საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოწამე შალვა ახალციხელის ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების ტაძარში აღავლენს.
შალვა ახალციხელი თამარ მეფის მხედრობაში გამორჩეული მეომარი იყო. იგი წმ. მეფემ ჯერ ახალციხის მთავრად დანიშნა, ხოლო შამქორზე გამარჯვების შემდეგ მანდატურთუხუცესობა უბოძა.
ბასიანის ბრძოლაში 1204 წ. ქართველთა მხედრობას შალვა ძმასთან, ივანე ახალციხელთან ერთად წინამძღოლობდა. წმიდა თამარის ასულის, რუსუდანის მეფობის დროს საქართველოში დიდძალი ლაშქრით ჯალალედინი შემოიჭრა. მოწინავე ლაშქარს ძმები მეთაურობდნენ. ივანე ათაბაგს კი ძირითად ნაწილთან ერთად გადამწყვეტი იერიში უნდა მიეტანა.
ბრძოლის დროს ძმებს მაშველი ჯარი არ დაეხმარა. ივანე ახალციხელი ბრძოლაში დაიღუპა, შალვა კი ტყვედ ჩაიგდეს.
ჯალალედინმა მას სარწმუნოების გამოცვლა მოთხოვა. წმ. შალვა ახალციხელი საპყრობილეში ჩააგდეს და წამებით მოკლეს. იგი 1227 წელს აღესრულა. წმინდანი ფარულად დამარხეს, მის საფლავს კი ნათლის სვეტი დაადგა.
შალვა ახალციხელისადმი დიდი სიყვარულის გამო ხალხმა მას სიმღერა "შავლეგო" მიუძღვნა.