საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის 500 ლარიანი ჯარიმა 200 ლარამდე მცირდება.
მთავრობამ პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტით მიმართა, რომელიც რიგ საკითხებთან ერთად საგადასახადო კუთხით დაწესებული სანქციების შემცირებასაც ითვალისწინებს. ეს სალარო აპარატებსაც ეხება.
მოქმედი საგადასახასდო კოდექსით, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენებაც 500 ლარიანი ჯარიმის გამოწვევის საფუძველია. წარმოდგენილი ცვლილებით, აღნიშნულ ქმედებებზე დაწესებული 500 ლარიანი ჯარიმა 200 ლარამდე მცირდება.
გარდა ამისა, დღეს მოქმედი კოდექსით, საქონლის ზედნაზდების გარეშე ტრანსპორტირებისათვის გათვალისწინებულია 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ქმედების განმეორებისას ჯარიმა 5 000 ლარამდე იზრდება, ხოლო მომდევნო განმეორებაზე - 10 000 ლარამდე. ინიცირებული პროექტის მიხედვით კი, ყოველ შემდეგ განმეორებაზე სანქციის ოდენობად განსაზღვრულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
მთავრობა პარლამენტისგან საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების პროქტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.