსის მხარდაჭერის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, თანამდებობას დატოვებდა არა გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლის პოზიციის გამო, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ მისიას წარუმატებლად ჩათვლიდა.

"მე რომ დღეს ვიყო საქართველოში ისრაელის ელჩი, დავტოვებდი თანამდებობას. არა გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლის პოზიციის გამო, არამედ ჩავთვლიდი, რომ ჩემი მისია ამ ქვეყანაში ჩავარდა. ძნელბედობის ჟამს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მეგობარი ქვეყნები, როგორიცაა ისრაელი და საქართველო, გვერდით დაუდგნენ ერთმანეთს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სახალხო დიპლომატიის საშუალებით ჩვენი ქვეყნების მცხოვრებთა დაახლოება. ორმხრივი ბიზნესსაქმიანობების გაღრმავება არის საუკეთესო გზა ისრაელსა და საქართველოს შორის მყარი ხიდის აშენებისთვის. ორმა მიმართულებამ - სახალხო დიპლომატიამ და ბიზნესურთიერთობებმა უნდა უკარნახონ მთავრობებს ორივე მხარეს, რომ გაუჩნდეთ მეორე მხარის პროფესიონალურად შესწავლის სურვილი და ერთმანეთთან მიმართებაში სტრატეგიულად და ადეკვატურად დაგეგმონ სამომავლო ქმედებები. წარსულის და დღევანდელ მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა არაორდინალურ შემთხვევაში მოსალოდნელია გართულებები", - აცხადებს იციკ მოშე.

პალესტინას გაერო-ში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა, რომელიც გაერო-ს წევრი არ არის. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის- საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო 9-მ ხმა წინააღმდეგ მისცა. სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისარელი და აშშ.

სტატუსის გაზრდა პალესტინელებს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის უფლებას აძლევს, ასევე ზრდის მათი მონაწილეობის დამაჯერებლობას გაერო-ს სხვადასხვა სააგენტოებში და საერთაშორისო სასამართლოში, თუმცა ეს ავტომატურად არ ხდება.

პალესტინის ადმინისტრაციის თავმჯდომარემ მაჰმუდ აბასმა გაერო-ს სრულუფლებიან წევრობაზე განაცხადი 2011 წელს შეიტანა. თუმცა, აღნიშნულმა განცხადებამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერა ვერ მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო