ჟურნალ Global Finance-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე "თიბისი ბანკის" ინტერნეტ-ბანკი დასახელდა, როგორც "მსოფლიოში საუკეთესო კომუნალური გადახდების სისტემის მქონე ინტერნეტ ბანკი".
როგორც "ინტერპრესნიუსს" ბანკიდან აცნობეს, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ დაჯილდოებაზე "თიბისი ბანკმა" მეორე ნომინაციაშიც გაიმარჯვა - იგი დასახელდა "მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებ-გვერდად".
"ამ მასშტაბის საერთაშორისო აღიარება დღემდე არც ერთ ქართულ ბანკს არ ჰქონია. Global Finance-ის კონკურსის გამარჯვებულთა სიაში "თიბისი ბანკი" მოხვდა ისეთი ცნობილი და ავტორიტეტული ბანკების გვერდით, როგორებიცაა Citi, HSBC, Standard Chartered, Garanti Bank, Scotiabank და სხვა.
ჩვენთვის დიდი პატივია მივიღოთ ასეთი პრესტიჟული ჯილდო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემისგან. დღევანდელი წარმატება იმას ნიშნავს, რომ "თიბისი ბანკმა" შექმნა არა მარტო რეგიონში საუკეთესო ინტერნეტ ბანკი, არამედ ის გამორჩეული და ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიო მასშტაბითაც. ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ სტიმულს, შევინარჩუნოთ პირველობა ბაზარზე, პროგრესისა და ინოვაციის თვალსაზრისით", - აცხადებს "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.
ბანკის ინფორმაციით, Global Finance-ის ინტერნეტ ბანკის ჯილდო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა მსოფლიოში და ის უკვე მე-14 წელია ავლენს ონლაინ საბანკო სერვისების წამყვან, საუკეთესო პროვაიდერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
დღემდე "თიბისი ბანკის" ინტერნეტ და მობაილ ბანკს 9 საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. ცოტა ხნის წინ, Global Finance-მა "თიბისი ბანკის" ინტერნეტ ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ აღიარა, შემდეგ ნომინაციებში:
"საუკეთესო სამოხმარებლო ინტერნეტ ბანკი საქართველოში" (2012, 2013);
"საუკეთესო კომუნალური გადახდების სისტემა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში" (2013); "საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში" (2012, 2013).
ბანკის ცნობითვე, არანაკლები წარმატება ხვდა იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკსაც, რომელიც Global Finance-ის მიერ დაჯილდოვდა ორ ნომინაციაში: "საქართველოში საუკეთესო ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისათვის" (2013); "ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ინტეგრირებული ვებ-გვერდი" (2013).
ნიუ-იორკში გამართულ დაჯილდოებაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან მონაწილეობდა 250 ბანკი. "თიბისი ბანკის" ინტერნეტ ბანკი წარდგენილი იყო, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის საუკეთესო ონლაინ სერვისი.
დღეისათვის "თიბისი ბანკის" იურიდიული პირების ინტერნეტ ბანკის მომხმარებელთა რაოდენობა მთლიანი კორპორატიული კლიენტების 36%-ს შეადგენს, რაც ასევე დინამიკურად მზარდი მაჩვენებელია.