კათოლიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდი სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს. როგორც ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ბიზნესმენ დავით იაკობაშვილისგან მიღებული 350 000 ლარის შემოწირულობის ფარგლებში, ფონდის მმართველმა საბჭომ რამდენიმე მიმართულების საგრანტო კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს გრანტების მისაღებად ფონდისთვის პროექტების წარდგენის საშუალება მიეცემათ. კონკურსის მიზანი გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევის შედეგების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა, წიგნიერების დონის ამაღლება, ანალიტიკური აზროვნების განვითარებაა.

ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, გამოცხადებულია კონკურსი მოზარდებში ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების განვითარების სასწავლო პროგრამის შესაქმნელად. ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების პროექტებზე გათვალისწინებული იქნება 60 000 ლარი.

მეორე მიმართულებაა სასწავლო გრანტები, რაზეც 20 000 ლარის დახარჯვა იგეგმება. კერძოდ, კონკურსი ცხადდება სადოქტორო და სამაგისტრო სწავლებისათვის რეგიონებში არსებული აგრარული უმაღლესი სასწავლებლების წარმატებული სტუდენტებისათვის. ამ მიმართულებით გამოყოფილი იქნება 8 გრანტი. პრიორიტეტი მიენიჭება სამაგისტრო სწავლების მეორე წელს და სადოქტორო სწავლების მესამე წელს. ასევე გამოცხადებულია კონკურსი სასწავლო გრანტის მისაღებად სახელოვნებო (სამუსიკო, სამხატვრო) უმაღლესი სასწავლებლების წარმატებული სტუდენტებისათვის.

ყველაზე დიდი თანხა, 150 000-175 000 ლარამდე გამოყოფილი იქნება აგროინჟინერიასა და აგრომეცნიერებებში თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრების კუთხით. პრიორიტეტი ინოვაციებს მიენიჭება. ძირითადად, 6-თვიანი პროგრამები დაფინანსდება. თითოეული მათგანის დაფინანსება 25 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

ამასთან, საღვთისმეტყველო თარგმანების მიმართულებით, კონკურსი უკვე გამოცხადებულია და მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, წარმოდგენილ პროექტებს ფონდის საბჭოს მიერ მოწვეული ქართველი და უცხოელი სპეციალისტები შეისწავლიან. ნაშრომის ავტორის ვინაობა მათ არ ეცოდინებათ. თითოეულ პროექტს ორი სპეციალისტი განიხილავს.

"დამტკიცებულია დებულება, როგორ მოხდება ნაშრომის შეფასება. სპეციალისტს აქვს კრიტერიუმები, რისი მიხედვით რამდენი ქულა უნდა დაუწეროს ამა თუ იმ ნაშრომს", - განმარტა ლაშა ჟვანიამ.

მისივე ინფორმაციით, გარკვეული ქულების გადალახვის შემთხვევაში პროექტი საჯარო განხილვაზე გავა. აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისისთვის სპეციალისტების მოსაზრებების მოსასმენად ფონდის საბჭო შეიკრიბება, პროექტის წარმომდგენებს საკუთარი ნაშრომის აღწერისა და დასაბუთების შესაძლებლობა ექნებათ. შემდგომში პატრიარქის ხელმძღვანელობით ესა თუ ის პროექტი საბჭოზე განიხილება.

პროექტების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება დღეიდან, ყოველდღე, შაბათ-კვირისა და ოფიციალურად გამოცხადებული დასვენების დღეების გარდა, 2014 წლის 11 აპრილის 18:00 საათამდე, მისამართზე თბილისი, რუსთაველის გამზირი #21.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდსა და ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს შორის 2013 წლის 24 დეკემბერს ხელი მოეწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიხედვით, პატრიარქის ფონდი სამეცნიერო-საგრანტო კონკურსს იწყებს. ამ მიზნით 350 000 ლარია გათვალისწინებული. საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს შეუძლიათ პროექტების დასაფინანსებლად ფონდს მიმართონ სამ მიმართულებაში - აგრარული მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები და კულტურის სფერო.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია