ვანო მერაბიშვილი უარყოფს, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ასეულობით ათასი ევრო ამოიღეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ, ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მერაბიშვილმა მას განუმარტა, რომ სახლში ჰქონდა სიდედრის ქონებიდან შემოსული 58 000 ევრო და სახარჯოდ განკუთვნილი 18 000 ლარი.
ჩივიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და უარყოფს გამოძიების ბრალდებას, რომ ის დასაქმების პროგრამიდან თანხას ფლანგავდა. რაც შეეხება კვარიათის სახლს, როგორც ადვოკატი განმარტავს, მერაბიშვილისთვის უცნობია, საერთოდ რაზეა საუბარი.
ვანო მერაბიშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, გოგიტა გაბაიძის ინფორმაციით კი, რომელიც თბილისში, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბინის ჩხრეკას ესწრება, მერაბიშვილის სახლიდან 5 000 ლარის ოდენობის ფულადი თანხა ამოიღეს.
თავისი დაცვის ქვეშ მყოფს წინასწარი დაკავების იზოლატორში შეხვდა ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატი გიორგი გელხაურიც. მისი თქმით, ჭიაბერაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.
"მივიჩნევთ, რომ მისი დაკავება გაუმართლებელი იყო იმის გამოც, რომ ჭიაბერაშვილი რამდენჯერაც დაიბარეს დაკითხვაზე, იმდენჯერ გამოცხადდა. ასევე, პროკურატურას გაუჭირდება რაიმე სახის აღკვეთი ღონისძიების გატარების მოთხოვნა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე", - აღნიშნა გელხაურმა.