ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტისთვის ბიურომ ახალი ლაბორატორია შეიძინა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან აცნობეს, კომპიუტერული ექსპერტიზის ლაბორატორია ამერიკული წარმოებისაა.
განახლებული ლაბორატორია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. ადგილზე დამონტაჟდა სხვადასხვა დანიშნულების საექსპერტო მოწყობილობები და პროგრამული უზრუნველყოფები.
თანამედროვე ლაბორატორიის საშუალებით შესაძლებელი იქნება ახალი სახეობის ექსპერტიზების დანერგვაც.
საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტისთვის ბიუროში სპეციალური ოთახები მოეწყო, სადაც აღნიშნული ლაბორატორია და მათში შემავალი კომპონენტები განთავსდა.
ბიურომ ასევე შეიძინა პორტატული და სტაციონარული სასამართლო-საექსპერტო მტკიცებულებებზე სამუშაო სადგური მოქნილი და მოდულარული პლატფორმა. ეს ყოველივე ინტეგრირებული ჩაწერის დამბლოკველია, რათა არ მოხდეს ციფრულ მტკიცებულებაზე არასაჭირო ინფორმაციის ჩაწერა. დამატებით შეძენილ იქნა კიდევ მრავალი დანიშნულების საექსპერტო მოწყობილობების კრებული.
ულტრათანამედროვე აპარატურის მეშვეობით პარალელურად მოხდება მყარი დისკიდან ინფორმაციის ამოღებასთან დაკავშირებული მოწყობილობების დამონტაჟებაც.
ბიურომ თანამედროვე კომპიუტერული აპარატურა ისეთი მწარმოებელი კომპანიებისგან შეიძინა, რომელთა პროდუქციაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში უკვე აპრობირებულია.
აღნიშნული მოწყობილობები Digital Intelligence წარმოების არის, იგი აშშ-ს და ევროპის ქვეყნების საექსპერტო დაწესებულებების მიერ გამოიყენება.
ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ბიუროში სპეციალური ტრენინგ კურსი დაიწყო. იმისთვის, რომ აღნიშნული აპარატურის სრულფასოვნად გამოყენება მოხდეს, ბიუროში ამერიკელი ინსტრუქტორი ჩარლზ გიგლა ჩამოვიდა, რომელიც 3 კვირის განმავლობაში IT ექსპერტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და თანამედროვე კომპიუტერული ექსპერტიზისათვის საჭირო პროგრამებს შეასწავლის.
ბიუროს მიერ შეძენილ ახალ ლაბორატორიაში ასევე მოხდება ექსპერტიზაზე შემოსული ელექტრონული ნივთმტკიცებების, ციფრული ინფორმაციის მატარებლების კლონების, დაარქივება მონაცემთა ბაზაში.
ექსპერტიზის ბიუროს ულტრათანამედროვე კომპიუტერული ლაბორატორია გაუთანაბრდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების კომპიუტერული ექსპერტიზის ლაბორატორიებს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპიუტერული ექსპერტიზის სამმართველოს ლაბორატორია პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი თანამედროვე სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი ლაბორატორიაა.