საქართველო Game jam-ის ფესტივალს შეუერთდება

საქართველო, 22 თებერვალს, მთელი მსოფლიოს გარშემო მიმდინარე Game jam-ის ფესტივალს შეუერთდება. Game jam-ის ორგანიზატორებმა ფესტივალთან დაკავშირებით და ინტერაქტიული აპლიკაციების ინდუსტრიის განვითარების საკითხებზე "ინტერპრესნიუსის" ოფისში პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, გლობალური Game jam მსოფლიოს ყველაზე დიდი მოვლენაა კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიაში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება. წინასწარ შედგენილი გუნდები შექმნიან თამაშებს, ჩაატარებენ მათ პრეზენტაციას, საუკეთესოებს კი ფასიანი პრიზები გადაეცემათ.

"Game jam არის ერთგვარი შეჯიბრება, კონფერენცია, სადაც ამ დარგში მომუშავე სპეციალისტები ერთმანეთს ხვდებიან, ინფორმაციას უცვლიან და ამავე დროს ხდება შეჯიბრების ჩატარება, რომელიც 2-3 დღის განმავლობაში გრძელდება. აქ შექმნილ პროდუქტებს სერიოზული უცხოური კომპანიები დაარეკლამებენ და უცხოურ ბაზარზე გაიტანენ", - აღნიშნა IGDA Georgia-ს წარმომადგენელმა ირაკლი ქოქრაშვილმა.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქაშიბაძემ განაცხადა, კომპიუტერული ინდუსტრიის განვითებას ხელს უწყობს Game jam-ის მსგავსი ფესტივალების გამართვა.

მისივე თქმით, კომპიუტერული თამაშის შექმნის პროცესში დასაქმებულია რამდენიმე პროფესიის ადამიანი, რაც სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.

"ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. უკვე შექმნილია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც 5 მარტის შემდეგ გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევით ჩაერთვება მსგავსი ტიპის ინოვაციური ინდუსტრიების განვითარების პროცესში. სასიხარულოა, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ დარგის განვითარებით. ჩვენ მსგავსი ტიპის ინიციატივებს და მსგავს პიროვნებებს მხარს დავუჭერთ", - აღნიშნა ქაშიბაძემ.

"აიტი ინკუბატორის" დირექტორის, ნიკოლოზ როსტომაშვილის განცხადებით, ფესტივალის გამარჯვებულებს გადაეცემათ ფასიანი პრიზები და, რაც მთავარია, მიიღებენ პროფესიულ განვითარებას.

"ინტერაქტიული აპლიკაციების შექმნის ინდუსტრია არის ყველაზე დიდი. ამ ინდუსტრიის განვითარებით ეკონომიკის ზრდას შეეწყობა ხელი. ეს ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს და სხვადასხვა მიმართულების განვითარებას. ამ ერთი დარგის განვითარებით ძალიან დიდი მაკროეკონომიკური სარგებელის ნახვა შეიძლება. რაც შეეხება კონკურსს, ის ითვალისწინებს ფასიან საჩუქრებს, მხარდაჭერას, პროფესიულ განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი მოვიდეს, ჩაერთოს ამ ღონისძიებაში. ყველანაირად გახსნილი ფორმატია, გადასახადი არ არის და ყველას ეძლევა შესაძლებლობა, რომ წარმოაჩინოს საკუთარი თავისი პროდუქტის შექმნით", - აღნიშნა როსტომაშვილმა.

კომპიუტერული გრაფიკის განვითარების ასოციაციის "CG Georgia" გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგოჭურის თქმით, ეს ღონისძიება იქნება ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვითარდება საქართველოში კომპიუტერული ინდუსტრია.

"კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვინაიდან არის პოტენციალი ამ სფეროს განვითარების, გადავწყვიტეთ, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს. ღონისძიებაზე უნდა მოვიდეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაინტერესებულია ამ სფეროთი. უნდა მოვიდნენ და ნახონ, რადგან ეს ღონისძიება იქნება ნათელი მაგალითი იმის, თუ რა ხდება საქართველოში ამ კუთხით", - აღნიშნა გოგოჭურმა.

Game jam-ის ფესტივალს "ექსპო ჯორჯია" უმასპინძლებს. ამჟამად უკვე დარეგისტრირებულია 189 მონაწილე, რომლებიც პროფესიონალი პროგრამისტები, ინოვატორები და, რა თქმა უნდა, ახალი ტალანტები არიან.

ღონისძიების დეტალებს რაც შეეხება, ფინალურ უიქენდზე მაქსიმალური გუნდების რაოდენობაა 10, თითოეულ გუნდში მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა 5 ადამიანია, პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები პრიზებს მიიღებენ. გუნდი შეფასდება ჟიურის მიერ.

გლობალური "გეიმ ჯემი" მსოფლიოს ყველაზე დიდი მოვლენაა კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიაში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება.

მოვლენის ფორმატი და მსვლელობა ასეთია: ყველა დაინტერესებული პირი ერთ დიდ დარბაზში იკრიბება; წინასწარ დარეგისტრირებული პიროვნებები საკუთარი თამაშის შექმნის იდეის შესახებ პრეზენტაციას ატარებენ; პრეზენტაციების საფუძველზე იკრიბება გუნდები და იწყება გუნდების მიერ პრეზენტაციაში მოცემული იდეის ამოცანად ქცევა და შესრულების დაწყება; 32 საათის შემდეგ ნამუშევრების წარდგენა და შეფასება/გამარჯვებულების დაჯილდოვება ხდება.

გლობალური "გეიმ ჯემი" (GGJ) ყოველწლიური მოვლენაა, რომლის სათავეში ინტერნაციონაური თამაშების შემქმნელების ასოციაციაა (IGDA).

2013 წლის იანვარში, 309 ლოკაციის ადგილას, 63 ქვეყანაში 3000-ზე მეტი თამაში მხოლოდ ერთ შაბათ-კვირას შეიქმნა.

ღონისძიების მთავარი სპონსორი და ორგანიზატორი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი