წიგნის მაღაზია "ბიბლუსში" დღეს ჯუმბერ პატიაშვილის ისტორიულ-მემუარული წიგნის "23 წლის შემდეგ" პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას ავტორის მეგობრები, მათ შორის როინ მეტრეველი, თამაზ ტყემალაძე, ნუგზარ რუხაძე, გურამ ყორანაშვილი, მამუკა გიორგაძე და სხვები დაესწრნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ჯუმბერ პატიაშვილმა აღნიშნა, წიგნში საუბარია მის მიერ განვლილ გზაზე და მოღვაწეობის ბოლო პერიოდზე, რომელიც, ავტორის შეფასებით, "სამწუხაროდ, მძიმე იყო".
"ვცადე, წიგნისა და დისკის საშუალებით მკითხველმა და მაყურებელმა დაინახოს, რა იყო, რა ხდებოდა და რატომ აღმოვჩნდით ამ მდგომარეობაში", - აღნიშნა ჯუმბერ პატიაშვილმა.
წიგნის თანაავტორია ჟურნალისტი ელგა ფოლადიშვილი. მისი ინფორმაციით, წიგნში ერთი ადამიანის ბიოგრაფიით ქვეყნის ისტორიაა მოყოლილი. ფოლადიშვილის თქმით, ჯუმბერ პატიაშვილი მკითხველს ყველაფერს უყვება, რაც მის მეხსიერებას შემორჩა.
"არის პოლიტიკური შეფასებები, საუბარია 9 აპრილზე, თუმცა წიგნი კონკრეტულად 9 აპრილის გამო არ დაწერილა. ამ წიგნში ნათლად ჩანს, რამ მიგვიყვანა 9 აპრილამდე და რა შედეგებით გაგრძელდა ცხოვრება მას შემდეგ. წიგნის სასვენი ნიშანიც კი არ არის ყალბი", - აღნიშნა ელგა ფოლადიშვილმა.
გამომცემლების ინფორმაციით, ავტორმა თავად ისურვა, რომ მისი წიგნი გამომცემლობა "პალიტრა L"-ს დაებეჭდა. "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორის, ნინო დეკანოსიძის თქმით, აღნიშნული წიგნი ერთი ადამიანის თვალით დანახულ საქართველოს უახლეს ისტორიაზეა. მისივე ცნობით, წიგნს თან მოჰყვება CD დისკი, რომელიც დოკუმენტურ, ვიდეო და ფოტომასალას შეიცავს. დეკანოსიძის ინფორმაციით, წიგნში ყურადღების გარეშე დარჩენილი არ არის საქართველოში განვითარებული კულტურულ-სამეცნიერო მოვლენები.
ჯუმბერ პატიაშვილის ისტორიულ-მემუარული წიგნის "23 წლის შემდეგ" შეძენა მკითხველებს 15 ლარად შეეძლებათ, თუმცა დღეს გამომცემლობა "პალიტრა L"-ისა და "ბიბლუსის" ერთობლივი ინიციატივით, პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს წიგნის შეძენის შესაძლებობა 10 ლარად ჰქონდათ.