თსუ-მ ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია დააწესა

თსუ-მ ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია დააწესა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალებიდან 73-ე წლისთავზე თსუ-ს რექტორმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, ივანე ჯავახიშვილის შთამომავლებმა, სტუდენტებმა, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ივანე ჯავახიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

ღონისძიებაზე თსუ-ს რექტომა ვლადიმერ პაპავამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის დაწესებაზეც ისაუბრა.

მისივე თქმით, სწორედ ამ დღეს დიდი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტში ლექციის კითხვის დროს გარდაიცვალა. უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება და უცხოელი მეცნიერებისთვის ქართველოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საერთაშორისო პრემია დააწესა, რომელიც კიდევ ერთხელ უკვდავყოფს ამ სასიქადულო მამულიშვილის სახელს.

ამასთან, ივანე ჯავახიშვილის დაბადების თვეს - აპრილში, ყოველწლიურად გაიმართება დიდი სამეცნიერო ფორუმი, რომელიც მის ხსოვნას მიეძღვნება.

"უნივერსიტეტმა საინტერესო ინიციატივით აღნიშნა ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალების დღე - დაწესდა ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართველოლოგიისადმი დაინტერესება გაიზრდება, ხელს შეუწყობს ქართველოლოგიის პოპულარიზაციას. ეს მიმართულება ყოველთვის ძლიერი იყო თსუ-ში. ივანე ჯავახიშვილის დიდი დამსახურებაა ის, რომ მან საფუძველი ჩაუყარა არა მარტო ქართველოლოგიის მიმართულების დიდ სკოლას, არამედ ყველა იმ დარგს, რომელიც უნივერსიტეტში ისწავლება", _ აღნიშნა ივანე ჯავახიშვილის შთამომავალმა გიორგი ჯავახიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს