სომეხი პოლიტიკური პატიმარი ჯავახეთიდან ვაჰაგნ ჩახალიანი საპატიმროდან გათავისუფლდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სომეხთა სამოქიცულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
ეპარქიის ინფორმაციით, რუსთავის № 1 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჩახალიანს ახლობლები დახვდნენ.
გვიან ღამით იგი საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მიიღო.
"ხელისუფლების შეცვლისა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად კვლავ თავისუფლებაშია ცნობილი სომეხი მოღვაწე, სამართლიანობისათვის მებრძოლი, რომელიც 2001 წლიდან საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა ჯავახეთში სომხური ეკლესიების შენარჩუნების, სკოლებში მშობლიური ენის სწავლების, ჯავახეთის სომხების უფლებათა დაცვის მიმართულებით. ნათესავებისა და მეგობრების თანხლებით პოლიტიკური პატიმარი თბილისის ავლაბრის წმინდა ეჯმიაწინ ეკლესიაში მივიდა, სადაც მას სასულიერო პირებსა და სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი დახვდა. ვაჰაგნ ჩახალიანს მიესალმნენ 10 დღის წინ გათავისუფლებული სომეხი პოლიტიკური პატიმრები - არმენ გევორგიანი და რუბენ შეკოიანი", - ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.
ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა სასულიერო პირებთან ერთად ლოცვა აღავლინა და თავისუფლებაში დაბრუნებული ვაჰაგნ ჩახალიანი დალოცა.
სულიერმა ლიდერმა გამოსვლაში მაღალი შეფასება მისცა ახალი მთავრობის სამართლიან და ჰუმანურ ნაბიჯს.
"მან მიულოცა ახალგაზრდას, რომელმაც ზოგიერთ პირთა ახირებით და ცრუ ბრალდებით ოთხნახევარი წელი დაჰყო საპატიმროში. მან იბრძოლა სიცოცხლისა და იმ იდეებისათვის, რომლებსაც ავრცელებდა არა მხოლოდ ჯავახეთსა და სამშობლოში, არამედ დიასპორაში. ეპისკოპოსმა მას სულიერი წამებული უწოდა, რომელიც სასჯელს სიმართლისთვის იხდიდა. ვაჰაგნ ჩახალიანი ტელეფონით აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ. ვაჰაგნ ჩახალიანმა მადლობა გადაუხადა უწმიდესსა და უნეტარესს მზრუნველობისა და ყურადღებისთვის. ვაჰაგნ ჩახალიანმა მადლიერების სიტყვით მიმართა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს, სომხური ეპარქიის ლიდერს, სასულიერო პირებს, საპატიმროებთან მუშაობისათვის პასუხისმგებელ ჰუსიკ ჰარუთიუნიანს, წინამძღვრის თანაშემწეს მიქაელ ავაქიანს და ყველა სომეხს, ვინც მას საპატიმროში სტუმრობდა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ეპარქიის ინფორმაციით, ჩახალიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ახალ ხელისუფლებას, პარლამენტს, სამშობლოსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, ვინც მისი გათავისუფლებისთვის ძალისხმევა არ დაიშურა.
"მე ვიბრძოდი სამართლიანობისთვის. ჩვენი მოვალეობაა, ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ენისა და ჩვენი ხალხის ერთგული დავრჩეთ და ეს იდეები გადავცეთ ჩვენს თაობებს", - განაცხადა ვაჰაგნ ჩახალიანმა.
ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოში სომხეთის საელჩოშიც იმყოფებოდა, სადაც მას საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰოვანეს მანუკიანმა უმასპინძლა.