უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს აკაკი ბობოხიძეს დღევანდელმა სესიამ 20 წლის წინანდელი პარლამენტი და საქართველოს დსთ-ში გაწევრიანების საკითხზე გამართული დებატები გაახსენა .
პარალელები 20 წლის წინანდელ მოვლენებთან ბობიხიძემ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვისას გაავლო.
"ნამდვილად არ მეგონა, თუ 20 წლის შემდეგ ისევ იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი და იგივე მდგომარეობაში დაბრუნებულ საქართველოს ვნახავდი. მახსენდება 1992-1995 წლების პარლამენტი, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კანონპროექტებს ვუყრიდით კენჭს. მაშინ სწორედ ასე, როგორც ახლა ვიქცევით ოპოზიცია, ვიქცეოდი ჩემს კოლეგებთან - დათო ბერძენიშვილთან, ფრიდონ საყვარელიძესთან ერთად. ზუსტად იგივე ტექსტები, რაც დღეს თქვენგან გვესმის, შევარდნაძის მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან გვესმოდა. მესმოდა ერთი ცნობილი პოლიტიკოსის მხრიდან, დსთ-ში რომ შევიდოდით, როგორ დაიძვრებოდა კარაქითა და რძით დატვირთული თვითმფრინავები რუსეთიდან და როგორ აყვავდებოდა საქართველო. როცა 1993 წლის 28 ივნისის ხელშეკრულებას ხელს ვაწერდით, მახსოვს ზუსტად ასეთი შეფასებები, თუ როგორ ავაყვავებდით და ავაშენებდით სოხუმს. დღეს ზუსტად იგივე მდგომარეობაში ვართ! ახლა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და როგორც ჩანს, საქართველომ 20 წლის შემდეგაც ვერ ისწავლა ჭკუა!", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
დეპუტატმა უმრავლესობის "რესპუბლიკელ" წევრებს მოუწოდა, "დაეცვათ ის პრინციპული პოზიცია, რომელიც მათ პოლიტიკაში ახასიათებდათ".
ამასთან, ბობოხიძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მზად არის "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭიროს, თუკი კანონის "შერბილება" მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას არ აღიარებენ.