"სევოდნია" - უკრაინაში საქართველოს ციხეებიდან გათავისუფლებულ "კანონიერ ქურდებს" ელოდებიან

უკრაინაში საქართველოდან "კანონიერ ქურდებს" ელოდებიან და "ქურდული ომის" საფრთხეზე საუბრობენ,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. "სევოდნია" წერს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების #7 დაწესებულება გასულ კვირას ერთდროულად ექვსმა "კანონიერმა ქურდმა" დატოვა.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ესენი არიან - დანაშაულებრივ სამყაროში "ვალერი ქუთაისსკის" სახელით ცნობილი ვლადიმერ ძოწენიძე, ელგუჯა დიღმელაშვილი, იგივე "გუჯა", რევი დარახველიძე, რომელიც კიევში ჯიბის ქურდებს კურირებდა, ბესო პაპიაშვილი, რომელიც სავარაუდოდ, მოსკოვში ყაჩაღობებსა და ბინების ძარცვას აკონტროლებდა და ნარკობარონები - გიორგი კარანაძე და რევაზ სესკურია.

"მალე რკინის ჭიშკარი სხვა "გვირგვინოსანი" მსხდომებისთვისაც გაიღება. თითოეულ მათგანს საქართველოს ხელისუფლებამ ახლობლებთან გამოსამშვიდობებლად, ახალი პასპორტების მისაღებად და ქვეყნის დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცა. რა ხდება საქართველოში?! ექსპერტების აზრით, ახალმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა "კანონიერ ქურდებს" წინასაარჩევნო დანაპირები შეუსრულა. მათი ვარაუდით, სწორედ ამ პირების მხარდაჭერა დაეხმარა ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს საკუთარი პარტიის "ქართული ოცნების" პარლამენტში შეყვანაში. სხვადასხვა ინფორმაციით, ახლად გამომცხვარ დეპუტატებს შორის რამდენიმე ადვოკატია, რომლებიც წარსულში "კანონიერ ქურდებზე" მუშაობდნენ", - წერს "სევოდნია".

"სევოდნია" ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ "ვარდების რევოლუციამდე" საქართველოს ყველა ქუჩაზე რამდენიმე "კანონიერი ქურდი" ცხოვრობდა.

"მათგან ზოგიერთმა სტატუსი ფულით შეიძინა. სხვები კი "გვირგვინოსნები" წესების დაცვით გახდნენ და დსთ-ს მასშტაბით ე.წ ქურდული მენტალიტეტის მქონე პირებს შორის პატივისცემით სარგებლობდნენ. ყველას ჰყავდა თავისი გუნდი, ჰქონდა ძლიერი კავშირები მაღალჩინოსნებთან და მონაპოვარს ღარიბ მოსახლეობას უნაწილებდა. ქართველი ბიჭები უკვე 10 წლიდან ოცნებობდნენ "ქურდის გვირგვინზე". სააკაშვილის გამარჯვების შემდეგ სახელმწიფომ კრიმინალურ ავტორიტეტებს ომი გამოუცხადა. პარლამენტმა მიიღო მკაცრი კანონი, რომელიც მხოლოდ "მეფის" სტატუსის გამო დაპატიმრების შესაძლებლობას იძლეოდა. როგორც ცნობილია, "კანონიერი ქურდები" თავად დანაშაულს არ სჩადიან და მათი პასუხისგებაში მიცემა რთულია. ასობით ავტორიტეტი ქვეყნიდან გაიქცა, დანარჩენები კი გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. თუმცა, "კანონიერი ქურდები" ციხიდანაც უწევდნენ ფინანსურ დახმარებას მათ, ვისაც ეს სჭირდებოდა", - "სევოდნიას" ცნობით, ამის შესახებ ერთ-ერთმა ქართველი პოლიტოლოგმა განაცხადა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლებრივი დეპარტამენტის წარმომადგენელი კი ვარაუდობს, რომ გათავისუფლებული "ქურდების" უმეტესობა კიევში ჩავა.

"რუსეთშიც, საქართველოს მსგავსად "კანონიერი ქურდებისთვის" მკაცრი კანონები მოქმედებს. ბელორუსში ლუკაშენკოს ფაქტორია, ამიტომ არ გამოვრიცხავ, ჩვენთან გავლენის სფეროებზე "ქურდული ომი" დაიწყოს", - აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლებრივი დეპარტამენტის წარმომადგენელი.

უკრაინის შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გენადი მოსკალის ინფორმაციით, უკრაინაში დღეს "კრიმინალური სამყაროს 40-მდე "მეფე" ცხოვრობს.

გენერალი ცოტა ხნის წინ გამოვიდა ინიციატივით, "კანონიერი ქურდების" სტატუსის გამო დევნის შესახებ, ისევე, როგორც ეს საქართველოში გაკეთდა.

"საქართველოს მოსახლეობისთვის მთავარია, "კანონიერმა ქურდებმა" ხელისუფლებაზე გავლენა არ აღიდგინონ, ამიტომ მათ საზღვარგარეთ გაშვებას მიესალმებიან. რას გააკეთებენ ავტორიტეტები უკრაინაში, ქართველებს არ აღელვებთ",- წერს "სევოდნია".

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია