გიორგი თარგამაძე "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებში კარგი შედეგის მიღწევის დაბალ თვითრწმენას ამჩნევს. როგორც "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ამაზე მეტყველებს ის, რომ საარჩევნო გარემოს უთანასწორობასთან დაკავშირებით უამრავი პრობლემა "დახვავდა", "ქართული ოცნება" და მისი ლიდერები კი მზად არ არიან, გაიზიარონ არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობოების მიერ შეთავაზებული პრინციპული საკითხები.
"ეს "ქართული ოცნების" კანდიდატის დაბალ თვითრწმენაზე მიუთითებს, რაც ჩვენთვის, როგორც ოპონენტებისთვის ცუდი არ არის, მაგრამ ცუდია პროცესისთვის. პირველად, საქართველოს უახლეს ისტორიაში ვიღებთ სურათს, როდესაც საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილია მხოლოდ ორი სუბიექტი. შეთანხმებული მემორანდუმის შინაარსშიც კი, რომელსაც გასულ კვირას უყარეს კენჭი, შეიტანეს ცვლილებები, გატეხეს პირი, დაარღვიეს პირობა, რაც პოლიტიკური ურთიერთობებისთვის ცუდი ნიშანია. მეორე და მესამე მოსმენით საერთოდ ამოიღეს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემზღუდავი მუხლი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა", - განაცხადა თარგამაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ ცვლილების შედეგები უკვე სახეზეა, რადგან აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ბიუჯეტს 15 მილიონი ლარი დაუმატა. "თუ ასე გაგრძელდა, ისინი ეცდებიან, დაახლოებით 200 მილიონი, რომელსაც საიდან მოიტანენ, კაცმა არ იცის, რადგან სერიოზული საბიუჯეტო პრობლემები დგება ქვეყანაში ეკონომიკის სტაგნაციის გამო, კვლავ უნდა მოხმარდეს სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვების მცდელობას. ანუ, ვიღებთ იგივე სურათს, რაც გვქონდა წინა არჩევნების დროს", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე განმარტებით, ამ და სხვა თემებზე დღეს აშშ-ის ელჩსა და ამერიკული ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა და წინასაარჩევნო ვითარების გამოსწორებაში ხელშეწყობა სთხოვა.
რიჩარდ ნორლანდი არასაპარლამენტო პარტიების ლიდერებს ამერიკის საელჩოში შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნინო ბურჯანაძე, გიორგი თარგამაძე, აკაკი ასათიანი, ფიქრია ჩიხრაძე, პაატა დავითაია, ბაჩუკი ქარდავა, კახა კუკავა, ჯონდი ბაღათურია, შალვა ნათელაშვილი და სერგო ჯავახაძე.