პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალთან რიგითი მოქალაქეები მიდიან, სანთლებს ანთებენ, მემორიალს ტიტებითა და გვირგვინებით ამკობენ და 1989 წლის 9 აპრილს რუსული ჯარის მიერ დაღუპულ ახალგაზრდებს იხსენებენ.
9 აპრილის მემორიალთან მივიდა ვახტანგ ტატიშვილი. მან მემორიალთან სანთლები აანთო, ჟურნალისტებთან საუბრისას კი განაცხადა, რომ 9 აპრილი საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის არის როგორც ტრაგიკული დღე, ვინაიდან 1989 წელს უმოწყალოდ იქნენ დახოცილი აქციის მონაწილეები, ასევე სასიხარულოც, ვინაიდან, სწორედ 9 აპრილს ჩაეყარა საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობას.
ვახტანგ ტატიშვილმა 9 აპრილის მემორიალთან ლექსი წაიკითხა. ეს ლექსი რუსულ ენაზეა დაწერილი და მას ეკუთვნის. ლექსში მოთხრობილია 1989 წლის მოვლენები, თუ რა გააკეთა რუსულმა ჯარმა საქართველოში, ასევე საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში თუ როგორი გენოციდი და ტრაგედია მოაწყო.
ასევე ვახტანგ ტატიშვილმა რუსულ ენაზე დაწერილი ლექსით ისიც აღნიშნა, რომ რუსული ჯარი არ ნიშნავს რუსეთს და ორმა ერმა უნდა იმეგობროს ჯარისა და კონფლიქტების გარეშე.