ვენედი ბენიძე - ახალაიასა და სხვათა საქმეზე სასამართლოა მართალი თუ პროკურატურა, ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია

თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩანა ახალაიასა და თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ გადაწყვეტილებაზე "ინტერპრესნიუსი" სამართლის დოქტორსა და სრულ პროფესორს, ვენედი ბენიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვენედი, სასამართლომ ბაჩანა ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და კიდევ 7 პირი გაათავისუფლა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმის საფუძველი და საბაბი გახდა. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე - პროკურატურის არაკვალიფიციურობასთან, თუ იმასთან, რომ სასამართლო მართლაც თავისუფალია?

- სასამართლო რომ თავისუფალი უნდა იყოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ, ახალაიასა და სხვათა საქმეზე სასამართლოა მართალი თუ პროკურატურა, ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ არ ვიცნობთ იმ არგუმენტაციას, რომლის საფუძველზეც მოსამართლემ გამამართლებელი გადაწყვეტილება დაასაბუთა. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება სწორია, მაშინ ის პირები, რომლებიც ამ საქმის გამოძიებაში მონაწილეობდნენ, დაწყებული რიგითი გამომძიებლიდან, დამთავრებული პროკურატურის უმაღლესი თანამდებობის პირით, ყველანი უნდა გადადგნენ. ეს ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც ბრალი წაუყენა და ვინც პასუხისგებაში მისცა ახალაია და სხვები. ხუმრობა არ გახლავთ გენერლის დაკავება და შემდეგ იმის თქმა, რომ იგი არაფერში დამნაშავე არაა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა დანაშაულის მტკიცებულებები, როგორც ამას პროკურატურა ამტკიცებს, მოსამართლემ მაინც გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, ასეთ შემთხვევაში უნდა დადგეს მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. ვიმეორებ, ვინაიდან ახალიასა და სხვათა საქმეზე საქმის მასალებს არ ვიცნობთ, სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება ჯერჯერობით ძალიან ძნელია.

- პარლამენტარ თინა ხიდაშელის განმარტებით, "პროკურორებმა ჯერ ვერ გაიგეს, რომ სხვა საქართველოში ცხოვრობენ". მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი კი არ ეთანხმება აზრს, რომ "ახალაიას უდანაშაულოდ ცნობა, ბრალდების მხარის სისუსტემ განაპირობა". თქვენი აზრით, მართლაც არ იციან პროკურორებმა, რომ 1-ელი ოქტომბრის შემდეგ საქართველო სხვა ქვეყანაა და სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი პროკურატურის სისუსტის ბრალია?

- საუბარია, მტკიცებულებათა შეფასებაზე, კბილაშვილს მიაჩნდა, რომ მას ჰქონდა საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ახალია და სხვები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. სასამართლომ ეს საკმარისად არ მიიჩნია. ახლა რომელია მათ შორის მართალი, ამის შესახებ ზემდგომი სასამართლო იმსჯელებს. პროკურატურა ალბათ გაასაჩივრებს. თუ ზემდგომმა ინსტანციებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიარეს და თუ სამართლებრივად სასამართლო სწორია და ეს სხვა ინსტანციის სასამართლოებმაც დაადასტურეს, მაშინ ჩვენ არანაირი უფლება არ გვექნება მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანოთ.

- თუ მთავარი პროკურორი "ახალაიას მიმართ გამამართლებელ განაჩენს პროკურატურის სისუსტედ არ მიიჩნევს", მაშინ რატომ აპირებს გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრებას, როგორც ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ გაავრცელა?

- რომ არ მიაჩნია "სისუსტედ" და პროკურატურის პოზიციას მყარად მიიჩნევს, იმიტომაცაა, რომ პროკურატურა ზემდგომ ინსტანციაში ასაჩივრებს. ფაქტობრივად, ახლა სამართალს მთავარი პროკურორიც ეძებს. ასაჩივრებს ზემდგომ ინსტანციაში და იქ შეეცდება დაამტკიცოს, რომ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები პირთა დამნაშავედ ცნობისათვის.

- რადგან პროკურატურამ ვერ შეძლო ბრალდების დასაბუთება, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პროკურატურამ იმთავითვე "შეთითხნილი ბრალდებებით" წაუყენა ბრალი ახალაიასა და დანარჩენ პირებს და, შესაბამისად, ამგვარი ბრალდებები არ შეიძლებოდა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი ყოფილიყო...

- სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ამის თქმის საფუძველი არ არსებობს. პროკურატურას მიაჩნდა და მიაჩნია, რომ მას ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ პასუხისგებაში მიცემულ პირთა მიმართ გამოტანილიყო გამამტყუნებელი განაჩენი. სასამართლომ ასე არ ჩათვალა, ახლა მხარეები ეჯიბრებიან ერთმანეთს. ის, თუ მათ შორის ვინაა მართალი, მაშინ გამოჩნდება, თუ სასამართლო შეძლებს თავისი გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებას.

თავიდანვე ცხადი გახლდათ, რომ დღევანდელი პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, პროკურატურას სასამართლოში საქმის გატანა გაუჭირდებოდა. პროკურატურამ კარგად იცის, რომ დღევანდელი სასამართლო პროკურატურის მიმართ ძალიან კრიტიკულია. ამიტომ ახლა, როცა არ ვიცით, რის საფუძველზე მიიღო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი, ძნელი სათქმელია, საქმის შესწავლას ხელი პროკურატურამ დააკლო თუ მოსამართლემ ჩაიდინა გადაცდომა. ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდება, როცა საქმე ზემდგომ ორ ინსტანციას გაივლის. სასამართლოსა და პროკურატურის მართებულობასა თუ ბრალეულობაზე კასაციის შემდეგ საუბარი დაბეჯითებით შეგვეძლება.

