თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საიუბილეო წელი გამოაცხადა. 2013 წლის 8 თებერვალს უნივერსიტეტი 95 წლის გახდება. იუბილეს აღსანიშნავად უნივერსიტეტი სხვადასხვა მიმართულებით პროექტებისადა ღონისძიებების ციკლს გეგმავს. საიუბილეო წლის გამოცხადებაზე უნივერსიტეტმა ორი პროექტი წარადგინა.
ღონისძიება სტუდენტური ფოტოკონკურსის "UNI კადრი" საუკეთესო ფოტოების გამოფენით გაიხსნა. ორგანიზატორებმა დამთვალიერებლებს შესთავაზეს გასულ საუკუნეში გადაღებული ფოტოები და დღევანდელობა, სტუდენტების ფოტოობიექტივში მოხვედრილი უნივერსიტეტი და უნივერსიტეტელები.
ფოტოკონკურსი უნივერსიტეტში ერთი თვის განმავლობაში ტარდებოდა. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გადაეღოთ უნივერსალური კადრი უნივერსიტეტის შესახებ. კონკურსში სამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული დასახელდა. კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, საპრიზო თანხა 600 ლარი სამ გამარჯვებულზე თანაბრად განაწილდა. უნივერსიტეტის საუკეთესო პორტრეტის ავტორი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი მეკო გრიშაშვილი გახდა, შენობის ფასადის საუკეთესო ფოტოკადრი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ერეკლე ქადაგიძემ გადაიღო, ხოლო სასწავლო პროცესისა და სტუდენტური ცხოვრების ამსახველი საუკეთესო კადრისთვის ჯილდო ჰუმანიტარულ მეცნერებათა ფაკულტეტის სტუდენტ გიორგი კობახიძეს ერგო. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ახალგაზრდა ფოტოგრაფები მინიდა მიდელაშვილი, ანა გოგუაძე და უნივერსიტეტის წარმომადგენელი ნინო ქუთათელაძე შედიოდნენ.
თავისი რჩეული გამოავლინა ელექტრონული წიგნების პორტალმა ლიტ.გე, რომელმაც საუკეთესო ფოტოს ავტორს "იოტა-რიდერი" (ელექტრონული წიგნების წამკითხველი), ხოლო გამარჯვებულ სამეულს ვაუჩერები გადასცა.
ფოტოკონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ ღონისძიებაზე მეორე სტუდენტური პროექტის - "სექტორი 12"-ის ფინალი გაიმართა. პროექტის მიზანი იყო სათავგადასავლო ტურის მეშვეობით სტუდენტები უკეთ დაუფლებოდნენ უნივერსიტეტის ისტორიას და შეეტყოთ უფრო მეტი უნივერსიტეტის მოღვაწეების შესახებ.
შემეცნებითი პროექტი გულისხმობდა უნივერსიტეტის პირველი კორპუსისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დაყოფას პირობით 12 სექტორად. თითოეულ სექტორში განთავსებული იყო სპეციალური კოდი, რომელსაც კონკურსანტები მინიშნებების ამოხსნის გზით პოულობდნენ. კოდების მოწოდების შემდეგ თითოეულმა მონაწილემ მიიღო კონკურსის სიმბოლო. 12 სიმბოლოს მფლობელი 12 ფინალისტი ერთმანეთს ინტელექტუალურ თამაშში შეეჯიბრა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"