3 მარტს, საქართველოს 11 ქალაქში, ინგლისური ენის ოლიმპიადის "King’s English"-ის პირველი ტური გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მასშტაბით ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან, ზუგდიდიდან, გორიდან, ფოთიდან, ახალციხიდან, ოზურგეთიდან, ზესტაფონიდან და თელავიდან 450 სკოლის 12093 მოსწავლე დარეგისტრირდა.
"პირველი ტური ჩატარდება 4 ნაკადად და ყველა ზემოაღნიშნულ ქალაქში ერთდროულად გაიმართება: III, IV, კლასი - 3 მარტი, 10:00 საათი, V, VI კლასი 12:00 საათი, VII, VIII კლასი – 14:00 საათი, IX, X, XI კლასი – 16:00 საათი, თბილისის ტური საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6-ე კორპუსში გაიმართება", - აცხადებენ სამინისტროში.
ორგანიზაცია "კინგსი" საერთაშორისო დონის ოლიმპიადებს საქართველოს მასშტაბით ატარებს. ანალოგიური პროექტი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით 2012 წელს საქართველოს 8 დიდ ქალაქში წარმატებით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ "კინგსი" მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებთან და სტუდენტურ თვითმმართველობებთან. პროექტის განმავლობაში ორგანიზაცია 180-მდე სტუდენტს ასაქმებს.