არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, შესაძლოა, მშობელს ჯარიმა აღარ დაეკისროს. შესაბამისი ცვლილება "სისხლის სამართლის კოდექსში" შედის , რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად ჯარიმის კონცეპტუალურ ცვლილებებსაც ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, გაუქმებულია არასრულწლოვნისთვის დაკისრებული ჯარიმის მშობლისთვის დაკისრების შესაძლებლობა.
გარდა ამისა, შემუშავებულია დღიური ანაზღაურების სისტემა, განსაზღვრულია მაქსიმალური ზღვარი დანაშაულის კატეგორიებისა და მიღებული/მისაღები შემოსავლის მიხედვით. გათვალისწინებულია ჯარიმის განწილვადების შესაძლებლობა, როცა ის არ არის გათვალისწინებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით.
ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 10 დღიური ანაზღაურება, ხოლო მაქსიმალური ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში 360 დღიური ანაზღაურება, მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - 720 დღიური ანაზღაურება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - 1 080 დღიური ანაზღაურება. ჯარიმის მინიმალურ ანაზღაურებას შეესაბამება 10 ლარი.
დღიური ანაზღაურების ჯამური ოდენობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრება ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში 10 000 ლარით, ხოლო თუ დანაშაულის შედეგად მიღებული/მისაღები შემოსავალი აღემატება ამ თანხას ასეთი შემოსავლის სამმაგი ოდენობით. ხოლო მძიმე დანაშაულის შემთხვევაში 100 000 ლარით ან დანაშაულის შედეგად მიღებული/მისაღები შემოსავლის ხუთმაგი ოდენობით. განსაკუთრენით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში კი 1 მილიონი ლარით ან მიღებული/მოსაღები შემოსავლის ათმაგი ოდენობით.
ამასთან, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიყენებული ზიანის სასჯელის მოსალოდნელი შედეგისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლებითა და სხვა გარემოებებით. ჯარიმა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი გათვალისწინებულია ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით. თუკი სასამართლო ჩათვლის, რომ მსჯავრდებულს მისი პირადი ან ქონებრივი მდგომარეობის გამო არ შეუძლია ჯარიმის ერთიანად გადახდა, ის უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ჯარიმის დანაწილვადების შესახებ. ჯარიმის ნაწილ-ნაწილ გადახდის უფლებას სასამართლო მიანიჭებს აგრეთვე იმ მსაჯვრდებულებს, რომლებიც სხვაგვარად ვერ შეძლებს დანაშაულით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. თუ მსჯავრდებული ზედიზედ რამდენჯერმე დაარღვევს ჯარიმის გადახდისთვის დადგენილ ვადას, სასამართლოს შეუძლია მას დააკისროს ჯარიმის გადაუხდელი ნაწილის ერთიანად გადახდა.
გარდა ამისა, თუ მსჯავრდებული თავს არიდებს ჯარიმის გადახდას, ან თუ გადახდევინება შეუძლებელია, ჯარიმა შეიცვლება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით. მიუხედავად იმისა, რომ ითვალისწინებს თუ არა ამას კოდექსის კერძო ნაწილი შესაბამისი მუხლის სასჯელის ამ სახეს.
იუსტიციის სამინსიტრო სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციაზე უკვე ერთი წელია მუშაობს. ცვლილებები დღეს სასტუმრო "შერატონ მეტეხში პალასში" განიხილეს.