კომპანია RMG Copper-მა (ყოფილი სს მადნეული) FMX KH Kipper-ის თვითმცვლელის ძარით Volvo Trucks-ის 30 სატვირთო მანქანა შეიძინა.
სატვირთო მანქანების გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი დღეს, კაზრეთში, RMG Copper-ის ტერიტორიაზე გაიმართა. საქართველოში კომპანია Volvo-ს ოფიციალურ შემოსვლასთან დაკავშირებით, კაზრეთში, RMG Copper-ს კომპანია Volvo Trucks-ის პირველი პირები ესტუმრნენ. ღონისძიებაზე Volvo Trucks-ის ვიცე პრეზიდენტმა ტორბიორნ უილსონმა, RMG Copper-ის აღმასრულებელ დირექტორს - დიმიტრი კალანდაძეს სატვირთო ავტომობილების გასაღები პირადად საზეიმო ვითარებაში გადასცა.
როგორც კომპანია RMG Copper-ის მენეჯმენტში აცხადებენ, ტექნიკის განახლებისთვის სოლიდური ინვესტიცია - 4 მილიონი ევრო ჩაიდო. შედეგად, RMG Copper-ის გადაზიდვების ხარჯი 25%-ით შემცირდება. წარმატების შემთხვევაში, RMG Copper-ი ინვესტიციის გაორმაგებას გეგმავს, რათა კომპანიაში ყველა სატრანსპორტო საშუალების განახლება მოხდეს. RMG Copper-ის გენერალური დირექტორის დიმიტრი კალანდაძის ინფორმაციით, Volvo Trucks-მა აღნიშნული სატვირთო მანქანები საგანგებოდ მათი კომპანიისთვის დაამზადა, რომელთა შესყიდვაც "VTB ბანკის" თანადაფინანსებით მოხერხდა. შესყუდულ უახლეს ტექნიკას კომპანია მადანის გადასაზიდან გამოიყენებს.
"ძალიან მოხარულები ვართ, რომ "ვოლვო" საქართველოში შემოვიდა. ჩვენი კომპანია ვითარდება. ჩვენ გვჭირდებოდა ისეთი პარტნიორი, რომელთან ერთად შესაძლებელი იქნებოდა ამ განვითარებისა და წინსვლის დაზღვეულად გაგრძელება. შემდგომ ეტაპზე ჩვენ გვინდა უფრო დიდი მანქანების ჩანაცვლება, ისეთის, როგორიც არის საბჭოთა, მოძველებული "ბელაზები". "ვოლვო" არის დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია. როდესაც ჩვენ ვაკეთებდით არჩევანს, თუ რომელ კომპანიასთან დავიჭერდით საქმეს, არჩევანი "ვოლვოზე" გაკეთდა, რადგან მათი მხრიდან ყველაზე კარგი ბიზნესწინადადება იქნა შემოთავაზებული", - განაცხადა დიმიტრი კალანდაძემ.
Volvo Trucks-ში აცხადებენ, რომ კომპანია საქართველოში განვითარებას გეგმავს. კომპანიის ვიცე პრეზიდენტის, ტორბიორნ უილსონის თქმით, საქართველოში ბიზნესის განვითარების დიდი პოტენციალია. მისივე შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინვესტორებისათვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ბაზარზე შემოსვლა. იმედია, სხვა კომპანიები, რომლებიც არიან მძიმე მრეწველობაში, დაინტერესდებიან "ვოლვოს" პროდუქციით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროდუქტი წარმოდგენილი იყოს არა მხოლოდ რუსეთში, თურქეთში, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც ამის საჭიროება არსებობს. ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით 130 ქვეყანაში გვაქვს წარმომადგენლობა. ვიცით, გაგვიგია, რომ საქართველოში საინვესტიციო კლიმატი უმჯობესდება. ვიცით, რომ საქართველოში შემოსვლით ბევრი უცხოური კომპანია არის დაინტერესებული. რა თქმა უნდა, ჩვენც მათ შორის ვართ. ბევრ კომპანიას აქვს კარგი პროდუქცია, მაგრამ მთავარია იყო პირველი", - განაცხადა ტორბიორნ უილსონმა.
კაზრეთში, სატვირთო მანქანების გადაცემის ცერემონიაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, შოთა მურღულია იმყოფებოდა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ იყოს კონკურენცია, ქართულ ბაზარზე იყოს დიდი არჩევანი, დასაქმდნენ მოქალაქეები და სახელმწიფოს კონკურენციის შედეგად, შესაბამისი დანაზოგი გაუჩნდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში კონკრეტული სამუშაოებისთვის ადაპტირებული ტექნიკა შემოვიდა.
სატვირთო მანქანა Volvo FMX-ი აღიარებულია, როგორც ყველაზე საიმედო ტექნიკა კარიერში სამუშაოდ. აღნიშნული მანქანები კარიერებში და სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებისთვის არის განკუთვნილი. თვითმცვლელის სპეციფიკაცია გამოირჩევა საბურავების ბაზით 8x4-ზე (4 ღერძი, 8 საბურავი, 4 წამყვანი თვლებით). აღნიშნული მონაცემები უზრუნველყოფს თვითმცვლელის ძარის მეტ მოცულობას და ტვირთამწეობას, ზრდის სატვირთო მანქანის ეფექტურობას (მაგალითად გადააქვს უფრო მეტი ტვირთი, ვიდრე 3-ღეძიანს). სატვირთო მანქანები აღჭურვილია Volvo Trucks-ის დაპატენტებული გამოგონებით Volvo Engine Brake, რომელიც უზრუნველყოფს სამუხრუჭე სისტემის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას, უზრუნველყოფს ეფექტურ დამუხრუჭებას და საწვავის ეკონომიას.
საქართველოში Volvo-ს დილერი კომპანა "პრემიერ მოტორსი" იქნება.
Volvo Trucks-ი საავტომობილო ინდუსტრიაში სიდიდით მეორე მწარმოებელი კომპანიაა სატვირთო და სატრანსპორტო სფეროში. კომპანიაში წარმოებული სატვირთო მანქანების 95% მძიმე ტექნიკის სეგმენტს წარმოადგენს და 16 ტონას აღემატება. Volvo Trucks-ი სატვირთო მანქანებს მსოფლიოს 140 ქვეყანაში ყიდის. კომპანიის საწარმოები შვეიცარიაში, ბელგიაში, ბრაზილიასა და აშშ-ში მდებარეობს.
რაც შეხება კომპანია RMG Copper-ს (ყოფილი მადნეული). აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული ქართული კომპანიაა და მსოფლიო ბაზარზე მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა. RMG Copper-ი სპილენძის კონცენტრატის ერთადერთი მწარმოებელი ქართული კომპანიაა და ქართული ექსპორტის 5%-ს წარმოადგენს. კომპანიაში 2 000 თანამშრომელია დასაქმებული. RMG Copper-ი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქველმოქმედო პროექტებს და ამ საქმისთვის წელიწადში რამდენიმე მილიონს ხარჯავს.
(R)