ნინო ბურჯანაძე ცაგერისა და ლენტეხის მოსახლეობას შეხვდა

პრეზიდენტობის კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველო ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის და რუსეთთან მოლაპარაკების გზით აუცილებლად მოაგვარებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "დემოკრატიული მოძრაობიდან" აცნობეს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნინო ბურჯანაძე შეხვედრებს ცაგერისა და ლენტეხის მოსახლეობასთან მართავს. ცაგერში ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძე მეუფე სტეფანემ საკუთარ რეზიდენციაში მიიღო და დალოცა.

დღესვე, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ლენტეხის მოსახლეობას შეხვდა, სადაც მოსახლეობის უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა.

"მე არ მიკვირს, რომ ამდენი ხალხი დამხვდა აქ, რადგან ლეჩხუმი არის ჩემი კუთხე, მე ლეჩხუმელი ვარ, ჩემი სოფელი ორბელი აქედან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით არის. ჩემთვის ეს ადამიანები ძალიან ახლობლები და ძვირფასები არიან. თუმცა, რა თქმა უნდა, მთელი საქართველო ჩემი სამშობლოა. მე დღეს მათ გავაცანი ჩემი საპრეზიდენტო პროგრამის ძირითადი მიმართულებები. მე ძალიან კარგად ვიცი ამ კუთხის პრობლემები, ალბათ ამიტომაცაა, რომ განსაკუთრებული აქტიურობა მოსახლეობის მხრიდან კითხვების დასმის თვალსაზრისით არ ყოფილა. მე ყველა იმ პრობლემაზე და მათი მოგვარების გზებზე ვისაუბრე, რომელიც ამ კუთხეში აწუხებთ", _ განაცხადა ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ.

პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ადამიანები 27 ოქტომბერს მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და საპრეზიდენტო არჩევნებში იგი გაიმარჯვებს.

"მე აუცილებლად გავაკეთებ იმას, რასაც ვპირდები ხალხს, აუცილებლად დავასრულებ იმ ტაძრის მშენებლობას, რომელიც დავიწყეთ 2008 წელს და რომელიც გააჩერეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ლეჩხუმელების იმედები, ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხის შვილების იმედები, გავამართლო პრეზიდენტად არჩევის შემდეგ", _ აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟურნალისტებთან ასევე კომენტარი გააკეთა დავით ბაქრაძის მოწოდებაზე, რომ ყველა საპრეზიდენტო კანდიდატმა ერთი დღით შეწყვიტოს წინასაარჩევნო კამპანია და სოფელ დვანში ჩავიდეს.

"დავით ბაქრაძემ ხალხს ისიც მოუწოდა, დანა-ჩანგალი აიღეთ ხელში და ისე დაიცავით საქართველოო. წესიერად მოქცეულიყვნენ ეგ და მისი პრეზიდენტი და დვანში არ ვიქნებოდით ახლა ჩასასვლელები. მე მათი კარნახის გარეშე გავაკეთებ ყველაფერს ისე, რომ მავთულხლართები საქართველოში აღარასდროს აღარ იყოს. როცა პრეზიდენტად ვიქნები არჩეული აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის და რუსეთთან მოლაპარაკების გზით აუცილებლად მოვაგვარებ ამ პრობლემას", _ დასძინა ბურჯანაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025