თბილისის მერიის შენობის მოპირდაპირე მხარეს, გაფიცულმა მეხანძრე-მაშველებმა ორი კარავი გაშალეს. დაახლოებით 15-მდე მეხანძრემ დღეს თბილისის მერიის შენობასთან ჯერ აქცია-ბრიფინგი გამართა, შემდეგ კი შენობის მეორე მხარეს გადაინაცვლა, სადაც ორი კარავი გაშალა.
აქციაზე მეხანძრე-მაშველებმა თბილისის მერიას საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის, თემურ გიორგაძის და მისი დის შვილის, სააგენტოს ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების უფროსის, ლევან ჩხიკვაძის თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვეს.
მაშველების განცხადებით, თემურ გიორგაძე კრიმინალია, პერიოდულად სამსახურში ზონდერების გადამზადება ხდებოდა, რომ მიტინგები დაეშალათ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მორიგე ცვლის უფროსმა გიორგი დიასამიძემ განაცხადა, მან პირადად იმუშავა თემურ გიორგაძის აგარაკზე და ამ ფაქტების შესახებ თბილისის მერიამ იცის.
გაფიცული მეხანძრე-მაშველები აცხადებენ, რომ მათი ნაწილი აქციას აგრძელებს მერიის საგანგებო და გადაუდებელი მართვის სააგენტოს შენობასთან, ნაწილი კი დღეიდან აქციას გააგრძელებს მერიის მოპირდაპირე მხარეს და ყოველ დილით სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ მერიის თანამშრომლებს.
გაფიცულების თქმით, პერიოდულად შიმშილობის აქციაში დაახლოებით 30-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა, თუმცა ამ შიმშილობას არანაირი შედეგი არ გამოუღია და მხოლოდ მათი ჯანმრთელობა დააზიანა.
დღეს მეხანძრე-მაშველების გაფიცვის დაწყებიდან 29-ე დღეა. მეხანძრე-მაშველები ამ აქციის გაგრძელებას თვითმმართველობის არჩევნებამდე აპირებენ.
დღესვე თბილისის მერია მაშველების აქციას გამოეხმაურა. როგორც მერიის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ კობა ბრეგვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სააგენტოში შექმნილია ჯგუფი მაშველებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. სააგენტოს ხელმძღვანელობა გაფიცულებს სთავაზობს სასამართლოს გზით აღიდგინონ სამსახურში თავი.
კობა ბრეგვაძის თქმით, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ რომელიმე მაშველი არასწორად იყო გათავისუფლებული და სამსახურში აღდგენას მოითხოვს, სააგენტოს ხელმძღვანელობა სასამართლო ინსტაციაში არ გაასაჩივრებს და ასეთი პირი სამსახურში დაბრუნდება. ასევე მიმართეს იმ პირებსაც, რომლებიც საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდნენ სააგენტოდან. კობა ბრეგვაძის განცხადებით, ამ პირებს შეუძლიათ ხელმეორედ გაიარონ გადამზადება, ჩააბარონ ნორმატივები და მათაც სამსახურში აღადგენენ.
აქციაზე ასევე იმყოფებოდა ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელი ლავრენტი ალანია, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა გაფიცულ მეხანძრე-მაშველებს. ლავრენტი ალანიამ აღნიშნა, რომ სააგენტოს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი დაცინვაა და რეალურად იგი არ იმუშავებს, ამდენად, აქცია მერიის წინ კვლავაც გაგრძელდება.