- საზოგადოების ის, ნაწილი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას არ მალავს, იმასაც კი ამტკიცებს, რომ ახალაიას საქმესთან დაკავშირებით საქმე გვაქვს წინა და ახალ ხელისუფლებებს შორის გარკვეულ გარიგებასთან, ანუ საუბარია იმაზე, თითქოს ახალაიამ "ნაცმოძრაობის" გენმდივან ვანო მერაბიშვილზე პროკურატურისათვის სასარგებლო ჩვენებები მისცა. თქვენ ამგვარ რამეს გამორიცხავთ? თუ ასე არაა, რატომ წაუყენეს ახალაიას ბრალდება ისეთი მუხლებით, რომლის დამტკიცებაც შეუძლებელი აღმოჩნდა?

- ჩემი აზრით, პროკურატურამ ახალაიასა და სხვებს იმ მტკიცებულებებზე წაუყენა ბრალი, რის შესახებაც მასალები არსებობდა. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, მე მტკიცებულებათა სამართლის სპეციალისტი გახლავართ და ახლა მარჩიელობას ნამდვილად ვერ დავიწყებ და ჩემს სუბიექტურ მოსაზრებებზე ვერ ვისაუბრებ. მე ყოველთვის ფაქტობრივი გარემოებებიდან მსჯელობას ვარჩევ. ამიტომ, როგორც პროფესიონალს, თუ რა შეიძლება ყოფილიყო, ან არ ყოფილიყო, კულისებს მიღმა, ამაზე საუბარი ნამდვილად არ მეკადრება.

- ახალაიას საქმეზე სასამართლოს გამამართლებელ განაჩენზე "ნაცმოძრაობის" ლიდერებმა ასეთი კომენტარი გააკეთეს - "ლეგენდა, თითქოს ახალაია მწამებელი იყო, გაქარწყლებულია". სასამართლოს გადაწყვეტილებამ თქვენ თუ გაგიქარწყლად ეჭვები ახალაიას "მწამებლობის" შესახებ?

- ჯერ არც მე და არც საზოგადოება არ ვიცნობთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. როცა გვექნება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლიანად გაცნობის საშუალება, მე ჩემი მოსაზრება მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მქონდეს. შესაძლოა, მოსამართლის მიერ მოყვანილი არგუმენტები სრულიად მისაღები აღმოჩნდეს, მაგრამ არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ გამამართლებელ განაჩენში სისულელეები ეწეროს. იურისპუდენცია ისეთი მეცნიერებაა, რომელსაც საქმეში არც აჩქარება და არც ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება არ უყვარს.

- ახალაიას ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სასამართლო დარჩენილ ორ საქმეზე ადეკვატურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. თქვენი ვარაუდი როგორია?

- ამაზე წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი, ვინაიდან საქმეს არ ვიცნობ და ამ თემაზე საუბარი მხოლოდ მარჩიელობის ტოლფასი იქნებოდა. ფაქტია, რომ სასამართლო არ გახლავთ თავისუფალი. ეს რომ ასეა, ამის კარგი მაგალითი გახლდათ მოსამართლეთა კონფერენციის შედეგები და ის, თუ როგორ დაკომპლექტდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

- პრეზიდენტმა თენგიზ გუნავა შეიწყალა. იურისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამის უფლება მას არ ჰქონდა, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ჰქონდა. თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს გუნავას შეწყალების უფლება?

- სამართლებრივი თვალსაზრისით პრეზიდენტს გუნავას შეწყალების უფლება ჰქონდა. პრეზიდენტი გახლავთ უფლებამოსილი პირი, რომელსაც შეწყალების უფლებამოსილება აქვს. მაგრამ, თუ ვისაუბრებთ მიზანშეწონილობაზე, მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი რა თქმა უნდა, არასწორად მოიქცა. ყოვლად დაუშვებელი და მიზანშეუწონელი იყო იმ კაცის შეწყალება, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, აღიარა და დანაშაულისთვის ციხეში სულ რამდენიმე კვირა იჯდა. ის, რომ პრეზიდენტმა გუნავას ჩადენილი დანაშაული აპატია, სწორედ ეს გახლავთ აფსურდი. მაგრამ ვიმეორებ, სამართლებრივად, მას გუნავას შეწყალების უფლება ნამდვილად ჰქონდა.

- საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს სასამართლოს მიერ ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის გამო. თქვენი აზრით, როგორ იმოქმედებს ეს ახალი ხელისუფლების იმიჯზე და 27 ოქტომბრისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე?

- მე ისევ ჩვენი საუბრის დასწყისში ნათქვამს დავუბრუნდები - თუ პროკურატურას არ ჰქონდა მტკიცებულებები და სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო და ამაში დარწმუნდა საზოგადოება, ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს ახალი ხელისუფლების იმიჯზე. მაგრამ თუ სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიღო გამამართლებელი განაჩენი და ვიღაცის პოლიტიკური შეკვეთა შეასრულა, მაშინ სასამართლოს პასუხიმგებლობის საკითხი დადგება და არა პროკურატურის. თუმცა, ის რომ სასამართლოებს არაადეკვატური განაჩენები და აშკარად უსამართლო გადაწყვეტილებები გამოაქვთ, ესეც ახალი ხელისუფლების ბრალია, რის შესახებაც მე არა ერთხელ აღმინიშნავს და ახლაც გავიმეორებ.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში