სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი შალვა ბრაჭული მძღოლების პროტესტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც შალვა ბრაჭულის განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრში განხორციელებული ცვლილებები განპირობებულია "შრომის კოდექსში" შეტანილი ცვლილებებით.
"დღევანდელი მდგომარეობით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მძღოლებს ანაზღაურების სახით დაერიცხებათ 844 ლარი, ხოლო მათი მორიგეობების რაოდენობა შეადგენს თვეში 8 მორიგეობას. ისინი იმორიგევებენ ყოველი მესამე დღის ნაცვლად, ყოველ მეოთხე დღეს. საათობრივი ანაზღაურება არ შეცვლილა და შეადგენს 4.40 ლარს. აღსანიშნავია ისიც რომ მორიგეობების რაოდენობა ყველა მძღოლს თანაბრად გადაუნაწილდა. ამ დრომდე მძღოლების მორიგეობების გრაფიკი საკმაოდ არათანაბრად იყო განაწილებული, ზოგიერთ მათგანს თვეში 12–15 მორიგეობა, ზოგს კი 5 მორიგეობა უწევდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოქტომბრის თვიდან ქალაქს მოემსახურება დამატებით კიდევ 20–25 ბრიგადა, შესაბამისად, გაიზრდება მძღოლების მორიგეობების რაოდენობაც.
ამასთანავე, შექმნილი ვითარება, უფრო გარედან მართვად პროცესს გავს და პირად ინტერერესებს ემსახურება, ვიდრე მძღოლებისას და შეცდომაში შეჰყავთ როგორც ჩვენი მძღოლები, ასევე საზოგადოება. მათი მოთხოვნა ხელფასების გაზრდის თაობაზე, არ არის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელობის პრეროგატივა, ეს საკითხი წყდება ქალაქის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების პარალელურად. ასევე მიმდინარობს კონსულტაციები შესაბამის უწყებებთან, ახალი წლიდან სასწრაფოს ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ანაზღაურების გაზრდას ითვალისწინებს. უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ჩვენს მიერ დასაქმდა 40 ადამიანი და ამდენივე ოჯახს გაუჩნდება შემოსავლის წყარო. ჩვენი სამსახური ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და შექმნილი გარემოება არ იქონიებს გავლენას ჩვენს მომსახურებაზე", - აღნიშნულია განხადებაში.
თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მძღოლები კი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან და აცხადებენ, რომ მათი ხელმძღვანელობა ახალი შრომის კოდექსით მანიპულირებს და უკეთესი შრომითი პირობების ნაცვლად, ხელფასებს უმცირებს.